სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-27/ნ
29/04/2014
ვებგვერდი, 29/04/2014
470230000.22.035.016258
სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2014 - 13/08/2015)

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-27/ნ

2014 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 107 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




 

სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

სრულწლოვან პირთა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ეს წესი განსაზღვრავს სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პროცედურას, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.        

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტრო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება (შემდგომში - ანაზღაურება) – ფულადი სახის სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა იმ პირს (ოჯახს), რომელიც შშმ სრულწლოვანს ან საპენსიო ასაკის მქონე პირს გაიყვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას;

დ) სრულწლოვანი - ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე ხანდაზმული ან 18 წლის ზევით მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ე) მზრუნველი - პირი (ოჯახი), რომელიც სააგენტოში დარეგისტრირებულია მზრუნველად და აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ პირობებს;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი - პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) განაცხადი - მზრუნველად დარეგისტრირების თაობაზე სააგენტოში წარდგენილი დადგენილი ფორმის მოთხოვნა;

თ) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

ი) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

კ) სპეციალიზებული დაწესებულება - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალი - ხანდაზმულთა პანსიონატი ან შშმ პირთა პანსიონატი.

 

მუხლი 3. ანაზღაურების პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები

1. სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, რომელიც კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას და ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ანაზღაურების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებას და შეწყვეტას, აგრეთვე, ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზე­ბული საშუალებები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ახორციელებს:

ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული სრულწლოვანის შესაძლო მზრუნველის  გამოვლენას და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;

ბ) სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანილი სრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგს და მათ შესახებ ინფორმაციის სისტემატიზებას;

გ)  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. სოციალური მუშაკი:

ა) ახორციელებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული სრულწლოვანის შესაძლო მზრუნველის და სოციალური გარემოს შეფასებას;

ბ) შეიმუშავებს სრულწლოვანის სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანისათვის სათანადო რეკომენდაციებს და  დასკვნას წარუდგენს რეგიონულ საბჭოს;

გ) აწარმოებს შემთხვევის მართვას და დოკუმენტირებას.

5. რეგიონული საბჭო:

ა) განიხილავს სრულწლოვანის სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად გაყვანის საკითხს, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის გათვალისწინებით;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას მზრუნველისათვის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის შესახებ.

 

თავი II. სრულწლოვანისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობები

 

მუხლი 4. სრულწლოვანისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობები

1. სრულწლოვანი ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს მზრუნველს, რათა მიიღოს ამ წესით დადგენილი მომსახურება;

ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. სრულწლოვანი უფლებამოსილია დამატებით მიიღოს არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მზრუნველი ვალდებულია:

ა) გაიყვანოს სრულწლოვანი სპეციალიზებული დაწესებულებიდან ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა;

ბ) უზრუნველყოს სრულწლოვანის 24 საათიანი მოვლა;

გ) უზრუნველყოს სრულწლოვანისთვის საკვების მომზადება და ჰიგიენა;

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სრულწლოვანისთვის მედიკამენტების მიღების შეხსენება და დაეხმაროს მას ექიმის დანიშნულების შესრულებაში;

ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სრულწლოვანის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში ან შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრში;

ვ)  შეუქმნას სრულწლოვანს სუფთა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო;

ზ) შეუქმნას სრულწლოვანს ოჯახური გარემო;

თ) ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკთან;

ი) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს სრულწლოვანისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;

კ) ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა  აცნობოს სააგენტოს სრულწლოვანის ცხოვრებაში მომხდარი/მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, როგორიცაა:

კ.ა) საცხოვრებელი ადგილის ან საკონტაქტო ინფორმაციის  შეცვლა;

კ.ბ) ცვლილებები ოჯახის შემადგენლობაში;

კ.გ) მატერიალური მდგომარეობის გაუარესება;

კ.დ) შშმ სტატუსის გაუქმება.

4. მზრუნველი უფლებამოსილია:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება;

 ბ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) დამატებით მიიღოს არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. პასუხისმგებლობა მზრუნველის მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებისათვის განისაზღვრება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით.

 

 

თავი III. მზრუნველის რეგისტრაცია, ანაზღაურების ოდენობა, დაფინანსება, დანიშვნა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა

 

მუხლი 5. მზრუნველის რეგისტრაცია

1. მზრუნველის რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. განაცხადს მზრუნველად დარეგისტრირების თაობაზე თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

დ) სოციალური მუშაკის ან ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მზრუნველი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:

ა) იმ პირისა, რომელიც არის სრულწლოვანის მეუღლე, მშობელი, შვილი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი,  ასევე სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობის თანახმად, აკისრია სრულწლოვანის რჩენის ვალდებულება;

ბ) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

გ) იმ პირისა, რომელსაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები:

გ.ა) ტუბერკულოზი (აქტიური და ქრონიკული) ნებისმიერი ლოკალიზაციის;

გ.ბ) შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;

გ.გ) ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას;

გ.დ) ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები;

გ.ე) ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი;

გ.ვ) ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე;

გ.ზ) ფსიქიკური დაავადებები, რომლის დროსაც ავადმყოფი, არსებული წესების გათვალისწინებით, მიჩნეულია ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად;

გ.თ) ყველა დაავადება და ტრავმა, რომელმაც გამოიწვია მკვეთრად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება;

დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) იმ პირისა, რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დად­გენილ ზღვრულ ქულაზე.

4. სააგენტოში მზრუნველად დარეგისტრირება ხორციელდება ერთი წლის ვადით.

5. მზრუნველის განაცხადის ფორმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტო.


