საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.316
  • Word
3309
20/06/2006
სსმ, 25, 13/07/2006
080.000.000.05.001.002.316
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1431 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, იძულებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის გზით იმ პირის თანხმობის მიღწევა, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, აგრეთვე ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ბ) არაერთგზის;

გ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ;

დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლისა და 1432 მუხლის მიზნებისათვის ექსპლუატაციად ითვლება პირის გამოყენება იძულებითი შრომისათვის ან მომსახურებისათვის, მისი დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება, აგრეთვე პირის გამოყენება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვისათვის ანდა სხვა მიზნით. პირის ჩაყენება მონობის თანამედროვე პირობებში გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების, აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ან/და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. პირის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება.“.

2. 1432 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.“.

3. 344-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ეს მუხლი აგრეთვე არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“.

4. 362-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 362. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება

1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.“.

5. 371-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 371. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა

მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.“.

6. 375-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული, და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელი პირი.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 20 ივნისი.

№3309–Iს