საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 05/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/66
05/03/2014
ვებგვერდი, 07/03/2014
040030000.22.024.016315
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2014 - 19/06/2014)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/66

2014 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №172  დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 მარტიდან.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი




საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში  შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ.№12.

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზნებია:

ა) საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის კოორდინაცია;

ბ) ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი  პოლიტიკის და  სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) მომსახურებების, ინსტრუმენტების, პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირება   კერძო და  სახელმწიფო სექტორის მიერ  ცოდნის,  ინოვაციების და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისათვის;

დ) საინფორმაციო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი პროექტების და პროგრამების სახელმწიფო ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების  ყველა სფეროში შეღწევის ხელშეწყობა და გამოყენების ეფექტურობის ამაღლება;

 ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების მათ შორის საექპორტო პროგრამირების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროსათვის ინიციატივების და წინადადებების წარდგენა   ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინტერნეტიზაციის და საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად, ასევე საექსპერტო მხარდაჭერის განხორციელება.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება;

ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა;

 გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს-ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;

დ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა;

ე) კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება;

ვ) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობა  და დაფინანსება;

თ)  ინოვაციური პროექტების, პროდუქტების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება; 

ი) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება;

კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) ტექნოლოგიური ინფასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;

მ) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;

ნ)  ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა;

ო) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,   მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

პ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;

ჟ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარება;

რ) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;

ს) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით;

ტ) ქართული ინტერნეტ პროექტების   და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და დაფინანსება;

უ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება;

ფ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირება და განახლება;

ქ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა;

ყ) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;

შ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;

ძ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

წ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.

მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

გ)  ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

თ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე(ებ)ი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე(ებ)ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს თავმჯდომარის არ ყოფნის  შემთხვევაში  სააგენტოს თავმჯდომარის  მოადგილე ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობებს. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს  მოადგილეს.

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურა შედგება:

ა) სტრატეგიული განვითარების მიმართულება;           

ბ) ანალიტიკური მიმართულება;

გ) ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულება

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები:

1. სტრატეგიული განვითარების მიმართულება:

ა) ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება;

ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა;

გ) ტექნოლოგიური პარკების, ინოვაციების ცენტრების, ინოვაციების ლაბორატორიების, აქსელერატორების და ბიზნეს- ინკუბატორების შექმნაში მონაწილეობა და განვითარების ხელშეწყობა;

დ) ინოვაციებზე და ცოდნაზე დამყარებული ახალი ბიზნეს-ინიციატივების  ხელშეწყობა;

ე) ინოვაციური პროექტების, პროდუქტების და კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელშეწყობა და დაფინანსება; 

ვ) ინოვაციური დამწყები ბიზნეს-კომპანიების ფორმირების და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და დაფინანსება;

ზ)  კერძო ბიზნესში კვლევების და განვითარების სტიმულირებისათვის სხვადასხვა პროგრამების განხორციელება; 

თ) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის და გამოყენების სტიმულირება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში;

ი) საფინანსო და ბიზნეს-სექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნეს-კომპანიების  დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;

კ) ინდუსტრიებში ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების  დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიური ბიზნესის, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა,   მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;

მ) კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;

ნ) პროგრამული უზრუნველყოფის, ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამირების და საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურების  განვითარება;

ო) ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა;

პ) საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, ელექტრონული კომერციის, დისტანციური მუშაობის და სხვა ელექტრონული სერვისების განვითარების და გამოყენების ხელშეწყობა მიზნობრივი პროგრამების და პროექტების მეშვეობით;

ჟ) ქართული ინტერნეტ პროექტების   და ინტერნეტ სივრცის განვითარების ხელშეწყობა და  დაფინანსება;

რ) ქვეყანაში კომპიუტერიზაციის პროცესის დაჩქარებისათვის მიზნობრივი პროგრამების და პროექტების ინიცირება;

ს) ეროვნული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;

ტ) ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ   საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

უ) ევროკავშირის და სხვა ქვეყნების  ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობა;

ფ) ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.

2. ანალიტიკური მიმართულება:

ა) უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი;

ბ) კვლევა-განვითარების, მეცნიერული და ტექნოლოგიური პროექტების, ასევე  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინოვაციური კომპანიების და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ მონაცემთა  ბაზის ფორმირება და განახლება;

გ) მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ საერთაშორისო რეიტინგებში და შეფასების სისტემებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე განვითარების პარამეტრების ოპერატიული ასახვის ხელშეწყობა.

3. ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულება:

ა) ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციების და ტექნოლოგიების  კომერციალიზაციის ხელშემწყობი მექანიზმების, პროექტების, პროგრამების, ინფრასტრუქტურის ფორმირება და დაფინანსების უზრუნველყოფა;

გ) ბიზნესის და აკადემიური წრეების კოოპერაციის ხელშეწყობა.

მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.

2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) სესხის აღება;

ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

უხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება

1. სააგენტოს ქონება შედგება  მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა)საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

დ) შემოწირულობები;

ე) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

ვ) სახელმწიფო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას ან/და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას.

მუხლი 8. სააგენტოს საბურალტრო ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია  ხორციელდება საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.