დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2091-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040000.05.001.017360 |
|
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები 1. დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს/საერთაშორისო ორგანიზაციას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა და საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, იმიჯის პოპულარიზაცია; გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში/საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს ინტერესების დაცვა; დ) საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კერძოდ, დახვედრისა და გაცილების ცერემონიების გამართვა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობისათვის ხელის შეწყობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. 2. ოფიციალური შეხვედრებისას (ვიზიტებისას) დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.“. 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“. 3. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები: „3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − აგრემანის − მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას მიმართოს შუამდგომლობით დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იქნეს ახალი კანდიდატურა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დადგენილების მიღება. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესი და ტიპობრივი დებულება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 მარტი 2014 წ. N2091-IIს |
დოკუმენტის კომენტარები