დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შპს „გიო“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/4992-14 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 14/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/4992-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „გიო”
წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”გიოს” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა შპს „გიოს” (ს/კ 234214882) წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ და მოითხოვა შპს „გიოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „გიო” (ს/კ 234214882) წარმოადგენს დავით კამლაძის 49 %-იანი, ვალერი ირიაულის 49%-იანი და ავთანდილ კოროშინაძის 2%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. საწარმოს კრედიტორი არის სსიპ _ შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც 2014 წლის 20 მარტის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება ჯამურად 213 856,39 (ორას ცამეტი ათას რვაას ორმოცდათქევსმეტი მთელი ოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგასულ დღეზე ერიცხება საურავი 0,06%-ის ოდენობით. განცხადებაში მითითებულია, რომ დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი აქტით საწარმოს მთლიან ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა და იპოთეკა. საწარმოს 2013 წლის ნოემბრიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, ყოველდღიურად უარესდება მისი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მითითებით, 2014 წლის 11 მარტის მდგომარეობით, შპს „გიოს” სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. დღეის მდგომარეობით, კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. განმცხადებლის მითითებით საწარმოს სახელზე არ ირიცხება არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 აპრილის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „გიოს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „გიოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 01 აპრილის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 8 აპრილს, განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „გიოს” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „გიოს” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „გიოს” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გიო” (ს/კ 234214882) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”გიოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები