„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4685, 07/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.002.803
  • Word
4685
27/04/2007
სსმ, 4685, 07/05/2007
300.250.000.05.001.002.803
„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დისტანციური ზონდირება – სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი;

თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) – სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გეოინფორმაციული ფონდი – სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, თემატიკური და სხვა დანიშნულების რუკები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც ექვემდებარება გასხვისებას;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობა განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ცალკეული დარგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნილებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა;“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;

გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;

დ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება;

ე) იმ ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების (შესაბამისი დანართებით) შეთანხმება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან;

ვ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“.

4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთით, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით, ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3. სხვა მიზნებისათვის განსახორციელებელ გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას აფინანსებენ გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული პროდუქციის დამკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირები.

4. სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების სახელმწიფო დამკვეთია სამინისტრო, ხოლო სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოებისა – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო.

5. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შემსყიდველი ორგანიზაციები იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან, სამუშაოთა დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული არიან აღნიშნული სამუშაოების შესყიდვების დაწყებამდე სამინისტროდან მიიღონ წერილობითი ინფორმაცია სამუშაო ობიექტის თაობაზე არსებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შესახებ.

    მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი

1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება სამინისტროში.

2. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია.

3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივ, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს სამინისტრო.

5. თავდაცვის სფეროში არსებულ გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს განკარგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

7. „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა შესაძლებელია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ.

10. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სახსრებით შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემების, აერო- და კოსმოსური გადაღების მასალებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის კოპირება (ციფრირება) და გამრავლება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, რეალიზაციის ან მესამე პირისთვის გადაცემის მიზნით, აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოს თანხმობის გარეშე, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება ეს მონაცემები და მასალები.

11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

    მუხლი 10. საავტორო უფლება გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელების შედეგად შექმნილ პროდუქციაზე

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სახსრებით შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გრავიმეტრიული და აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემების განსაკუთრებული უფლების მფლობელია სახელმწიფო, ხოლო ამ უფლების მართვას ახორციელებს სამინისტრო „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი და მისი მართვა

1. ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად იქმნება გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი, რომელსაც განკარგავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სივრცული ინფორმაციის ცენტრი.

2. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციული ფონდი იქმნება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული პროდუქციის გეოინფორმაციულ ფონდში არსებული მონაცემებისა და მასალების გაცემის საფასური განისაზღვრება „სივრცული ინფორმაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. საფასური ჩაირიცხება სივრცული ინფორმაციის ცენტრის ანგარიშზე და მთლიანად მოხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.“.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სახელმწიფო საკუთრება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღებისა და გრავიმეტრიული მონაცემები, სახელმწიფო საკუთრებაა.“.

8. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს თავდაცვისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3. სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცემა გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი.“.

10. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. მე-17 მუხლის მე-2–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გეოდეზიური პუნქტების გარე ნიშნების მოხსნა ან ცენტრების სხვა ადგილზე გადატანა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს თანხმობით.

3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობს გეოდეზიური პუნქტები, ვალდებული არიან სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს აცნობონ გეოდეზიური პუნქტების ნებისმიერი დაზიანების ან ამ პუნქტების მოსპობის შესახებ, აგრეთვე გეოდეზიური სამუშაოების მწარმოებელს მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება.“.

12. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2008 წლის 1 იანვრამდე მიღებულ (გამოცემულ) იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს კანონი „სივრცული ინფორმაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე“.“.

13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 101 მუხლის მე-3–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს „სივრცული ინფორმაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4685–Iს