დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4195 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 29/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.506 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 357-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 357. სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება
პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
2. 382-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი იმ სამხედრო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურობს გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.“.
3. 389-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 389. დეზერტირობა
1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით;
ბ) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3901 მუხლი:
„მუხლი 3901. სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარად მოტყუებით
სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 დეკემბერი.
№4195–რს
დოკუმენტის კომენტარები