დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4213 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.524 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მომზადებისათვის.“.
2. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
„51. თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.“.
3. 50-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას – ორმოც წელს.
5. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (განსასჯელი, მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.“.
4. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
5. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს
1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ხდება მათი შეკრება.
2. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
3. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.
4. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა ან ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღემატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.
5. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის.“.
6. მე-60 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება:
ა) თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე;
ბ) გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის რვა საათი.“.
8. 62-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღედ.“.
9. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.
10. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 83. ჯარიმა
არასრულწლოვნისათვის დანიშნული ჯარიმის მინიმალური ოდენობაა ხუთი დღიური ანაზღაურება, ხოლო მაქსიმალური – ორასი დღიური ანაზღაურება. სასჯელთა შეკრებისას ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხას დღიურ ანაზღაურებას.“.
11. 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.“.
12. 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ე) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“.
13. 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
ბ) ჯგუფურად;
გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“.
14. 181-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“.
15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2381 მუხლი:
„მუხლი 2381. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.
16. 375-ე და 376-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული, და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4213–რს
დოკუმენტის კომენტარები