საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2185-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017384
2185-IIს
04/04/2014
ვებგვერდი, 16/04/2014
080000000.05.001.017384
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3232 მუხლი:

მუხლი 3232. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა

1. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ან/და უცხო ქვეყნის ან მისი ორგანოს, პირთა ჯგუფის ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საერთაშორისო ტერორიზმი გულისხმობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული „საერთაშორისო ტერორიზმის“ განმარტებით გათვალისწინებულ ტერორისტულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა გულისხმობს შესაბამისი პერსონალის შერჩევას, წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის შეძენას, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ლოგისტიკური, სადაზვერვო ან ფუნქციონალური დახმარების გაწევას, ტერორისტის პირადი დაცვით უზრუნველყოფას ან სხვა სამხედრო ხასიათის მომსახურებას.“.

2. 327-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 327. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა

1. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

2. ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ან აღნიშნული ორგანიზაციის სახელით ან მისი საქმიანობის ხელშეწყობის ან წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე. 

3. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, – 

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3271 მუხლი:

მუხლი 3271. ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირება

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის პირის გადაბირება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

4. 328-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 328. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

5. 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;

ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;

გ) ჯგუფურად;

დ) არაერთგზის;

ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.“.

6. 3291 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;

ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;

გ) ჯგუფურად;

დ) არაერთგზის;

ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ჩვიდმეტ წლამდე.“.

7. 3301 და 3302 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3301. საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ

საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება ან სხვაგვარი მიწოდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი საქმიანობის განხორციელების საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

მუხლი 3302. წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის

 1. ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ან ასეთი საქმიანობის გამოვლენისათვის დაბრკოლების შესაქმნელად, ან/და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ინსტრუქტაჟის გაწევა ასაფეთქებელი, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის გამოყენების ან დამზადების ან მომწამვლელი ან საშიში ნივთიერებების ან/და სხვა სპეციფიკური მეთოდების გამოყენებისა და ტექნიკის დამზადების ან გამოყენების სფეროში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

2. წინასწარი შეცნობით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინსტრუქტაჟის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. სამხედრო ხასიათის წვრთნის ჩატარება ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

4. წინასწარი შეცნობით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წვრთნის გავლა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, წვრთნა ჩაუტარდა და ინსტრუქტაჟი გაეწია პირთა განსაზღვრულ ჯგუფს თუ განუსაზღვრელ ჯგუფს.“.

8. 3311 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და ამ კოდექსის 144-ე, 227-ე, 2271, 2272, 2273, 229-ე, 230-ე, 231-ე, 2311 და 2312 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ან/და წინასწარი შეცნობით ტერორისტისათვის ან ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევა, ტერორისტისათვის სამალავის ან თავშესაფრის მიცემა, ან/და ტერორისტის ან ტერორისტული ორგანიზაციის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“. 

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3312 მუხლი:

მუხლი 3312. ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა

წინასწარი შეცნობით ტერორისტული აქტის განხორციელების, დასრულების ან მასთან დაკავშირებული შედეგების დადგომის აღსაკვეთად გონივრულობის ფარგლებში ზომების მიუღებლობა, თუ ეს საფრთხეს არ უქმნის პირის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 აპრილი 2014 წ.

N2185-IIს