დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016129 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ქ“ ქვეპუნქტი: „ქ) ფინანსური ინსტრუმენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტი.“. 2. მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 და მე-11 პუნქტები: „10. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის გახსნის შესახებ განაცხადად ჩაითვლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით კომერციული ბანკისათვის გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა ანგარიშის გახსნის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა კომერციულ ბანკში გაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამისი პირის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის იდენტიფიკაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია პირის უფლებამოსილი წარმომადგენილის ვინაობის გადამოწმება (ვერიფიკაცია) განახორციელოს სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.“. 3. 81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) რომელთა იდენტიფიკაციისას და მათი ვინაობის გადამოწმებისას (ვერიფიკაციისას) კომერციული ბანკი, ამ წესის მე–6 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“. 4. 81 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიშის გასახსნელად ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღებამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე საიდანაც განხორციელდა პირველი ჩარიცხვის ოპერაცია.“. 5. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი: „4. ანგარიშის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად გახსნის შემთხვევაში, ანგარიშის გამხსნელ კომერციულ ბანკში პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენილის მისვლამდე, ამ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ წარადგენს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება ანგარიშის მფლობელ პირს.“. 6. მე–10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციული ბანკისათვის ანგარიშის გახსნის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაგზავნილი ელექტრონული მიმართვა დამოწმებული უნდა იყოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“. 7. მე–11 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი: „21. საბანკო ოპერაციების უცხოური ვალუტით განხორციელებასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების (მათ შორის, სესხის ან დეპოზიტის) ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, ასევე პროცენტული გამოხატულების მქონე პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმის გადახდის ოპერაციებზე.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები