საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/02/2014
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016020
  • Word
2/2/558
27/02/2014
ვებგვერდი, 12/03/2014
000000000.00.000.016020
საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/2/558                                          

2014 წლის 27 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ოთარ სიჭინავა – წევრი;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

 

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე

მუხლის მე-9 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის

42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი გიორგი

გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

 

 

 

I

აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №558) მომართა საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 26 ივნისს.

2. №558 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 5 ნოემბერს. 2013 წლის 5 ნოემბრის №2/8/558 საოქმო ჩანაწერით, №558 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებული იქნა . საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2014 წლის 3 თებერვალს.

3. №558 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება“. ამავე კოდექსის 212-ე მუხლით მოწესრიგებულია სამოქალაქო საქმის განხილვისას სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ აღნიშნული განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.

5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის ერთ-ერთი საქმის განხილვაში, ადვოკატის სახით, მონაწილეობდა ილია ჭანტურაია. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ადვოკატმა ილია ჭანტურაიამ ჩაიდინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სასამართლო სხდომაზე დაგვიანებით გამოცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებით და ადგილზე თათბირით მიიღო განკარგულება, რომლითაც ილია ჭანტურაიას დააკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. სადავო ნორმის – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული განკარგულება არ საჩივრდება.

7. მოსარჩელე ილია ჭანტურაიას მტკიცებით, სასამართლოს უფლებამოსილება, რასაც სადავო ნორმები განამტკიცებენ, გააძევოს, საქმეს ჩამოაცილოს ან/და დააჯარიმოს ადვოკატი მისი განმარტებების მოსმენის უფლების გარეშე, შეუთავსებელია როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე დაცვის უფლებასთან. ამასთან, ყოველ ჯარიმას გააჩნია მსუსხავი ეფექტი დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებაზე და, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, ადვოკატმა შესაძლოა თავი შეიკავოს ენერგიული დაცვისაგან. 

8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენისას სასამართლო შეცდომის დაშვების შესაძლებლობა საკმაოდ მაღალია. საჭიროა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამატებით შეფასება იმ მოსამართლის მიერ, რომელიც არ იყო შემთხვევის თვითმხილველი და ნაკლებად შეიძლება იყოს დამცველის ემოციური ქმედების შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეული. ამიტომ, სასამართლო შეცდომისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგების გამოსარიცხად, აუცილებელია, ერთჯერადად მაინც, ადვოკატის გაძევებასა და დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, რასაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილით დადგენილი რეგულირება.

9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ცნო კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების აკრძალვას.

11. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ანალოგიური შინაარსის ნორმა მოქმედებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, რომელიც 2013 წლის 4 ოქტომბერს შეიცვალა. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ანალოგიური ცვლილებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განსახორციელებლად.

12. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ზოგადად გასაჩივრება ორ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს წარმოადგენს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიაღწიონ პროცესის მათთვის საუკეთესო შედეგს. მეორე, გასაჩივრება ხელს უწყობს სამართლის ერთგვაროვან განმარტებას და ისეთი იდეალების დამკვიდრებას, როგორიცაა მუდმივობა და სამართლიანობა. გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვებას აქვს პრევენციული ეფექტი, რადგან მოსამართლეთათვის წარმოადგენს ძლიერ მოტივატორს იმისათვის, რომ იმუშაონ შეგნებულად და თავიდან აიცილონ შეცდომები თუ თვითნებობა. გასაჩივრების მექანიზმი მიბმულია სამართლიანი სასამართლოს უფლების აუცილებელ ელემენტთან – დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან.

13. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაჯარიმებისა და დარბაზიდან გაძევების შესახებ სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვის ლეგიტიმური საჯარო მიზანი პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეტიკეტის დაცვაა. გარდა ამისა, ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს მიმდინარე პროცესის გაჭიანურების თავიდან არიდება და, შესაბამისად, მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის მიერ გამოტანილი განკარგულება პირის სხდომიდან გაძევებას ეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-4 ნაწილი ისედაც ავალდებულებს მოსამართლეს, გადადოს პროცესი. შესაბამისად, მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროცესიდან პირის გაძევება მოხდება, ადვოკატისთვის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ვერ გამართლდება პროცესის გაჭიანურების ლეგიტიმური ინტერესით.

14. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ ზეპირი მოსმენა, მოსამართლის მიერ განკარგულების გამოტანამდე, მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აძლიერებს, რაც განკარგულების არგუმენტირებულობით იქნება გამოწვეული. გარდა ამისა, პირს, რომელსაც შეეხება განკარგულება, ექნება დასაბუთებული გადაწყვეტილება და ზედა ინსტანციაში მის კონკრეტულ ნაწილებზე შეეძლება მითითება.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ძირითადი საქმის განხილვისას პირისთვის სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემა გააჭიანურებს, ამასთანავე, არაეფექტურს გახდის სასამართლო პროცესს.

 

 

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს". საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. სწორედ (უფლების სასამართლოში დაცვის) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას.

3. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ჩარევას სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებაში და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ძირითად უფლებას.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. სადავო ნორმის თანახმად, აღნიშნული განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.

5. პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამდენად, სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.

6. მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის.

7. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია, რამდენად არსებობს თანაზომიერება ლეგიტიმურ მიზნებსა და გამოყენებულ საშუალებას შორის და დაცულია თუ არა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები.

8. სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება ეხება იძულების განსხვავებულ ღონისძიებებს (დაჯარიმება, სხდომის დარბაზიდან გაძევება) და პირთა წრეს (პროცესის მონაწილე, სხდომაზე დამსწრე). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეფასებისას ითვალისწინებს აღნიშნული ღონისძიებების ხასიათს, პირთა წრის განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობასა და სამართლებრივ ინტერესს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, პროცესის მონაწილე და სხდომაზე დამსწრე განსხვავებული უფლება-მოვალეობებით აღჭურვილ სუბიექტებს წარმოადგენენ. გაცილებით მაღალია პროცესის მონაწილეთა ინტერესი, დაცული იყვნენ უსაფუძვლო დაჯარიმების ან/და გაძევებისგან, ხოლო ასეთი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, გააჩნდეთ უფლების დაცვის საკმარისი პროცესუალური გარანტიები იმისათვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები და დაიცვან თავიანთი პოზიციები. სხდომაზე დამსწრე პირებს არ გააჩნიათ ამგვარი მომეტებული ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილისა და სხდომაზე დამსწრის მიმართ გაძევების ან/და დაჯარიმების შესახებ განკარგულების მიღების წესი საჭიროებს განსხვავებულ შეფასებას.

10. სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარევის ინტენსივობას. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში.

11. 212-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება განუყოფელია სასამართლო ხელისუფლებისგან და გამომდინარეობს სასამართლოს უფლებამოსილებიდან, უზრუნველყოს სამართალწარმოების ჯეროვანი და მოწესრიგებული მსვლელობა, დაიცვას სასამართლო ავტორიტეტი და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვა.

12. გაძევების ან/და დაჯარიმების გამოყენების მიზანია პროცესის ნორმალური მსვლელობის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ექნებათ საკუთარი პოზიციების წარმოდგენის და დაცვის თანასწორი და ადეკვატური შესაძლებლობა, მონაწილეების და დამსწრე პირების მხრიდან სასამართლო განხილვისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილება, სამართალდარღვევის მყისიერი აღკვეთა, მომავალში მსგავსი ქმედების პრევენცია და ინდივიდის დასჯა სამართალდარღვევისათვის.

