„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2398-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.017437
2398-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
400060000.05.001.017437
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სახელმძღვანელო დოკუმენტები – საქართველოს კანონმდებლობა, საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ახორციელებს სადღეღამისო ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს სპეციალური რადიოკავშირისა და ელექტრონული საშუალებებით, მორიგეობს რადიოეთერში და მონიტორინგს უწევს გემების მოხსენებათა სისტემაში მონაწილეობას.

3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო რაიონში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფოების, სანაოსნო კომპანიებისა და საზღვაო ნავსადგურების სამაშველო ძალების მონაწილეობით ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებასა და შველას, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი შედგება ცენტრის უფროსის, მისი მოადგილის, მორიგე კოორდინატორის, მორიგე რადიოოპერატორისა და უფროსი მექანიკოსისაგან, აგრეთვე ტექნიკური პერსონალისაგან, ოპერატიული შტაბისა და ექსპერტთა ჯგუფისაგან.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები.

8. ექსპერტთა ჯგუფს შეადგენენ მოწვეული საზღვაო სპეციალისტები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ინჟინრები, ჰიდრომეტეოროლოგები, ექიმები, ქიმიკოსები, მეხანძრე-მაშველები, ჰიდროლოგები, ეკოლოგები და ა. შ.).“.

3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ამოწმებს საქართველოს ნავსადგურებში და საძიებო-სამაშველო ერთეულებზე არსებულ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო აღჭურვილობას.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ან მორიგე კოორდინატორი, რომელსაც ევალება:

ა) მიიღოს ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის შესახებ და შეაფასოს იგი ავარიული სტადიების შესაბამისად;

ბ) გაარკვიოს, ექსტრემალური მოქმედებისათვის აუცილებელი მოწყობილობებიდან რომელია განსაცდელში მყოფ გემზე;

გ) ჰქონდეს ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე;

დ) გაარკვიოს გემების გადაადგილება და ადგილსამყოფელი, აცნობოს მათ შესაძლო საძიებო-სამაშველო რაიონის შესახებ;

ე) აღნიშნოს რუკაზე საძიებო-სამაშველო რაიონი და მიიღოს გადაწყვეტილებები საძიებო-სამაშველო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ;

ვ) შეიმუშაოს საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები;

ზ) უცხო ქვეყნების საძიებო-სამაშველო ცენტრებთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციას;

თ) ორგანიზება გაუწიოს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ინსტრუქტირებას და მიიღოს მისგან ინფორმაცია;

ი) შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწორებები შეიტანოს შესაბამის გეგმაში;

კ) განალაგოს პერსონალი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო სქემით;

ლ) ორგანიზება გაუწიოს გადარჩენილთათვის გათვალისწინებული დახმარების საშუალებების დროულად მიწოდებას;

მ) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და სიზუსტით აწარმოოს სამორიგეო ჟურნალი;

ნ) შეადგინოს პატაკები;

ო) კოორდინაცია გაუწიოს საძიებო-სამაშველო საშუალებების საჭიროებისამებრ გამოყენებას;

პ) მოამზადოს დასკვნითი მოხსენება უბედური შემთხვევის შესახებ.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„1. სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოქმედებათა კოორდინაცია

სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებული არიან, საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელების მიზნით უზრუნველყონ თავიანთი მოქმედებების კოორდინაცია.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2398-IIს