ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017700
81
15/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
300160070.10.003.017700
ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო

გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის

 

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება


 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის (შემდგომში – „რეგლამენტი”) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა იმ საწარმოსათვის, რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებს (შემდგომ – გაზსავსები საკომპრესორო სადგურები).

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის მეურნეობა – საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა.

2. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე, ტექნოლოგიურ ნედლეულად.

3. გაზის მეურნეობაზე პასუხისმგებელი პირი – საწარმოს (ორგანიზაციის) ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირი , რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

4. გაზსადენი – მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისათვის.

5. ბუნებრივი გაზი (აირი) – საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – СН4) და არასაწვავი გაზების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისათვის, გამოიყენება საწვავად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3) მაინც.

6. მაგისტრალური გაზსადენი – გაზსადენი გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე, ზღვრული ტექნიკური პარამეტრები დგინდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული ტექნიკური რეგლამენტით. 

7. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გარემოს დაგაზიანება.

8. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო – სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით, ნაპერწკალწარმოქმნით, ნაგებობების, მოწყობილობის, ინსტრუმენტების, მასალების გახურებით გაზჰაერის ნარევის აალების (თვითაალების) ტემპერატურამდე, როცა შესაძლებელია ასეთი ნარევის გაჩენა საშიში კონცენტრაციით ამ სამუშაოების ზემოქმედების ზონაში.

9. გაზსადენის კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.

10. გაზსადენის იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.

11. გაზსადენის ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენის კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენის ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.

12. გაზსადენის არმატურა – მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.

13. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა გაზსადენში ნაკადის გადასაკეტად.

14. მარეგულირებელი არმატურა – მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა.

15. მცველი არმატურა – მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

16. ადსორბერი – მაღალი წნევის ჭურჭელი (ბალონი), გაზის საშრობი დანადგარის შემადგენელი ნაწილი, რომელშიც ხდება შეკუმშულ გაზში არსებული ტენის მოცილება ადსორბენტის საშუალებით.

17. ადსორბენტი – ნივთიერება (მაგ., ცეოლიტი), რომელიც მოთავსებულია ადსორბერში და მონაწილეობას იღებს გაზის გაშრობაში.

18. რეგენერაციის გაზი – გამომშრალი, ცხელი გაზი ან ჰაერი, რომელიც გამოიყენება დატენიანებული ადსორბენტის აღდგენისათვის (რეგენერაციისათვის).

19. გაზის აკუმულატორი – დანადგარი გაზის მარაგის შექმნისა და კომპრესორის მუშაობის გათანაბრებისათვის.

20. ნამის წერტილი – ტემპერატურა, რომლის დროსაც გაზი მთლიანად არის გაჯერებული წყლის ორთქლით.

21. დუბლიკატორი – სათადარიგო არმატურა ხელით მართვისათვის დისტანციური მართვის მოწყობილობის მტყუნებისას.

22. გაზის საშრობი დანადგარი – დანადგარი გაზისაგან ტენის მოსაცილებლად ნამის წერტილის ტემპერატურამდე.

23. ტენზეთგამომყოფი – დანადგარი გასაშრობად მისაწოდებელი გაზის ტენისა და ზეთისაგან გასასუფთავებლად.

24. გაზის ელექტროშემთბობი – ელექტრომოწყობილობა ადსორბენტის რეგენერაციისათვის მიწოდებული გაზის შესათბობად.

25. დროსელი – მოწყობილობა რეგენერაციაზე მიმავალი გაზის წნევის შესამცირებლად საკომპრესორო დანადგარის შეწოვის წნევამდე.

26. სეპარატორი – მოწყობილობა გაზის შეტივტივებული მინარევებისა და სითხის ნაწილაკებისაგან გასაწმენდად.

 

თავი II. პერსონალი

 

მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები

1. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც დაკავებული არიან გაზსავსები საკომპრესორო სადგურების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვით და გამოცდით, აგრეთვე კადრების მომზადებით, გადიან „რეგლამენტისა” და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის შემოწმებას მათი საქმიანობის შესაბამისი მოცულობით.

