საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.002.360
  • Word
3452
14/07/2006
სსმ, 30, 27/07/2006
030.000.000.05.001.002.360
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

 საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII4 თავი:

„თავი VII4. ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით

    მუხლი 2116. მოსამართლის ბრძანება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ

1. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ფსიქიატრიული დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 2117. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი.

2. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში.

3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას, რომელიც პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა. შ.) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი შეადგინა პოლიციის თანამშრომელმა.

    მუხლი 2118. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 24 საათის ვადაში.

2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი, ან ასეთის არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი იმყოფება.

3. მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ნათესავის შეკითხვებს. პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ან ნათესავის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.

4. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრები, რომელთა დასკვნის საფუძველზედაც მიმართა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოს, აგრეთვე სხვა პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს მიმართვას. პაციენტი, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს, მის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან/და ნათესავს უფლება აქვს სასამართლოს მისცეს განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.

5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, სტაციონარში მოთავსების შესახებ.

6. თუ არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების კანონით დადგენილი საფუძვლები, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ. ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.

7. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მიეთითება:

ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ბრძანებაში, როგორც წესი, მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რასაც ადგენს შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისია დასკვნის საფუძველზე;

ზ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება;

თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:

ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

ბ) მოსამართლის გვარი;

გ) ფსიქიატრიული დაწესებულება, რომლის ადმინისტრაციამაც წარადგინა სასამართლოში მიმართვა;

დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;

ე) განკარგულება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებაზე უარის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, და იმ პირის ვინაობა, რომელიც უნდა მოთავსებულიყო სტაციონარში (თუ პირის ვინაობა დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფაქტი ან მონაცემი, მაშინ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება – „არაიდენტიფიცირებული პაციენტი №......“ და განხილული ადმინისტრაციული საქმის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით მას მიენიჭება პირობითი ნომერი);

ვ) ფსიქიატრიული დაწესებულება (მისი ხელმძღვანელი), რომელმაც უნდა შეასრულოს დადგენილება;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

9. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება სამ ცალად, რომელთაგან ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ ფსიქიატრიულ დაწესებულებას, მეორე – პაციენტს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ნათესავს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

10. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება აქვს სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე გამოითხოვოს თავისი მიმართვა.

11. მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე.

    მუხლი 2119. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. სტაციონარში მოთავსების ვადა აითვლება პირის სტაციონარში მოთავსებიდან.

2. პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულება უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2118 მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.

3. იმ შემთხვევაში, თუ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები ამოიწურა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ან/და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან. გადაწყვეტილებას პაციენტის გაწერის შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

    მუხლი 2120. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება

1. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) შეიძლება გაასაჩივროს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საჩივარი მოსამართლის დასაბუთებული ბრძანების (დადგენილების) გაუქმების შესახებ შეიტანება ბრძანების (დადგენილების) გამომცემ (გამომტან) სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები გადაეგზავნება მეორე მხარესაც.

3. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

4. საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით; ამასთანავე სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის მონაწილე ერთ-ერთი მხარე.

5. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით, ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას – დადგენილებით.

6. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

 მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 ივლისი.

№3452_რს