დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების აუქციონის ან კონკურსის ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.0.000.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №86
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების აუქციონის ან კონკურსის ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების აუქციონის ან კონკურსის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე წარუდგინონ ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ბ) ეთხოვოთ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებსა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების აუქციონის ან კონკურსის ფორმით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ინფორმაციის (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს, ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება;
დ) ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ან კონკურსის ფორმით განკარგვის დასრულების ან შესაბამისი ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა აღნიშნულის შესახებ წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის განახლებას.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №863 განკარგულება.
3. ეს განკარგულება, გარდა მე-2 პუნქტისა, ძალაში შევიდეს 2010 წლის 1 მარტიდან, ხოლო მე-2 პუნქტი – ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები