„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.969
  • Word
5206
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
230.000.000.05.001.002.969
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:

ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;

ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;

თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი;

ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი;

კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;

ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;

ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;

ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. გარდამავალი დებულება

ფიზიკური პირები 2008 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაჟის გადახდისაგან განცხადებებზე პირის გარკვეულ დროსა და გარკვეულ ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, აგრეთვე განცხადებებზე დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5206–რს