 

თავი III. გაზსავსები საკომპრესორო სადგურების მეურნეობა

 

მუხლი 4. დაპროექტება

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის, გაფართოების, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ხელახალი ტექნიკური აღჭურვისას უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროექტში გათვალისწინებული მოწყობილობა და მასალები სერტიფიცირებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 5. ექსპლუატაციაში მიღება

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გაზსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის ხერხი (ჰიდრავლიკური, პნევმატიკური), წნევა, ხანგრძლივობა და შედეგების შეფასება მიიღება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მუშა დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო თუ არ არის მითითება – „რეგლამენტის” მოთხოვნების შესაბამისად.

3. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

4. ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას.

5. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის კომპლექსურ მოსინჯვამდე წარმოებს გაზის გაშვება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

 

მუხლი 6. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ამუშავება

1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზის გამშვები ბრიგადა ვალდებულია გაზის გაშვებამდე დაათვალიეროს ყველა გაზსადენი და მოწყობილობა და შეამოწმოს მათი წესივრულობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. გაზსადენები და მოწყობილობა მათში გაზის გაშვების წინ ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

3. გაზსადენები, მოწყობილობა და საკომპრესორო დანადგარები გაზზე მუშაობის დაწყების წინ უნდა გაქრევდეს ინერტული ან ბუნებრივი გაზით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის სათავსებში, სადაც წარმოებს გაზსადენებისა და მოწყობილობის გაქრევა, ჩართული უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია.

 

მუხლი 7. ექსპლუატაცია

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

2. პირველ პუნქტში მითითებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა ევალება საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს.

3. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება ხორცილედება „რეგლამენტის” შესაბამისად და დამამზადებელი ქარხნების მოწყობილობის ტექნიკური ექსპლუატაციის საწარმოო ინსტრუქციების თანახმად.

4. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა შედგეს საექსპლუატაციო პასპორტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე ჩატარებული კაპიტალური რემონტის მონაცემებს.

 

თავი IV. გაზსადენები და არმატურა

 

მუხლი 8. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და არმატურის მიმართ

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის გაზსადენების ტექნიკური მომსახურება ტარდება შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით.

2. გაზსადენზე დაყენებული სახშობები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს,კერძოდ უნდა შეესაბამებოდეს გაზის მაქსიმალურ წნევას და ჰქონდეს ბოლოები, რომლებიც გადმოდის მილტუჩებიდან. ბოლოებზე ამოიტვიფრება დამღა (დაიტანება მოუცილებელი საღებავით) გაზის წნევისა და გაზსადენის დიამეტრის მითითებით.

 

თავი V. წნევაზე მომუშავე ჭურჭლები

 

მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მიმართ

1. საწარმოს ბრძანებით ხელმძღვანელების ან სპეციალისტებისაგან ინიშნება წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი და ჭურჭლების წესივრულ მდგომარეობასა და უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ექსპლუატაციაში ჩართულ წნევაზე მომუშავე თითოეულ ჭურჭელთან, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, თვალსაჩინო ადგილას აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) დასაშვები წნევა;

გ) შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური შემოწმების შემდეგი ვადა (თვე და წელი).

3. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მომსახურე პერსონალი ვალდებულია შეაჩეროს ჭურჭლების მუშაობა მათი მუშაობის რეჟიმისა და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

4. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ადმინისტრაციას წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეს საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (დადგმის პროექტი, ჭურჭლების, არმატურის, მცველი მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პასპორტები, პროფილაქტიკური რემონტების ჟურნალი და სხვა).

 

მუხლი 10. ტექნიკური შემოწმება

1. წნევაზე მომუშავე ჭურჭლები ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას შესაბამის სტანდარტში მითითებულ ვადებში.

2. ექსპლუატაციაში ჩართული ჭურჭლის ტექნიკური შემოწმება წარმოებს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რომელშიც შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებელი ქარხნების პასპორტებში მითითებულს.

3. თუ ჭურჭლის ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა ისეთი დეფექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჭურჭლის საიმედო და უსაფრთხო მუშაობას, აგრეთვე, გაუვიდა ტექნიკური შემოწმების ვადა, მისი მუშაობა უნდა აიკრძალოს.

 

მუხლი 11. ჭურჭლების გაჩერება, გაწმენდა და რემონტი

1. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის სარემონტოდ, გასაწმენდად, ტექნიკური შემოწმებისათვის გაჩერება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

2. სარემონტოდ, გასაწმენდად და სხვა მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად გაჩერებული ადსორბერიდან გაზის დაცლა ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

3. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების გაქრევა კონდენსატისაგან (წყალი, ზეთი) წარმოებს სპეციალურ ტევადობებში (სითხის შემკრები ტევადობა, სადრენაჟო ტევადობა და სხვა) შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლებისა და მათი ელემენტების რემონტი აკრძალულია.

5. სათავსებში დაყენებული ჭურჭლების რემონტის, გაწმენდის და სხვა მსგავსი სამუშაოების წარმოებისას ჩართული უნდა იყოს ვენტილაცია და გამოყენებულ იქნეს გაზანალიზატორები შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

 

თავი VI. საკომპრესორო დანადგარები

მუხლი 12. ამუშავება

1. საკომპრესორო დანადგრის ამუშავების წინ საჭიროა შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა შესრულება.

2. საკომპრესორო დანადგარის ამუშავება ხორციელდება საკომპრესორო დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციის და შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. საკომპრესორო დანადგარის ამუშავების შემდეგ საჭიროა შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა შესრულება.

4. აკრძალულია საკომპრესორო დანადგარის ამუშავება, თუ უსაფრთხოების ავტომატიკა (ბლოკირების და სიგნალიზაციის საშუალებები) არაა წესრიგში.

 

მუხლი 13. მუშაობა

1. აკრძალულია მომუშავე საკომპრესორო დანადგარის უმეთვალყურეოდ დატოვება.

2. აკრძალულია მომუშავე საკომპრესორო დანადგარის რემონტი, მოძრავი ნაწილების გაწმენდა და სხვა დეფექტების აღმოფხვრა.

3. აკრძალულია მომუშავე საკომპრესორო დანადგარზე ჩარჩოს ლიუკების გახსნა.

4. აკრძალულია ჭანჭიკების დაჭერა წნევის ქვეშ მყოფ შეერთებებზე.

 

მუხლი 14. გაჩერება

1. მემანქანე ვალდებულია არ დაელოდოს ავტომატური დაცვის ამოქმედებას და დაუყოვნებლივ გააჩეროს საკომპრესორო დანადგარი, თუ დარღვეულია შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები.

2. საკომპრესორო დანადგარის გაჩერება წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. გაცივების შეწყვეტის გამო კომპრესორის გაჩერებისას აკრძალულია მაცივებელი სითხის მიწოდება საკომპრესორო დანადგარზე მის სრულ გაცივებამდე არამუშა მდგომარეობაში.

 

მუხლი 15. ტექნიკური მომსახურება

1. საკომპრესორო დანადგარის ტექნიკური მომსახურება და რემონტი წარმოებს გრაფიკით, რომელიც შედგენილი უნდა იყოს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის და შესაბამისი სტანდარტის საფუძველზე.

2. ტექნიკური მომსახურებ შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ითვალისწინებს კონტროლს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჩვენებებზე და შუქური სიგნალიზაციისა და შემსრულებელი მექანიზმების მუშაობაზე. 

 

თავი VII. გაზის საშრობი დანადგარი

მუხლი 16. ტექნიკური მომსახურება

1. გაზის საშრობი დანადგარის მომსახურება ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.

2. გაზის საშრობი დანადგარის მოწყობილობის მიმდინარე რემონტისას სრულდება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული სამუშაოები.

3. გაზის საშრობი დანადგარის კაპიტალური რემონტისას, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, სრულდება სამუშაოები მიმდინარე რემონტის მოცულობით, მოწყობილობის ცალკეული დეტალებისა და კვანძების შეცვლით. კაპიტალური რემონტის მოცულობა განისაზღვრება მიმდინარე რემონტის, ჰიდრავლიკური და პნევმატიკური გამოცდებისა და ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი დეფექტების საფუძველზე.

4. ყველა სახის მომსახურებისა და რემონტის მოცულობები ზუსტდება დამამზადებელი ქარხნის „გაზის საშრობი დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციის (სახელმძღვანელოს)” შესაბამისად.

5. ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი ყველა უწესივრობა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.

 

მუხლი 17. მუშაობა

1. გაზის საშრობი დანადგარის მუშაობისას საკომპრესორო დანადგარის მემანქანე ვალდებულია საჭიროების მიხედვით განახორციელოს მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებები.

2. აკრძალულია გაზის საშრობი დანადგარის ამუშავება უწესივრო ავტომატური დაცვის საშუალებებით.

3. აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფი ჭანჭიკიანი შეერთებების მოჭერა.

 

მუხლი 18. გაჩერება

1. საკომპრესორო საამქროს მემანქანე ვალდებულია არ დაელოდოს ავტომატური დაცვის ამოქმედებას და გააჩეროს გაზის საშრობი დანადგარის მუშაობა, თუ დარღვეულია შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. გაზის საშრობი დანადგარის გასაჩერებლად საჭიროა შესრულდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ოპერაციები.

3. თუ ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა უწესივრობა და გაუმართაობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ხალხს, გაზის საშრობი დანადგარი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს.

 

თავი VIII. ავტოტრანსპორტის გაწყობა

 

მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები ავტოტრანსპორტის გაწყობისას

1. ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს.

2. აკრძალულია ავტოტრანსპორტისა და მისი გაზის მოწყობილობის რემონტი სადგურების ტერიტორიაზე.

3. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.

4. აკრძალულია იმ გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის გამართვა, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი სტანდარტით დადგენილი, გაფორმებული გაზის ბალონების გამოცდისა და ტექნიკური მომსახურების ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ავტობუსის სალონებში განთავსებულ ბალონებს – ვენტილირებადი დამცავი მექანიზმი.

 

მუხლი 20. გაზსავსები სვეტების ტექნიკური მომსახურება

1. ტექნოლოგიურ გაზსადენებსა და გაზსავსებ სვეტებზე დაყენებული მილსადენების არმატურის ელექტროამძრავების ტექნიკური მომსახურება წარმოებს შესაბამისი სტანდარტით დადგენილ დროს.

2. ექსპლუატაციის პერიოდში გაზსავსები სვეტის სახელურები (შლანგები) ექვს თვეში ერთხელ ექვემდებარება ჰიდრავლიკურ გამოცდას წნევით, რომელიც 25%-ით აღემატება გაზსავსები სვეტის პასპორტში მითითებულ მუშა წნევას.

 

მუხლი 21. გაწყობის ოპერაციები

1. ავტოტრანსპორტის გაწყობა შესაძლებელია როგორც ავტომატურად (დისტანციურად) მართვის პულტიდან (საოპერატოროდან), ასევე ხელით, გაზსავსებ სვეტზე დაყენებული ჩამკეტი მოწყობილობის საშუალებით.

2. ავტოტრანსპორტის ხელით გაწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვთ.

3. ავტოტრანსპორტის ავტომატური (დისტანციური) გაწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

 

თავი IX. ელექტრომოწყობილობა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემები

 

მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ელექტრომოწყობილობისა და სისტემების  მიმართ

1. საწარმო (მფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს გაზსადენებსა და აგრეგატებზე დაყენებული საზომ-საკონტროლო, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის ხელსაწყოების, აგრეთვე, აფეთქებასაფრთხიან ზონებსა და სათავსებში ელექტროწრედების უსაფრთხო კომუტაციისათვის გამოყენებული აფეთქებადაცული ელექტრომოწყობილობის მუდმივი ტექნიკური ზედამხედველობა, მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი.

2. დაუშვებელია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოს გამოყენება, თუ დარღვეულია შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები.

3. აკრძალულია გაზმოწყობილობის და გაზსადენების ექსპლუატაცია, თუ მათზე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემები გამოსულია მწყობრიდან ან გამორთულია.

4. დაგაზიანების უწყვეტი მოქმედების სიგნალიზატორის შეცვლამდე (მისი მწყობრიდან გამოსვლის, დაზიანების ან საკონტროლო გადამოწმებისას) საწარმოო სათავსების ჰაერში გაზის კონცენტრაციის კონტროლი აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

5. გაზგასაწყობი სვეტების ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს აფეთქებადაცული შესრულება.

6. მოქმედ გაზსადენებსა და მოწყობილობაზე დაყენებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების საიმპულსო მილაკების გაქრევა დასაშვებია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

7. შენობა-ნაგებობებისა და ელექტროდანადგარების ელვისაგან დაცვა ხორციელდება „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 23. ტექნიკური მომსახურება

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების ტექნიკური მომსახურება წარმოებს დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციებით და შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული მოცულობით და დადგენილი პერიოდულობით.

2. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების გარე დათვალიერებისას მოწმდება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების პროფილაქტიკური რემონტი ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.

 

თავი X. დამხმარე მოწყობილობა

 

მუხლი 24. სავენტილაციო სისტემები

1. სავენტილაციო დანადგარებზე დგება საექსპლუატაციო ფორმულარი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელიც მოიცავს:

ა) ჰაერსატარების სქემას მილების დიამეტრებით, არმატურის, კომპენსატორების, მცველების, ცეცხლმაკავი და სადრენაჟო მოწყობილობის, უკუსარქვლების, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, დანადგარის სხვა მოწყობილობის განლაგებით;

ბ) სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციაში მიღების აქტს;

გ) სავენტილაციო დანადგარის მოწყობილობის პასპორტებს;

დ) დანადგარის მუშაობის დროის აღრიცხვას;

ე) უწესივრობების აღრიცხვას ექსპლუატაციის დროს;

ვ) დანადგარის მოწყობილობისა და ელემენტების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტების აღრიცხვას;

ზ) მონაცემებს დანადგარის ელემენტების შეცვლის შესახებ.

2. სავენტილაციო დანადგარების ტექნიკური მომსახურება ტარდება დამამზადებელი ქარხნის პასპორტებით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე რემონტი – წელიწადში ერთხელ, კაპიტალური რემონტი – ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. აკრძალულია გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობა უწესივრო ან გაჩერებული სავენტილაციო დანადგარებითა და ჰაერმაცივებელი აპარატებით.

 

მუხლი 25. შეკუმშული ჰაერის (გაზის) მომზადების სისტემა

1. შეკუმშული ჰაერის (გაზის) მიწოდების სისტემაში შემავალი ავტომატური რეგულირების, კონტროლისა და დაცვის სისტემების პნევმატიკური მოწყობილობის კვების სისტემაში შემავალი ბერვის საშუალებების, ჰაერის (გაზის) საშრობი დანადგარების, ჰაერის (გაზის) წნევის რეგულატორების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლების, გაზსადენებისა და არმატურის ტექნიკური მომსახურება ტარდება დამამზადებელი ქარხნების პასპორტებისა და „რეგლამენტის” მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 26. ხანძარსაწინაღო მოწყობილობა

1. გაზსავსები საკომპრესორო სადგური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

 

მუხლი 27. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში დ მე-4 პუნქტში, მე-10 მუხლის პირველ პუნქტში, მე-12 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-16 მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-17 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 22-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტბში, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ზ) ქვეპუნქტებში, 25-ე მუხლის პირველ პუნქტში, 26-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-7 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-18 მუხლი პირველ და მე-3 პუნქტებში, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 28. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 29. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

 ტექნიკური რეგლამენტის 27-ე და 28-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.