დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 51 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017662 |
|
ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები’’. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ტექნიკური რეგლამენტი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები’’
|
სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტით, მიმართულია მოსახლეობის დაცვის, მოსალოდნელი დანაკარგებისა და ნგრევების შემცირებისაკენ საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების პირობებში, ომიანობის დროს ეკონომიკის ობიექტების, ეროვნული მეურნეობისა და მრეწველობის დარგების მდგრადობის ამაღლებისათვის, აგრეთვე უბედურების რაიონებში და დაზიანების კერებში სამაშველო და გადაუდებელი ავარიულ-აღდგენითი სამუშაოებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად.
თავი I ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. მოცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები უნდა სრულდებოდეს სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების დაპროექტებისა და ჩატარების დროს: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ქალაქებისათვის, ასევე, მათი განაშენიანების მიღმა განთავსებული განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით პირველი კატეგორიის ობიექტებისათვის; ბ) ეკონომიკის ობიექტებისათვის, რომლებიც განთავსებული არიან სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებულ ქალაქებში, ასევე ამ ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, სადაც მოსალოდნელია შენობა-ნაგებობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი; გ) მეორე კატეგორიის ობიექტებზე და ეკონომიკის სხვა ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებულ ქალაქებსა და „ბ” პუნქტში მითითებულ ტერიტორიებს მიღმა, ასევე არაკატეგორირებულ ქალაქებში განლაგებული დასახლებული პუნქტებისათვის, სადაც არსებობს ადგილმდებარეობის რადიაქტიური დაბინძურების საფრთხე და მოსახლეობის რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის აუცილებლობა. 2. სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ასახულია მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტში, გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) რაიონული დაგეგმარების პროექტებისა და სქემების შედგენისას, ახლადმშენებარე კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების მშენებლობის გენერალურ გეგმებში, აღნიშნული ქალაქების საცხოვრებელი და საწარმოო რაიონების განაშენიანების დაპროექტებისას დეტალური დაგეგმარების პროექტებში. აგრეთვე შესაძლო ნგრევის ზონებს მიღმა ტერიტორიებზე განლაგებულ არაკატეგორირებული ქალაქების და დასახლებების განაშენიანების დაპროექტებისას; ბ) მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის იმ წარმოებების რეკონსტრუქციისა და ახლების დაპროექტებისას, რომლებიც განლაგებულნი არიან შესაძლო ნგრევის ზონებში, აგრეთვე საქალაქო მეურნეობის იმ ობიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების სასიცოცხლო ქმედითუნარიანობას ომის დროს. 3. ახლად დასაპროექტებელი, გასაფართოებელი და სარეკონსტრუქციო დაწესებულებებისათვის, სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს გენერალურ გეგმებში, კატეგორირებული ქალაქების დეტალური დაგეგმარების და განაშენიანების პროექტებში შენობა-ნაგებობების ტექნიკური პროექტების ცალკეული თავების სახით. 4. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებსა და მოწყობილობებზე დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებასთან, ახლად დასაპროექტებელი, გასაფართოებელი და სარეკონსტრუქციო კატეგორირებული ქალაქების, წარმოებების, შენობების და ნაგებობებისათვის უნდა განისაზღვროს ხარჯთაღრიცხვით, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების თანახმად. ისინი შეტანილ უნდა იქნას ცალკეული შენობა-ნაგებობების ხარჯთაღრიცხვაში და სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის შემაჯამებელი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თავების მიხედვით საერთო დანახარჯებში. 5. დავალებები სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა და დამცავი ნაგებობების დაპროექტებაზე შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან. მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი 1. საგანგებო სიტუაციის წყარო – საშიში ბუნებრივი მოვლენა, ავარია ან სახიფათო ტექნოგენური შემთხვევა, ადამიანების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება და მცენარეთა საკარანტინო მავნებლები, აგრეთვე, დაზიანების თანამედროვე საშუალებათა გამოყენება, რის შედეგადაც წარმოიქმნა ან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია; 2. საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა, როცა ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში საგანგებო სიტუაციის წყაროს წარმოქმნის შედეგად ირღვევა ადამიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე, ზარალდება მოსახლეობა, ეროვნული მეურნეობა და ბუნებრივი გარემო; 3. ეკონომიკის ობიექტი – სამრეწველო და სოციალური დანიშნულების საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის განურჩევლად, რომლებიც ხასიათდებიან მართვის ერთიანი სისტემით, სადაც მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობით დამოუკიდებლად ხორციელდება მატერიალური ან ინტელექტუალური პროდუქციის შექმნა ან მომსახურება. 4. სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ქალაქი (შემდგომ კატეგორირებული ქალაქი) – ქალაქი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ, პირველ, მეორე ან მესამე ჯგუფს მისი ადმინისტრაციულ – პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვითი მნიშვნელობით. ქალაქების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა; 5. სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორირებული ობიექტი (შემდგომ კატეგორირებული ობიექტი) – განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტი, აგრეთვე ობიექტი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით პირველ ან მეორე ჯგუფს ეროვნულ მეურნეობასა და ქვეყნის თავდაცვაში მისი მნიშვნელობით. ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა; 6. შესაძლო ნგრევის ზონას წარმოადგენს ტეროტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქებსა და ეკონომიკის ობიექტებს, რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 10 კპა. (0,1 კგძ/სმ2) და მეტი ჭარბი წნევით, ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი. ა) შესაძლო ნგრევის ზონად კატეგორირებული ქალაქებისათვის მიიღება ზონა მათი საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 7 კმ-ის ფარგლებში, ხოლო კატეგორირებული ობიექტებისათვის – საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 10 კმ-ის ფარგლებში. ბ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონას წარმოადგენს ტერიტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქს ან კატეგორირებულ ეკონომიკის ობიექტს და რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 30 კპა. (0,3 კგძ/სმ2) და მეტი ჭარბი წნევით ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი. გ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის საზღვრები კატეგორირებული ქალაქებისათვის დგინდება მათი საპროექტო განაშენიანების ფარგლებში, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 3 კმ-ის დაცილებით. დ) კატასტროფული დატბორვის ზონა ეს არის ტერიტორია, სადაც დატბორვამ შეიძლება გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების ნგრევა, ხალხის დაღუპვა, სამრეწველო წარმოებათა მთავარი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა და სხვა მატერიალური ფასეულობების განადგურება. ე) შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის ფორმირება ხდება მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტებისათვის საფრთხის ხარისხისა და გამრღვევი (წამლეკი) ტალღის ზემოქმედების პირობების მიხედვით. ვ) განსაკუთრებით საშიში დატბორვის ზონის ტერიტორია ჰიდროკვანძის ნაგებობის სადაწნევო ზედაპირიდან შემოიფარგლება კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღის ფრონტი გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 1 საათის განმავლობაში. იგი წარმოადგენს შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის საწყის ნაწილს. ზ) ჰიდროკვანძის ნაგებობის მოულოდნელი ნგრევის შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების გამაფრთხილებელი (წინასწარი) ღონისძიებების ჩატარების დრო შეადგენს 1 საათს, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობისათვის სიგნალის მიწოდების დროის ხანგრძლივობის (30 წუთის) და განსაკუთრებით სახიფათო დატბორვის ზონიდან მათი დამოუკიდებლად უმოკლესი მარშრუტით გამოსვლისათვის საჭირო დროთა ხანგრძლივობების (30 წუთის) ჯამს. თ) სახიფათო დატბორვის ზონის ტერიტორია შემოიფარგლება კაშხლიდან (წამლეკი ტალღის მოძრაობის) კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღა გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში. 7. შესაძლო სახიფათო რადიაქტიური დაბინძურების ზონა – ეს არის ტერიტორია, რომლის გარე საზღვარი მოცილებულია კატეგორირებული ქალაქის ან კატეგორირებული ეკონომიკის ობიექტის შესაძლო ნგრევის ზონის გარე საზღვრიდან 20 კმ-ით, 4000 მვტ სიმძლავრის ატომური სადგურების შემთხვევაში 30 კმ-ით, უფრო მეტი სიმძლავრის ატომური სადგურებისათვის კი 50 კმ-ით. შესაძლო ძლიერი რადიაქტიური დაბინძურების ზონა მოიცავს ტერიტორიას 100 კმ-ის სიგანით, რომელიც ემიჯნება შესაძლო სახიფათო რადიაქტიული დაბინძურების ზონის გარე საზღვარს. შესაძლო სახიფათო ქიმიური დაბინძურების ზონა ყალიბდება შხამიანი ნივთიერებების სახისა და რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად მისი საზღვრები დგინდება კონკრეტული მონაცემების საფუძველზე ცალკეული ქიმიურად სახიფათო ობიექტებისათვის ინდივიდუალურად (გარემო და ტექნოლოგიური პირობების შესაბამისად). 8. ყვითელი ზოლი – გეგმაზე აღნიშნული უბანი, რომელშიც აღნიშნულია ქალაქის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო განაშენიანებაში სტაბილურად ფუნქციონირებადი მაგისტრალების გასწვრივ შესაძლო ჩახერგვის ზონათა საზღვრები.
