„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016291
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
167
28/02/2014
ვებგვერდი, 28/02/2014
140130000.22.034.016291
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2014 - 20/05/2014)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 167

2014 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულებისა და კომისიის წევრების დამტკიცების თაობაზე

             „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 25 დეკემბრის N1867 საქართველოს კანონის  (ვებგვერდი, 30.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.017289)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  საფუზველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის  (შემდგომში – კომისია) შემადგენლობა:

ა) სულხან გოცაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ლევან კახიანი – სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორის) მოადგილე;

გ) ალექსანდრე ცქიტიშვილი – სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) პირველი მთავარი სამმართველოს მე-3 სამსახურის უფროსის მოადგილე;

დ) დავით ჩუბინიძე – სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) მე-2  მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი;

ე) დავით ლომიძე – სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;

ვ) ომარ თუშურაშვილი – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის დირექტორი;

ზ) ივანე ჯახუა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მე-2 განყოფილების (პარტიული არქივის) უფროსი;

თ) კახაბერ გარგულია – სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.

მუხლი 2
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმოდგენილი წევრები, რომლებიც სარგებლობენ ხმის უფლებით და იმავდროულად ითვლებიან კომისიის წევრებად.
მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1. კომისიის მიზანი
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიის შექმნის მიზანია:

ა)  ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს  კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოება;

ბ) კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვა;

გ) „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა მიზნების განხორციელება.  


მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები
1. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების პირველი („განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმა.

2. კომისია:

ა) დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი   სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს;

ბ) აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

4. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

5. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა.

6. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ „თავისუფლების ქარტია“ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, ამავე კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

7. კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლის შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.

8. კომისიის სხვა ფუნქცია-მოვალეობები ასევე განისაზღვრება „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით.

 


მუხლი 3.  კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები
1. კომისია იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

2. კომისიაში სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი.  კომისიაში თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი (ჯგუფები).

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

6. კომისიის სხდომის ოქმს აფორმებს კომისიის სხდომის მდივანი.

7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.