დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017404 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1259
2014 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მესტიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები (შემდგომში − მუნიციპალიტეტები) სამი თვის ვადით გათავისუფლდნენ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან, ამავე დანართით დადგენილი კოორდინატების ფარგლებში.
2. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენონ მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხის გადახდა:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტმა – 499 ლარი (2850 მ3 ქვიშა-ხრეში);
ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტმა – 1584 ლარი (8800 მ3 კირქვის ღორღი, ტუფის ღორღი, ტუფობრექჩია, გრანიტოიდები).
5. მუნიციპალიტეტებმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინონ ინფორმაცია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის შესახებ.
6. მუნიციპალიტეტების მიერ, ამ განკარგულების შესაბამისად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები