საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4322
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.732
  • Word
4322
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
020.080.000.05.001.002.732
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საბაჟო წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.

2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.“.

2. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (რომლებიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ) საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების ხელმძღვანელებს;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით – სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს, უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს, გაფრთხილების სახით;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1973 მუხლით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას.

3. ოქმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი

№4322–რს