13. სასამართლოში შეუფერებელი საქციელისთვის კანონმდებლის მიერ ჯარიმის დაწესებას, სხვა ფულადი „სანქციისაგან“ განსხვავებით, არ აქვს მიზნად ე.წ დაზარალებული მხარის კომპენსირება. მისი გამოყენება უკავშირდება პირისთვის გარკვეულ ქონებრივ (ფულად) დანაკარგებს, რაც პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე სახელმწიფოს მხრიდან საკმარის და ადეკვატურ პასუხად მიიჩნევა. ჯარიმის მიზანია სამართალდარღვევის მყისიერი აღკვეთა, მისი პრევენცია და ინდივიდის დასჯა კონკრეტული ქმედებისთვის. ამგვარად, ჯარიმა დაწესებულია სასამართლოში გარკვეული წესებისადმი დამორჩილების მიზნით და შეიძლება ჩაითვალოს კანონმდებლის პასუხად სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვაზე.

14. სხდომის დარბაზიდან პირის გაძევება პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვას და თავად სასამართლო პროცესის ჯეროვნად წარმართვას ემსახურება. ის, პირველ რიგში, პრევენციული ხასიათის მატარებელია, თუმცა სადამსჯელო ბუნებაც გააჩნია, ვინაიდან პირს ართმევს სასამართლო სხდომაზე ყოფნის შესაძლებლობას.

15. გაძევება განსხვავებული სამართლებრივი შედეგების მატარებელია პროცესის მონაწილისათვის (მაგალითად, მოსარჩელე, მოპასუხე ან სხვა სუბიექტი) და დარბაზში მყოფი პირისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში გაძევებას სადამსჯელო ბუნება გააჩნია, დარბაზში მყოფი პირის მიმართ მისი გამოყენების შემთხვევაში, მას ართმევს მხოლოდ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობას, ხოლო პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებისას – საქმის განხილვაში მონაწილეობის, არგუმენტების წარდგენის და საკუთარი პოზიციის პირადად დაცვის შესაძლებლობასაც. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხარის ინტერესებს სასამართლო პროცესზე იცავს წარმომადგენელი/წარმომადგენლები, საკუთარი პოზიციის დაცვის უფლება, პირველ რიგში, მარწმუნებელს ეკუთვნის, რომელსაც შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოახდინოს მისი წარმომადგენლების საქმიანობის კორექტირება ან/და მონიტორინგი. გაძევების შემთხვევაში პირი ამ შესაძლებლობას მოკლებულია, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქმის განხილვისას მისი ინტერესების ჯეროვნად წარმოდგენაზე ან/და დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელებაზე.

16. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სახეზეა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება კონკრეტული სამართალდარღვევის (სასამართლოსადმი უპატივცემულობა, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა ან სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევა) ჩადენის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ფულადი ჯარიმის გადახდევინების ან/და სხდომიდან გაძევების სახით.

18. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).

19. მოცემულ შემთხვევაშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით აფასებს, დაცულია თუ არა ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

20. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.

21. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიზანია, პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეტიკეტის დაცვა.

22. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ზეპირი მოსმენისა და გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობა გააჭიანურებს ძირითად პროცესს. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული უფლებების შეზღუდვა მართლმსაჯულების შეუფერხებელ განხორციელებას ემსახურება.

23. სასამართლო დარბაზში მყოფ პირთა უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა სასამართლოს ავტორიტეტი. მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მოსამართლეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, სასამართლოს ავტორიტეტის დაუსაბუთებელი და უხამსი ბრალდებებისაგან დასაცავად და პროცესის ჯეროვანი მიმდინარეობის უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ პირის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრება სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას ემსახურება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიც არის მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მიმდინარეობისას წესრიგის, პროცესის მონაწილეთა ღირსებისა და დადგენილი ეტიკეტის დაცვა.

