საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 186
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016607
186
07/02/2014
ვებგვერდი, 20/02/2014
000000000.00.003.016607
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №186

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

2013 წლის 29 ნოემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების პარაფირება. შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება არა უგვიანეს 2014 წლის ადრე შემოდგომისათვის. ასოციირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყება მის ხელმოწერამდე, ე.წ. „ასოციირების დღის წესრიგის“ საფუძველზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები ასოციირების დღის წესრიგზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელშეკრულების იმპლემენტაციისათვის სოლიდური საფუძვლის მომზადებას და შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრას 2014-2016 წლებისათვის. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება აღნიშნული შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაევალოს:

1. ევროკავშირთან ასოციირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი.

2. შესაბამისი სამინისტროების პრიორიტეტების გათვალისწინებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება.

3. ასოციირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარების ფარგლებში პროგრამების საერთო კოორდინაცია.

4. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტთან კოორდინაციის გაძლიერება.

5. ასოციირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 6 თვის და წლიური ერთიანი ანგარიშების მომზადება.

6. ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.

7. ასოციირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების საკითხებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს:

1. ასოციირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების საერთო კოორდინაცია და მონიტორინგი.

2. ასოციირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ყოველწლიურ ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართვის მიზნით, ასოციირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება.

3. ასოციირების შესახებ შეთანხმების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთიან ანგარიშში ჩართვის მიზნით, ასოციირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების 6 თვის და წლიური ანგარიშების მომზადება.

4. ასოციირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების საკითხებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალოს:

1. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტებისა და პრიორიტეტულ თემებზე პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში.

2. საქართველო-ევროკავშირის ასოციირების დღის წესრიგის შემუშავებისა და განახლების მიზნით ევროკავშირის მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის კოორდინაცია.

სსიპსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს დაევალოს:

ასოციირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დაევალოს:

ასოციირების შეთანხმების განხორციელებასა და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნა.

შესაბამის სამინისტროებს დაევალოს:

1. არსებულ სტრუქტურაში გააძლიერონ ევროინტეგრაციაზე მომუშავე სამსახურები და გამოყონ აღნიშნული საქმიანობისთვის პასუხისმგებელი პირი (მინისტრის მოადგილის დონეზე).

2. ასოციირების შეთანხმებით განსაზღვრული სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

3. სამინისტროების კომპეტენციების შესაბამისად, ასოციირების შესახებ შეთანხმების პრიორიტეტების სრულფასოვნად ასახვა ასოციირების დღის წესრიგის თაობაზე საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ ერთიან ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

4. ასოციირების შესახებ შეთანხმების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ერთიან ანგარიშში ჩართვის მიზნით, ასოციირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული სამინისტროს კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელების 6 თვის და წლიური ანგარიშების მომზადება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი