„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016190
238
29/01/2014
ვებგვერდი, 03/02/2014
010250050.35.123.016190
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №238

2014 წლის 29 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №208 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013  წლის 12 ივნისის №208 დადგენილების №1 დანართში /სსმ matsne@justice.gov.ge 17.06.2013. 010250050.35.123.016160/ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი



დანართი № 1

 

თვითმმართველი ქალაქისქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის

განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროს მომსახურებას, გარემოს დაცვის საკითხების კოორდინირებას, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ქალაქის ტერიტორიის გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ქუთაისის მერის წინაშე;
4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის საკრებულო;
5. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით;
6. სამსახურს აქვს დებულება, დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი №7 სახელწოდების აღნიშვნით;
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
8. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერი;
9. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, უფროსის მოადგილის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) საექსპლოატაციო ობიექტების ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, მის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა;
2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციის, განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხების კოორდინაცია;
3. ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელება;
4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა, შესაბამისი პროგრამების მომზადება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
6. სოციალური ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
7. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, შესაბამისი პროექტების მომზადება;
8. სამსახურის საქმიანობის სფეროში შემავალი დარგების განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, კრედიტებისა და ა.შ.) მოზიდვისა და საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა;
9. სამშენებლო და სარეკონსტრუქციო საქმიანობის კოორდინაცია და რეგული­რება, კომპეტენციის ფარგლებში;
10. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება;
11. ინფრასტრუქტურის სფეროში პროცესების განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
12. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
13. მიღებული კორესპოდენციების განხილვა და შესწავლა;
14. ქალაქ ქუთაისის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. საექსპლოატაციო ობიექტების ზედამხედველობის განყოფილება:
ა) ქალაქის გამწვანების, გაფორმების, ქალაქგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლე­ლების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) ქუჩებსა და მოედნებზე, ქალაქ ქუთაისის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყე­ნებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია;
დ) ელექტრომომარაგების, გაზმომარა­გებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში.
2. მიმდინარე კაპიტალური სამუშაოების ზედამხედველობის განყოფილება:
ა) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლე­ლების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთების სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო მაგისტრალური და შიდასაქალაქო ქსელების მდგომარეობის მონიტორინგი, ავარიულ სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვის შესახებ წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა, შესრულებული სამუშაოების მიღება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის დოკუმენტების მომზადება და მერისათვის წარდგენა კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 5. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;
ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებ­ლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში;
ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ქუთაისის მერს თავისი საქმიანობის შესახებ;
დ) წარუდგინოს მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
ე) მოამზადოს ინფორმაციები თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.kutaisi.gov.ge/ განთავსების მიზნით;
ვ) დაიცვას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მერიის შინაგანაწესი.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) ამზადებს და აწვდის წინადადებებს ქალაქ ქუთაისის მერს სამსახურის საშტატო ნუსხის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარსადგენად;
გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობის დაგეგმვას და შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) ქმნის სამსახურის თანამშრომლებისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ვ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) შეიმუშავებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას, ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;
თ) წარუდგენს მერს წერილობით ინფორმაციას მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, შემდგომი რეაგირების მიზნით;
ი) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა შვებულებებისა და მივლინებების თაობაზე;
კ) ამზადებს სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობებისა და თანამდებ­ობრივი ინსტრუქციების პროექტებს და წარუდგენს მერს შემდგომი რეაგირებისათვის;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;
გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.
4. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობათა დასახელება, სამუშაოთა აღწერილობები და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრისა“ და ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 8. სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებას.

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.