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება _ შეზღუდვა გაუმართლებელია. მხოლოდ ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში გადადის სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ საფეხურზე: დაცულია თუ არა პროპორციულობა ინდივიდის უფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). ამგვარად, შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

26. როგორც აღინიშნა, მოპასუხის მიერ დასახელებულ პირველ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეტიკეტის დაცვა.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული განკარგულების ზეპირი მოსმენით მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობა ვერ შექმნის დაბრკოლებებს პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგისა და დადგენილი ეტიკეტის დაცვისათვის. განსახილველ შემთხვევაში პირისათვის პროცესუალური დაცვის შესაძლებლობების მინიჭება უარყოფითად ვერ აისახება პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული მოსარჩელის უფლების შეზღუდვა, არ არის ლოგიკური კავშირი პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგისა და დადგენილი ეტიკეტის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებთან.

29. მოპასუხის მიერ ლეგიტიმურ მიზნად ასევე დასახელებულია მიმდინარე სასამართლო პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილება და მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება. აღნიშნულ მიზნებთან მიმართებით სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერების საკითხი, სხდომის დამსწრის და პროცესის მონაწილის დაჯარიმებასა და გაძევებასთან მიმართებით, მათი სპეციფიკურობის გათვალისწინებით შეფასდება ცალ-ცალკე.

30. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის მონაწილის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების, ასევე სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამოსადეგია ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. კერძოდ, ზეპირი მოსმენის გარეშე განკარგულების მიღება ნაკლებ დროს მოითხოვს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში სასამართლო პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას. ცხადია, პროცედურის სიმარტივე განაპირობებს მართლმსაჯულების სისწრაფესა და ეფექტურობას.

31. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-29).

32. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სწორად არის შერჩეული პირის უფლების შემზღუდველი ღონისძიება და ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ალტერნატიული, ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით.

 

განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანა    

33. სადავო ნორმა მართლმსაჯულების გაუმართლებელი გაჭიანურებისა და არაეფექტურობისაგან დაცვას უზრუნველყოფს პირისათვის პროცედურული უფლების (ზეპირი მოსმენის) შეზღუდვის ხარჯზე.

34. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს. იგი აძლევს პირს შესაძლებლობას საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოთქვას მოსაზრებები.

35. საქმის ზეპირი განხილვა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს მხარეებს უკეთ დაასაბუთონ საკუთარი კანონიერი მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, ეხმარება მოსამართლეს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე გამოიტანოს ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

36. სასამართლოს განკარგულებაში მკაფიოდ, ნათლად და ამომწურავად უნდა იყოს ჩამოყალიბებული პირის მიმართ გაძევების ან/და დაჯარიმების გამოყენების მიზეზები და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები, რისი განხორციელებაც ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

37. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ხელს უწყობს გასაჩივრების უფლების სრულყოფილად გამოყენებას, საშუალებას აძლევს ზემდგომ სასამართლოს განახორციელოს გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმება და წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან თვითნებობისაგან დაცვის ქმედით მექანიზმს.

38. გასათვალისწინებელია პროცესის მონაწილეთა ის ინტერესიც, რომლის შეზღუდვისკენაც არის მიმართული სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება. კერძოდ, სხდომის დარბაზიდან გაძევებასა და დაჯარიმებასთან დაკავშირებით პროცესის მონაწილის მიმართ მიღებული განკარგულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღნიშნული სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. ამგვარი განკარგულების ზეპირი მოსმენისა და გასაჩივრების უფლების შეზღუდვა უარყოფითად აისახება აღნიშნულ პირთა უფლებაზე, დაესწრონ ძირითადი პროცესის განხილვას და დაიცვან საკუთარი ინტერესები. ამასთანავე, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშით, პროცესის მონაწილეებმა შესაძლებელია თავი შეიკავონ ამა თუ იმ მოსაზრების გამოთქმისაგან. შესაბამისად, სადავო რეგულაცია გარკვეულწილად აფერხებს მხარეთა მიერ საქმის განხილვისას საკუთარი მოსაზრებებისა და პოზიციების წარმოჩენას, რაც ხაზს უსვამს სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის მაღალ ინტენსივობას.

39. სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უპატივცემულობის ცნება კანონმდებლობით არ არის ცალსახად განსაზღვრული. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში, უპატივცემულობად შესაძლებელია აღქმული იქნეს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უნებლიე ქცევა, დაცვის ტაქტიკა და სხვა. რიგ შემთხვევებში, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, სად მთავრდება წარმომადგენლის დაცვის სტილი და ტაქტიკა, და სად იწყება სასამართლოსადმი უპატივცემულობა. მაგალითად, ისეთი ხატოვანი ან/და ემოციური ხასიათის გამონათქვამები და ჟესტიკულაცია, რაც მიზნად ისახავს პროცესის მონაწილეთა ყურადღების მიპყრობას წარმოდგენილ არგუმენტებსა და მხარის პოზიციაზე.

40. ბუნებრივია, შეუძლებელია კანონმდებლობით სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევების ცალსახა და ამომწურავად რეგლამენტაცია. შესაბამისად, საკითხი უპატივცემულობის ფაქტის არსებობის შესახებ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად, საკმაოდ დიდია მოსამართლის მხრიდან ცალკეული გარემოებების ინტერპრეტაციის და შეფასების ზღვარი, რაც, ცალკეულ შემთხვევებში, არ გამორიცხავს ერთი და იმავე ფაქტის განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობას (სხვადასხვა მოსამართლეების მიერ). სწორედ ამიტომ, პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობა.

41. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას.

42. ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი „jura novit curia" („სასამართლომ იცის კანონი”) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე – აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას.

43. განსახილველი დავის ფარგლებში სადავო ნორმა ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის შეზღუდვას სასამართლოს უპატივცემულობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში. გარკვეული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება დაკავშირებულია ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევასთან. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის უფლება შეეხება ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებულ წარმოებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მომეტებულად უნდა იქნეს დაცული პირის ინტერესი, ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები.

44. უფლება ზეპირ მოსმენაზე მოიცავს ურთიერთდაკავშირებულ პროცედურულ გარანტიათა ერთობლიობას. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია სრულად გამორიცხავს პირის მიერ ზეპირი მოსმენის უფლების ყველა კომპონენტის რეალიზაციას, მათ შორის, პირის უფლებას, წარმოადგინოს მოსაზრებები მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პროცესში პირი აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლებით.

45. კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდველი საშუალებები, რომლებიც, ერთი მხრივ, პირს შესაძლებლობას მიანიჭებს, სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, მოახდენს სასამართლო პროცესის გაჭიანურების პრევენციას. მაგალითად, კანონმდებელს შეეძლო, პირის გაძევება/დაჯარიმება მოეხდინა ალტერნატიული სასამართლო პროცესის საფუძველზე ან გამოეყო პირისთვის გონივრული დრო გამოსაყენებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად, რაც უზრუნველყოფს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევას.

46. მართალია, ალტერნატიული და დამატებითი პროცედურების შემუშავება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ ხარჯებთან, სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსის გადატვირთვასთან, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, „ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გასაჩივრების შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი (საკონსტიტუციო სასამართლოს  გადაწყვეტილება №2/6/264 საქმეზე „შპს „უნისერვისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, სასამართლოს ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა ვერგამოდგება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის საპირწონედ.

47. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს პროცესის მონაწილის დაჯარიმების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

48. როგორც აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეფასების სტანდარტები მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია იმ უფლებასა თუ ინტერესთან, რომლის დასაცავადაც მიმართავს პირი სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სხდომაზე დამსწრე პირთან მიმართებით სახეზეა მისი ინტერესი – დაესწროს ამა თუ იმ საჯარო სასამართლო განხილვას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ინტერესი ბევრად ნაკლებია უშუალოდ პროცესის მონაწილეთა ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ინტერესებთან შედარებით. შესაბამისად, უფრო დაბალია ამ ინტერესის დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები.

49. სხდომის დარბაზში მყოფთა მიმართ გაძევების გამოყენება, მართალია, წარმოადგენს პირის უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მართლმსაჯულების ადმინისტრირების და პროცესის მონაწილეთა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით უზრუნველყოფის საჯარო ინტერესს ენიჭება. სასამართლოს მხრიდან გაძევების გამოყენებამდე გაფრხილება/შენიშვნის მიცემა დამსწრე პირისათვის საკმარისი გამაფრთხილებელი ეფექტის მატარებელია და პირს ანიჭებს თავისი ქმედების კორექტირების და გაძევების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

50. ამასთანავე, სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად აღემატება პროცესის მონაწილეთა რაოდენობას და თითოეული დამსწრის გაძევების შემთხვევაში გარკვეული პროცედურების დაწესება და თითოეული დამსწრის ზეპირი მოსმენა მნიშვნელოვნად შეაფერხებდა და გააჭიანურებდა ძირითად პროცესს. ამ შემთხვევაში უფლების ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით, ვერ იქნებოდა მიღწეული დასახელებული ლეგიტიმური მიზანი.

51. შესაბამისად, სადავო ნორმის ამ ნაწილში, კანონმდებლის მიერ გამოყენებული პირის უფლების მზღუდავი საშუალება, სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულება, გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე, მიემართება ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს – ძირითადი პროცესის გაჭიანურებისა და შეფერხების თავიდან აცილებას და წარმოადგენს აღნიშნული მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

 

სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვა

52. როგორც აღინიშნა, უფლების შეზღუდვის თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რამდენად სწორად არის შერჩეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

53. მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მდგომარეობს სხდომის დარბაზიდან პირის გაძევებისა ან/და დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობაში. მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ძირითადი პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. 

54. სამართლიანი სასამართლოს უფლება უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიად ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას თვლის. უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის არსებობის გარეშე, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. “შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს თავად იმ უფლების უგულებელყოფის საფრთხეს, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).

55. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

56. გაძევების ან/და დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულებაზე არ დაიშვება არც კერძო საჩივრის შეტანა და არც მისი გასაჩივრება, საქმეზე გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის და 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემდგომ ინსტანციებში სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლებელია იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების ან/და, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. სადავო ნორმა აწესებს რა სასამართლოსადმი უპატივცემულობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ განკარგულების და არა განჩინების გამოტანას და გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების პირდაპირ აკრძალვას, გამორიცხავს კანონმდებლობის ნებისმიერ ფართო, იმგვარ განმარტებას, რაც პირს შესაძლებლობას მისცემდა, მოეთხოვა აღნიშნული განკარგულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადასინჯვა.

57. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია სრულად გამორიცხავს პირის მიერ გასაჩივრების უფლებით სარგებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით.

58. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევაც კი, როგორიცაა სასამართლო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა და მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგის და დადგენილი ეთიკის დაცვა არ უნდა განხორციელდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების შელახვის ხარჯზე. სამართალწარმოება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას, გაასამართლოს პირი, მათ შორის სასამართლოსადმი უპატივცემულობისათვის გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

59. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირის გაძევების/დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლება ვერ გამოიწვევს საქმეზე ძირითადი პროცესის გაჭიანურებას, ვერ შექმნის დაბრკოლებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში. ამდენად, პირისათვის პროცესუალური დაცვის შესაძლებლობების მინიჭება უარყოფითად ვერ აისახება თავად გამოყენებული ღონისძიების მიზნებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება პროცესის მონაწილისა და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობას, ლოგიკურად არ უკავშირდება არც მოპასუხის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებს.

60. პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილით სახდელდადებული პირებისათვის დაჯარიმების ან/და გაძევების გამოყენების შესახებ სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვა არათანაზომიერად ზღუდავს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

  საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს :

1. დაკმაყოფილდეს №558 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)  ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილი, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხება სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მდივანი                                                                                   ქეთევან ერემაძე