 

მუხლი 6. გადაწყვეტილება ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე

1. სპეციალიზებულ დაწესებულებიდან სრულწლოვანის მზრუნველთან განთავსება შესაძლებელია ამ დაწესებულებაში მისი ჩარიცხვიდან 3 წლის შემდეგ. სრულწლოვანის მზრუნველთან განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. რეგიონული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტოსა და მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება სრულწლოვანის ოჯახურ გარემოში განთავსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება) გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ერთი წლის ვადით. 

3. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ  სოციალური მუშაკი თვლის, რომ სრულწლოვანის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება და საჭიროა ხელშეკრულების გაგრძელება, მის მიერ მზადდება დასკვნა სათანადოდ დასაბუთებისა და სახელშეკრულებო ვადის მითითებით, რომელიც  განსახილველად წარედგინება რეგიონულ საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად. ხელშეკრულების გაგრძელება შესაძლებელია მრავალჯერადად სრულწლოვანის საჭიროებიდან გამომდინარე.

4. ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

 

მუხლი 7. ანაზღაურების ოდენობა და დაფინანსების წყარო

1. ამ წესით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობა და პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ანაზღაურების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნება.

 

მუხლი 8. ანაზღაურების გაცემა

1. ანაზღაურება ენიშნება და მისი გაცემა ხორციელდება მზრუნველზე, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება.

2. ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

3. ანაზღაურება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე.

4. მზრუნველს უფლება აქვს, მოითხოვოს ანაზღაურების მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის ანაზღაურების გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა – მომდევნო თვის ბოლომდე.

 

მუხლი 9. შემთხვევის  მართვა და მონიტორინგი

1. შემთხვევის მართვისა და მონიტორინგის მთავარი მიზანია სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის განხორციელების პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს:

ა) სრულწლოვანის მდგომარეობის შეფასებას;

ბ) ოჯახში არსებული რისკებისა და ძლიერი მხარეების შეფასებას;

გ) დეინსტიტუიციონალიზაციის პროცესის ზედამხედველობას.

2. სრულწლოვანის ოჯახში განთავსების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ, სოციალური მუშაკი აწარმოებს ოჯახში ვიზიტს წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე, სრულწლოვანის მდგომარეობის შეფასებისა და ოჯახის საჭიროებების დადგენის მიზნით. მომდევნო თვეებში, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია განახორციელოს ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, თვეში ერთზე მეტი ვიზიტი ოჯახში.  

3. მართვისა და მონიტორინგის  პროცესში სოციალური მუშაკი:

ა) მონიტორინგს უწევს სრულწლოვანის მდგომარეობას, აგრეთვე მზრუნველის   მიერ  მოვალეობების შესრულებას;

ბ) კონსულტაციას უწევს მზრუნველს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს სრულწლოვანისათვის საზიანო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და/ან სოციალურ გარემოს, იგი ახდენს მყისიერ რეაგირებას და იწყებს მუშაობას რისკების შემცირებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს, რომ სრულწლოვანი საფრთხეშია, იგი ახდენს სათანადო და დროულ რეაგირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. სრულწლოვანის ოჯახიდან გაყვანის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ახდენს გაყვანის გამომწვევ გარემოებათა შეფასებას, შედეგებისა და ანაზღაურების შეწყვეტის გადაწყვეტილების დოკუმენტირებას და ამზადებს რეკომენდაციას სრულწლოვანის ალტერნატიულ მომსახურებაში განთავსების შესახებ.

 

მუხლი 10. ანაზღაურების შეჩერება და განახლება

1. ანაზღაურების გაცემა შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან თუ:

ა)  გასულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვადები და აღნიშნულის თაობაზე სოციალური მუშაკისთვის არ იყო ცნობილი;

ბ) მზრუნველის ადგილსამყოფლის დაუდგენლობისას (ფაქტის გამოვლენიდან 30 დღემდე);

გ) სრულწლოვანს გაუუქმდა შშმ სტატუსი, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა სრულწლოვანი არის ხანდაზმული.

2. შეჩერების პერიოდში ანაზღაურება არ გაიცემა, ხოლო მისი გაცემა განახლდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც იწვევს  ხელშეკრულების შეწყვეტას.

3. ანაზღაურება განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, ანაზღაურების შეჩერების დღიდან.

4. ანაზღაურების შეჩერება/განახლება ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

მუხლი 11. ანაზღაურების შეწყვეტა

1. ანაზღაურების გაცემა შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან:

ა) თუ ოჯახში შექმნილია სრულწლოვანისათვის საზიანო გარემო პირობები (მზრუნველი გარდაიცვალა ან ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სხვა ოჯახში საცხოვრებლად გადასვლის გამო, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო/სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ან მზრუნველის მოვალეობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად განხორციელების/შესრულების გამო) და არ მოიძებნება პოტენციური მზრუნველი, ვისთანაც შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება;

ბ) სრულწლოვანის გარდაცვალებისას;

გ) სრულწლოვანის და მზრუნველის ადგილსამყოფლის ხანგრძლივი (ფაქტის დადგენიდან 30-ზე მეტი დღე) დაუდგენლობისას;

დ) სრულწლოვანის განცხადების საფუძველზე;

ე) თუ მზრუნველი საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და  საქართველოდან გაძევებული იქნა;

ვ) მზრუნველის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ზ) სრულწლოვანი პირის შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;

თ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და სრულწლოვანის ინტერესებიდან.

2. მზრუნველის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, ასევე - სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება.

3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს სრულწლოვანის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაში, მისი ოჯახურ გარემოში განთავსების შესაძლებლობას.             


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.