დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017183 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №878
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კ.მ-ზე (ყოფ. გაი) მდებარე 1929.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 71.63.59.107) და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები: №1 – საერთო ფართით 444.52 კვ.მ; №2 - საერთო ფართით 77.13 კვ.მ; №3 - საერთო ფართით 71.48 კვ.მ; №4 - საერთო ფართით 7.58 კვ.მ; №5 - საერთო ფართით 1.07 კვ.მ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ (ს/კ: 200075113).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, ტურისტული მომსახურების კომპლექსის მშენებლობის დასრულება, აღნიშნული კომპლექსის შემადგენელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობ(ებ)იდან, მისი ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, სახელმწიფოსათვის არანაკლებ 30 კვ.მ ფართობის, უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;
ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, ტურისტული მომსახურების კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება;
ვ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სავაჭრო ფართ(ებ)ის სარგებლობის უფლებით გადაცემა არანაკლებ 5 წლის ვადით, მათ შორის, აღნიშნული ფართ(ებ)ის სარგებლობის უფლებით გადაცემიდან პირველი 1 წლის განმავლობაში – უსასყიდლოდ.
3. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ სამი თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები