დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3394 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 17/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.090.000.05.001.002.334 |
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;“.
მუხლი 2
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის წესის შემუშავება და მისი დამტკიცება არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3394–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები