დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016077 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №10
2014 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 09/12/2013წ., 010340000.32.061.016058) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს- ინკუბატორის" შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - „ბიზნეს-ინკუბატორი“.“.
3. დადგენილებას დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - ,,ბიზნეს-ინკუბატორის" თანდართული დებულება.“.
4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - „ბიზნეს-ინკუბატორის" სახელმწიფო კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის - ბიზნეს -ინკუბატორის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - „ბიზნეს-ინკუბატორი“ (შემდგომში - ბიზნეს-ინკუბატორი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობაში.
2. ბიზნეს-ინკუბატორი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
3. ბიზნეს-ინკუბატორი საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. „ბიზნეს- ინკუბატორს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, თეგი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ბიზნეს-ინკუბატორის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. №1.
მუხლი 2. ბიზნეს-ინკუბატორის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილება
1. ბიზნეს-ინკუბატორის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, შრომისუნარიანი მოსახლეობის, უპირატესად, ახალგაზრდების დასაქმება, უმუშევრობის შემცირება და სიღარიბის დაძლევა - სტაჟირება/კვალიფიკაციის ამაღლების, მცირე ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ფორმირების, ბიზნეს-ინკუბატორის მოდელების გამოყენების სხვა ინოვაციური პროექტების შემუშავება/განხორციელების, სამეწარმეო სუბიექტებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან თანამშრომლობის გზით.
2. ბიზნეს-ინკუბატორის ფუნქციებია:
ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური განახლება. რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დროულად ინფორმირება;
ბ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამისათვის, თანამშრომლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, სამეწარმეო სუბიექტებთან, არასამთავრობო სექტორთან, შუამდგომლობებისა და რეკომენდაციების გაწევა დამსაქმებლებთან;
გ) სამთავრობო დაწესებულებებთან, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება, ბიზნეს-ინკუბატორის მოდელების და მათი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება;
დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული პირებიდან, საკუთარი ბიზნესის აწყობის მსურველთა გამოვლენა, შერჩეული პირებისათვის, დაინტერესების შესაბამისად, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, კი, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობის მიმართულებით სტაჟირებისა და პროფესიული ტრენინგების ორგანიზება, ასევე, წარმატებული სტაჟიორებისა და კურსდამთავრებულებისათვის ბიზნეს-გეგმების დაფინანსებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და შუამდგომლობის გაწევა;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე შრომის ბაზრის სისტემატური კვლევის წარმოება. მიღებული კვლევის შედეგებზე, ასევე, სამუშაოს მაძიებლების და ვაკანსიების ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჩართვა სტაჟირების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების პროგრამებში;
ვ) ბიზნეს-ინკუბატორის პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სხვა წყაროებიდან რესურსების მოზიდვა;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დახმარების გაწევა ბიზნეს-პროექტების შემუშავება-დახვეწაში;
თ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ შემუშავებული პერსპექტული ბიზნეს-პროექტის დაფინანსების მიზნით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან, ბიზნესმენებთან, ფონდებთან და სხვა პოტენციურ დამფინანსებლებთან თანამშრომლობა.
3. ბიზნეს-ინკუბატორი უფლებამოსილია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინიციატივების, წინადადებებისა და პროექტების შემუშავებაში;
ბ) დასახული მიზნებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება/განხორციელებასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს, გააფორმოოს ხელშეკრულებები, მემორანდუმები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან, პოტენციურ ინვესტორებთან, სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რათა ამოქმედდეს ბიზნეს-ინკუბატორის ეფექტურ მოდელზე დაფუძნებული დასაქმების ცენტრი;
გ) დასახული მიზნების მისაღწევად ჩაატაროს სემინარები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობები;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
მუხლი 3. ბიზნეს-ინკუბატორის ხელმძღვანელობა
1. ბიზნეს-ინკუბატორს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
2. ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორი:
ა) უზრუნველყოფს ბიზნეს-ინკუბატორის ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს ბიზნეს-ინკუბატორის საქმიანობას, აწესრიგებს ბიზნეს-ინკუბატორის გამგეობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
გ) წარმოადგენს ბიზნეს-ინკუბატორს და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
დ) ამტკიცებს ბიზნეს-ინკუბატორის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით და წარუდგენს მას შესრულებული სამუშაოების ანგარიშს;
ე) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, მემორანდუმებს და ბიზნეს-ინკუბატორის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ბიზნეს-ინკუბატორის საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;
ზ) სამინისტროში შესათანხმებლად წარადგენს ბიზნეს-ინკუბატორის ბიუჯეტის პროექტს და შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს ბიზნეს-ინკუბატორის ბიუჯეტს;
თ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიას, საბჭოს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ი) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებას;
კ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიზნეს-ინკუბატორის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ქმედებიდან გამომდინარე, თანამშრომლებზე იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
მ) ამტკიცებს ბიზნეს-ინკუბატორის შინაგანაწესს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.
4. ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
5. დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 4. ბიზნეს-ინკუბატორის სტრუქტურა
1. ბიზნეს-ინკუბატორის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ბიზნეს-ინკუბატორის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მოწესრიგებას, სახელმწიფო ქონების მიზნობრივად გამოყენებას, დაცვას და შენახვას;
ბ) ახორციელებს ბიზნეს-ინკუბატორის დოკუმენტბრუნვას;
გ) უზრუნვეყოფს ბიზნეს-ინკუბატორის საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას;
დ) უზრუნველყოფს ბიზნეს-ინკუბატორის ბიუჯეტთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენას;
ე) ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას;
ვ) ასრულებს ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების სამსახური:
ა) შეიმუშავებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირება/ კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ პროგრამებს და ტრენინგ-კურსებს;
ბ) უზრუნველყოფს ბიზნეს-ინკუბატორის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული პროექტებისა და ტრენინგ-კურსების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნასა და სისტემატურ განახლებას, დაინტერესებული პირებისათვის მოცემული ინფორმაციის მიწოდებას;
დ) ბიზნეს-ინკუბატორის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეწარმეო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობას;
ე) უზრუნველყოფს საგრანტო პროექტების შემუშავებას დაფინანსების მოპოვების მიზნით,
ვ) ასრულებს ბიზნეს-ინკუბატორის დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 5. ბიზნეს-ინკუბატორის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ბიზნეს- ინკუბატორის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ბიზნეს-ინკუბატორის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას.
2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს ბიზნეს-ინკუბატორის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიზნეს-ინკუბატორმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ბიზნეს-ინკუბატორის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ბიზნეს-ინკუბატორის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 6. ბიზნეს-ინკუბატორის ქონება და დაფინანსების წყარო
1. ბიზნეს-ინკუბატორს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. ბიზნეს ინკუბატორის ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ბიზნეს-ინკუბატორის ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება ბიზნეს-ინკუბატორის დამოუკიდებელ ბალანსზე.
3. ბიზნეს-ინკუბატორის დაფინანსების წყაროა:
ა) შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები;
ბ) ბიზნეს-ინკუბატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იჯარის შემოსავლები, შემოწირულობანი და გრანტები სხვადასხვა არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიზნეს-ინკუბატორის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7. ანგარიშგება
1. ბიზნეს-ინკუბატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ბიზნეს-ინკუბატორის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტი.
მუხლი 8. ბიზნეს-ინკუბატორის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ბიზნეს-ინკუბატორის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
მუხლი 9. ბიზნეს-ინკუბატორის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ბიზნეს-ინკუბატორის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები