საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.519
  • Word
4208
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
090.000.000.05.001.002.519
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 44-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო გადაწყვეტილება – სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა

1. სასამართლოში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე), რომელიც უფლებამოსილია სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა ადგილების გათვალისწინებით შეზღუდოს სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა.

2. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

3. თუ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან დამცველს, საქმის მოსმენა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე ახორციელებდა რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე დამცველი. გაძევებული ბრალმდებლის ან დამცველის არასათანადო ქცევის შესახებ სასამართლოს გამოაქვს კერძო განჩინება (დადგენილება), რომელიც ეგზავნება შესაბამისად საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან ადვოკატთა გაერთიანებას.

4. თუ ბრალდებული ან განსასჯელი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება მისი თანდასწრებით, ხოლო თუ იგი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, გადაწყვეტილების გამოცხადება ხდება ბრალდებულის ან განსასჯელის გარეშე, რის შემდეგაც მას ხელწერილით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.

5. პირი სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

6. სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

7. თუ სასამართლო სხდომაზე პირის ქმედება მიმართულია პროცესის ჩაშლისაკენ ან იგი გამოხატავს აშკარა ან/და უხეშ უპატივცემულობას სასამართლოს (მოსამართლის), პროცესის მონაწილის ან მხარის მიმართ, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს პირის დაკავებას და დაკავების ოქმის შედგენას, ამასთანავე, სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას და უგზავნის განკარგულების გამოცემაზე უფლებამოსილ სასამართლოს (მოსამართლეს). დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს (მოსამართლეს), რომელსაც გაეგზავნა მიმართვა და რომელიც უფლებამოსილია გამოიტანოს განკარგულება ამ პირის 30 დღე-ღამემდე ვადით პატიმრობის შესახებ. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი და ორზე მეტი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ერთი მოსამართლეა, განკარგულება გამოაქვს უახლოესი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა მოხდა საქმის მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილვისას, განკარგულება გამოაქვს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ეს მაგისტრატი მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო თუ დარღვევა მოხდა მისი მონაწილეობით გამართულ სხდომაზე, განკარგულება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გამოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. დაკავებული პირი, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, შეიძლება გადაეცეს პოლიციას. თუ დაპატიმრების შესახებ განკარგულება გამოტანილ იქნა პროცესის მონაწილის მიმართ, სასამართლო სხდომა შეიძლება გადაიდოს აღნიშნული ვადით. განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე, დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა.

8. სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია დააკავოს წესრიგის დამრღვევი პირი, რის შესახებაც ადგენს დაკავების ოქმს. სასამართლოს მანდატური ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარუდგინოს იმავე სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დაკავებული პირის წარდგენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა პატიმრობის შესახებ განკარგულებისა, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პატიმრობის შესახებ საქმის განხილვისას სასამართლო დაკავებულ პირს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს. მხარის გამოუცხადებლობა არ იწვევს სხდომის გადადებას. საქმის განხილვა იწყება სასამართლოს თავმჯდომარის (მოსამართლის) მოხსენებით, რომელიც აცხადებს, ვის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული პატიმრობა, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს წესრიგის დარღვევის თაობაზე შედგენილ მიმართვას და უსმენს საქმის განხილვაში მონაწილე პირებს. ზეპირი მოსმენისას დამრღვევ პირს/მის დამცველს საშუალება ეძლევა, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები და მისცეს განმარტებები დაკავების კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პატიმრობის გამოყენების შესახებ. განკარგულების გამომტანი სასამართლო (მოსამართლე) განკარგულების ასლს დაუყოვნებლივ გადასცემს დამრღვევ პირს, ასევე განკარგულების ასლს აღსასრულებლად უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. დაკავების ვადა ჩაითვლება პატიმრობის საერთო ვადაში.

11. პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

შენიშვნა:

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი:

ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში;

ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2081 მუხლი:

     „მუხლი 2081. სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის არაიდენტიფიცირებული პირის პასუხისგებაში მიცემის წესი

1. თუ სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, ხოლო დამრღვევი პირი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, სასამართლოს მანდატური ადგენს ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ოქმში აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალის ფერი, სხვა გარეგნული თავისებურებანი და სხვა ნიშანი), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება, ამასთანავე, ოქმში აღნიშვნით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას. აღნიშნული ოქმი და დამრღვევის ფოტოსურათი დაერთვის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებას.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება ან/და დაპატიმრება, განკარგულება აღსრულდება დაუყოვნებლივ, ხოლო დაჯარიმების შემთხვევაში განკარგულება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ოქმთან და დამრღვევი პირის ფოტოსურათთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირის იდენტიფიცირების მიზნით და აღსასრულებლად.“.

4. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 211. სასამართლოში განხილვის სტადიაზე სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პირის პასუხისგებაში მიცემის წესი

1. თუ სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე გამოვლინდა, რომ არსებობს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრე პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად, განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების გამოტანასთან ერთად სასამართლო ადგენს, რომ პროკურორს წინასწარი გამოძიებისათვის გაეგზავნოს სათანადო მასალები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია ამ კოდექსით დადგენილი წესით დააკავოს და დაუყოვნებლივ გადასცეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოს.

3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულ პირს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში თავისი მამხილებელი მტკიცებულებები, სასამართლოს მანდატურს უფლება აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.“.

5. 680-ე მუხლის მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4208–რს