ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016141
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25
2014 წლის 21 ივლისი

ქ.ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

'ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 'გ.ბ' ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 'ა.ბ'  ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ  ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილების და მომართვების განხილვას; გამგებლის და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას; ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით; შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის და ინსტრუქციების საფუძველზე. გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს. დაუშვებელია სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება 2 განყოფილებისაგან:

ა) იურიდიული კონსულტირებისა და სასამართლო საქმეთა წარმოების განყოფილება;

ბ) კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

3. განყოფილების საჯარო მოხელეებია:

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების უფროსებსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.


მუხლი 4. განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმის და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმიანობას;

ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებისთ და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით განახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.


მუხლი 5. იურიდიული კონსულტირებისა და სასამართლო საქმეთა წარმოების განყოფილება
1. განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის, გამგეობის თანამდებობის პირების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და კოორდინაციას უწევს პროექტების შეთანხმების პროცესს;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებას გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე გამგეობის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;

ე) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადებას გამგეობის სქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ზ) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ი) გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას.


მუხლი 6. კონტროლისა და შიდა აუდიტის განყოფილება
 1. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება;

გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, სამსახურის უფროსის მიერ გამგებლისათვის წარდგენის მიზნით;

დ) გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ე) გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება;

ვ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

2. განყოფილება უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

ბ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;

გ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურის უფროსს მიაწოდოს ინფორმაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;

დ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამისულებანი.

3. განყოფილება ვალდებულია:

ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის/ინსპექტირების მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;

ბ) ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიუ ლი პირების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამგებლისათვის წარსადგენად.


მუხლი 7
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.

2. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

3. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.