დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016272 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 30 დეკემბრის №1032 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №831 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), ხოლო სსიპ-ების საშტატო განრიგს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით – სსიპ-ის ხელმძღვანელი.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახანძრო-სამაშველო, საბრძოლო ან/და ობიექტების დაცვის (გარდა სსიპ – სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა/შემდგომში – დაცვის პოლიცია/) ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობებზე განყოფილების უფროსის თანამდებობის ჩათვლით შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის მიერ ან უშუალოდ მისი თანხმობით, თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. შტატგარეშე მოსამსახურეებს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და სსიპ-ის ხელმძღვანელი.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;“. 6. ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. სპეციალური კონკურსის ორგანიზება 1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის. 2. სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფენ შემდეგი მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები: ა) სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია; ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური საკონკურსო კომისია; გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისია; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიები; ე) სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები. 3. სპეციალურ საკონკურსო კომისიებს (გარდა სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიებისა) ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. 4. სსიპ-ების სპეციალურ საკონკურსო კომისიებს ქმნის და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელი. 5. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სპეციალური კონკურსის გამოცხადებისას სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიაში დამატებით ხმის უფლებით, არამუდმივ წევრად მონაწილეობს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი). 6. სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეების (პოლიციელები), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (სამსახურის უფროსის მოადგილის ჩათვლით) და სსიპ-ების ხელმძღვანელების (უფროსი და მოადგილეები) თანამდებობაზე სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას. 7. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მოსამსახურეების (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას. 8. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისია ორგანიზებას უწევს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსების ჩატარებას. 9. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეების (პოლიციელები) თანამდებობაზე (განყოფილების უფროსის და უფრო დაბალ თანამდებობაზე), სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას. 10. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები ორგანიზებას უწევენ სსიპ-ების მოსამსახურეების (პოლიციელები) თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით საქართველოს მოქალაქეთა მიღების მიზნით სპეციალური კონკურსის ჩატარებას. 11. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 12. სამინისტროს სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო.“. 7. ბრძანებით დამტკიცებული წესის 23–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე. სპეციალური კონკურსის ჩატარების მიზნით: ა) სამინისტროს სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო; ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს აღნიშნული ცენტრის საკადრო დანაყოფი; გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს აღნიშნული დეპარტამენტის საკადრო დანაყოფი; დ) სამინისტროს ტერიტორიულ სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (მთავარი სამმართველო) საკადრო დანაყოფი; ე) სსიპ-ის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის საკადრო დანაყოფი. 3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალურ საკონკურსო კომისიაში საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველია იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა.“. 8. ბრძანებით დამტკიცებული წესის 24–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას;“. 9. ბრძანებით დამტკიცებული წესის 25–ე მუხლის: ა) მე–2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფების (სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) განყოფილების უფროსის მოადგილე და უფრო მაღალი თანამდებობა (გარდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს უფროსისა); ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების ოცმეთაური, ასმეთაური და უფრო მაღალი თანამდებობა.“; ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება, ამავე პუნქტით დადგენილი პროგრამის ან/და კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, აგრეთვე ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეს მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის თანხმობით, ამ პირის სპეციალური ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, გამოცდილების ან/და სხვა განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით.“; გ) მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთი და იგივე დანაყოფში წარადგინოს მხოლოდ ერთი განცხადება/აპლიკაცია.“. 10. ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სპეციალური კონკურსის ეტაპები 1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია: ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; დ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება; ე) სპეციალური შემოწმება; ვ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა; ზ) პოლიციაში მიღება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და კურსი - თუ აკადემიაში მსმენელად ჩარიცხვის პერიოდში მას გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები და აღნიშნული პროგრამის ან/და კურსის გავლიდან არ არის გასული ერთი წელი; ბ) სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეტაპები. შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მხოლოდ იმ ეტაპების გავლას, რომელიც მათ არა აქვთ გავლილი. 3. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისია გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და გონივრულ ვადაში გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის გასაუბრების ეტაპზე. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. 4. კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, გამოცდილების, დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის და სხვა გარემოებების შესახებ, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გასაუბრების შედეგად სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების გავლის შესახებ. აღნიშნული ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების გადარჩევიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. 5. კანდიდატმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება უნდა გაიაროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური კომისია (ჯანმრთელობის დაცვის სამსახური), ხოლო ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას: ა) სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო; ბ) სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში მისაღები კანდიდატების შემთხვევაში - აღნიშნული ცენტრი; გ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღები კანდიდატების შემთხვევაში - აღნიშნული დეპარტამენტი; დ) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში - აღნიშნული სსიპ-ი; ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში დასანიშნი კანდიდატების შემთხვევაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. 6. კანდიდატის/კანდიდატების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური საკონკურსო კომისია ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შესახებ შეტყობინების (რომელსაც უზრუნველყოფს შესაბამისი საკადრო დანაყოფი) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური კონკურსის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის გადაყვანის და მის მიმართ სპეციალური შემოწმების დაწყების, აგრეთვე მისი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავის შეკავების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და კანდიდატს. შენიშვნა: აკადემიაში აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნი პირის პოლიციაში მიღება ხდება გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე. 7. პოლიციაში მისაღები პირი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სამ თვემდე გამოსაცდელი ვადით. მითითებულ ვადაში მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი სპეციალური შესწავლა. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას პირის პოლიციაში მიღების (სამინისტროში ჩარიცხვა) შესახებ, რომელიც შესაბამისი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს. შენიშვნა: 21 წლამდე პირის ან წვევამდელის პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდეგ, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ეტაპის გარეშე. 8. ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პოლიციაში პირის მიღების საკითხი ავტომატურად წყდება, რის შესახებაც სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აღარ გამოიცემა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა. 9. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ის დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და სპეციალური შემოწმების შედეგად გამოვლინდება პოლიციაში მისი მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ საკონკურსო კომისიას გააცნობს შესაბამისი საკადრო დანაყოფი. სპეციალური საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს და ეცნობება გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირს.“. 11. ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „სამინისტროს მოსამსახურე თანამდებობაზე დაწინაურებამდე (ქვეგანყოფილების უფროსად და უფრო მაღალ თანამდებობაზე) შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“. 12. ბრძანებით დამტკიცებული წესის 30–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება 1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია: ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან. 2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით. 3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე დაწესებულებაში შეასრულოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობა არა უმეტეს 5 თვისა კალენდარული წლის განმავლობაში. არმყოფი მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა. 4. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.“. 13. ბრძანებით დამტკიცებული წესის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამინისტროს მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომი უფროსის ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.“. 14. ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის სათანადო სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სამართლებრივი აქტი ფორმდება მხოლოდ მოკლევადიანი შვებულების, ანაზღაურების გარეშე შვებულების, აგრეთვე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულების გაფორმების შემთხვევებში.
5. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერების პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი (სარგო), დანამატები და სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15. ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში მისი თანხმობით უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში - ტოლფას თანამდებობაზე.“. 16. ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;“; ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;“. 17. ბრძანებით დამტკიცებული წესის 50–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. დათხოვნა გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნა ხდება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მისი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში.“. 18. ბრძანებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.“. 19. ბრძანებით დამტკიცებული წესის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“. 20. ბრძანებით დამტკიცებული წესის 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ვადამდე სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 3 |
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები