საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.961
  • Word
5197
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
090.000.000.05.001.002.961
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 371. პროკურორის სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ

1. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონება არის რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს აღნიშნულ პირთა მფლობელობაში არსებული რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

2. თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.“.

2. 44-ე მუხლის 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი) – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე ანდა საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელიც მსჯავრდებულია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ანდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, გამოძალვაში, მითვისებაში ან გაფლანგვაში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში, საბაჟო წესების დარღვევაში, წამებაში ან წამების მუქარაში ანდა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან.“.

3. 48-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ კოდექსის LXIV1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სასამართლო წინასწარი გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.“;

ბ) 52 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი – გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას.“.

4. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ამ კოდექსის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ;“.

5. 153-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV1 თავის შესაბამისად.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6221 მუხლი:

     „მუხლი 6221. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

1. თუ საქართველოს მოქალაქე უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, გამამტყუნებელი განაჩენის მიღების მომენტიდან სამი თვის განმავლობაში საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურების მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2. შუამდგომლობას სამი თვის ვადაში განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სამი მოსამართლის შემადგენლობით.

3. განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მის დამცველს ან კანონიერ წარმომადგენელს. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.

4. შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შესაბამისობის არარსებობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინებაში უნდა აღინიშნოს უცხო სახელმწიფოს განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება და ადგილი, განაჩენის გამოტანის დრო, მონაცემები მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა შესაბამისი დანაშაულის ჩადენისათვის.

5. განჩინება საბოლოოა და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აღძრას სარჩელი მსჯავრდებულის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.“.

7. 6799 მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5197–რს