დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.10.003.000.134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2005 - 28/12/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №135
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
1. შეიქმნას სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.
2. აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 7 ერთეულით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
2. აპარატის დებულება განსაზღვრავს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციას, ამოცანებსა და ფუნქციებს და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
3. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით.
4. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.
6. აპარატის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
მუხლი 2. აპარატის ძირითადი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და კომპეტენცია
საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართვე-ლოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი უზრუნველყოფს:
ა) მინისტრის სამუშაო განრიგის შედგენასა და შესრულების ორგანიზებას, მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზებას;
ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, მათ წინასწარ განხილვას და მინისტრისათვის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნარეკომენდაციების მომზადებას;
დ) სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;
ე) მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წარმომადგენლებთან;
ვ) ეროვნულ უმცირესობათა საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, ანალიზსა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ) საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით პროგრამების (სოციალური, კულტურული და სხვ.) შემუშავებას ან მათ შემუშავებაში მონაწილეობას;
თ) ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოსახლო ადგილებში ჩასახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ი) საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარებას; სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში სამთავრობო პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან (სამთავრობო და არასამთავრობო) თანამშრომლობას; კონფერენციების, სიმპოზიუმების, თათბირ-სემინარების გამართვას;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრის ურთიერთობას;
ლ) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანების გადაწყვეტას.
მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მინისტრი.
2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის აპარატის უფროსი.
3. აპარატის სტრუქტურული ერთეულია სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილება.
4. აპარატის უფროსი:
ა) მოქმედებს მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას, უზრუნველყოფს საორგანიზაციო მუშაობის დაგეგმვას, შიდა ღონისძიებათა (თათბირები, სხდომები და სხვ.) მომზადების ორგანიზებას, ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფას.
ბ) წარმოადგენს აპარატს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
დ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ;
ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის, სპეციალისტთა მოწვევისა და მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, სამუშაო ჯგუფის დაფინანსების თაობაზე;
ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს მინისტრისათვის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების სხდომებზე მინისტრის მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზა-დებას;
ი) მინისტრის დავალებით გამოითხოვს ყველა საჭირო დოკუმენტს, მასალასა და ინფორმაციას;
კ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 4. აპარატის თანამშრომლები
1. მინისტრის აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა გადაწყვეტას.
2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. აპარატის თანამშრომლები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი არიან მინისტრის წინაშე.
მუხლი 5. სამსახურებრივი ზედამხედველობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი
1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს მინისტრი.
2. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობა | რაოდენობა |
|
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| 1. | აპარატის უფროსი | 1 |
| 2. | წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი) | 1 |
|
| სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილება |
|
| 3. | სამოქალაქო ინტეგრაციის განყოფილების უფროსი | 1 |
| 4. | მთავარი სპეციალისტი | 1 |
| 5. | მთავარი სპეციალისტი | 1 |
| 6. | წამყვანი სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 7 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები