საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.188
  • Word
5981
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
090.000.000.05.001.003.188
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) გამოიტანოს დადგენილება ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ;

2) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ;“.

2. 134-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება, ქონებაზე ყადაღის დადება;“.

3. 140-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით გასცემს ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების, ქონებაზე ყადაღის დადების, ბრალდებულის ან სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIII1 თავი:

„თავი XXIII1

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება

    მუხლი 1891. ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების საფუძველი

საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის გამოყენებით შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას.

    მუხლი 1892. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილება

1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილება გამოაქვს პროკურორს, რის თაობაზედაც ეცნობება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; დადგენილების შემდგენი პირის თანამდებობა და გვარი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

    მუხლი 1893. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა

1. ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.

2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.

3. დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

4. პირი, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლებამოსილია აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ.

    მუხლი 1894. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსამართლის ბრძანება

1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც დასაბუთებული ვარაუდისა და საკმარისი საფუძვლის არსებობისას, შუამდგომლობით მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს ბრძანებით.

2. მოსამართლის ბრძანებაში, გარდა ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს: საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პასპორტის ნომერი, პასპორტის გამცემი ორგანო და პასპორტის გაცემის თარიღი.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომლის მოქმედებაც შეჩერებულია, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი.

    მუხლი 1895. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ვადა

1. ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეჩერდება გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტამდე.

2. ეჭვმიტანილი პირის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება შეიძლება არა უმეტეს ერთი თვისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5981–რს