თავი II ქალაქების დაგეგმარება და ობიექტების განლაგება მუხლი 3. ობიექტების განლაგება 1. ახალი ეკონომიკის ობიექტები, როგორც წესი, არ უნდა განლაგდნენ კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში. გამონაკლისს წარმოადგენენ ის წარმოებები, რომლებიც მოცემული ქალაქის მოსახლეობის მომსახურეობას ეწევიან. ახალი კატეგორირებული ობიექტები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევის ზონების და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ. 2. ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების (ნავთობი, ბენზინი, ზეთი და სხვა) გადამამუშავებელი საწარმოები, აგრეთვე საბაზისო და მიწისზედა საწყობები უნდა განთავსდეს ადგილმდებარეობის ქანობზე კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო საწარმოების, აგრეთვე ავტომაგისტრალის და რკინიგზის ხაზს ქვევით, ტევადობების დაზიანების შემთხვევაში საწვავი სითხეების უსაფრთხო ადგილებში გატანის შესაძლებლობის გათვალისწინებით. 3. ნავთობპროდუქტების და ნავთობის საწყობები, რომლებიც აიგება მდინარეების ნაპირებთან უნდა იყოს განლაგებული დასახლებული პუნქტებიდან, ნავსადგურებიდან, სამდინარო სადგურებიდან, ჰიდროელექტროსადგურიდან, ჰიდროტექნიკური ნაგებობებიდან, გემთმშენებელი და სარემონტო ქარხნებიდან, სარკინიგზო ხიდებისა და წყალგამტარი სადგურებიდან მდინარის დინების მიმართულებით არანაკლებ 100 მეტრით ქვემოთ. 4. მანძილი თხევადი სათბობის ან გათხევადებული გაზის შესანახ მიწისქვეშა რეზერვუარების მქონე ობიექტებიდან სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საცხოვრებელი შენობების კედლებამდე მათი აფეთქების შემთხვევაში (როცა ისინი მთლიანად შევსებული არიან) განვითარებული დამაზიანებელი ფაქტორების (თბური, ქიმიური, დარტყმითი ტალღა და სხვა) ზემოქმედების უსაფრთხოების პირობიდან გამომდინარე არ უნდა იყოს 50 მეტრზე, ხიდებამდე და რკინიგზის სავალ ნაწილამდე - 180 მეტრზე, რკინიგზის ჩიხებამდე – 80 მეტრზე, ხოლო მდინარის ნაპირამდე 100 მეტრზე ნაკლები. 5. ავარიული გაჟონვის შემთხვევაში შხამიანი ნივთიერებების გასანეიტრალებლად საცავების ახლოს გათვალისწინებულ უნდა იქნას წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების, მომწამლავი ნივთიერებების შემკრები (დამჭერი) თასისებრი კონსტრუქციებისა და მიმმართველი სადინარების მოწყობა. 6. წარმოებებში, რომლებიც აწარმოებენ ან მოიხმარენ ძლიერმოქმედ შხამიან და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ასეთი ნივთიერებების მარაგის, წარმოების ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმუმამდე შესამცირებელი ღონისძიებები. კატეგორირებულ ქალაქებში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ბაზების და საწყობების აგების დროს შესანახი სათადარიგო მოცულობების რაოდენობა დგინდება სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მიერ შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით. 7. ახალი ობიექტები და საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული თავდაცვითი მნიშვნელობა, სახელმწიფოს მატერიალური და სასურსათო სათადარიგო ბაზები, გამანაწილებელი მაცივრები, თხევადი საწვავის და სხვა სტრატეგიული მასალების საწყობები რეკომენდირებულია განლაგდეს სამთო გამონამუშევრებში (თუ, ეს ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია). 8. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების მოსახლეობის საქონლით მიმდინარე მომარაგების მიზნით ახალი ბაზების, საწყობების, გამანაწილებელი მაცივრების და სხვა საცავების მშენებლობა უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომელიც ნორმების მიხედვით არ აღემატება საქონლის შესანახ სასაწყობო მოცულობებზე მოთხოვნილებას. საბაზისო სასურსათო საწყობები, რომლებიც განკუთვნილია კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობის კვების პროდუქტებით მიმდინარე მომარაგებისათვის უნდა განლაგდნენ ქალაქის გარეუბნებში. არ დაიშვება იმ საწყობების ერთად განლაგება, რომლებიც ამარაგებენ კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობას ძირითადი კვების პროდუქტებით. 9. სასურსათო საწყობები, გამანაწილებელი მაცივრები და პირველადი მოხმარების საქონლის საწყობები, ადვილად აალებადი და საწვავი სითხეების საბაზისო საწყობები, ასევე კატეგორირებული ქალაქების მოსახლეობის მომარაგებისათვის განკუთვნილი საქონლის საცავები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ, ხოლო ახალი სახელმწიფო მატერიალური და სასურსათო რეზერვების საწყობები – შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ. 10. არსებული, მშენებარე და ასაშენებელი მსხვილი წყალსაცავების შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონებში აკრძალულია ახალი კატეგორირებული ეკონომიკის ობიექტების, შხამქიმიკატების მწარმოებელი და გამომმუშავებელი საწარმოების, სასურსათო ბაზებისა და საწყობების მშენებლობა. ახალი საცხოვრებელი რაიონები ქალაქებში უნდა განლაგდეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც დატბორვის საშიშროება არ არსებობს. 11. მინიმალური დასაშვები მანძილები ატომური ელექტროსადგურებიდან ქალაქების საპროექტო განაშენიანების საზღვრებამდე დგინდება მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. აღნიშნული ობიექტის გარშემო 30 კმ-იან ზონაში დასაშვებია დასახლებული პუნქტების არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იქ მცხოვრები მოსახლეობის სიმჭიდროვე სადგურის ექსპლოატაციის დამთავრებამდე მთელი პერიოდის განმავლობაში 1 კვ.კმ-ზე არ აღემატება 100 ადამიანს, მათი საერთო რაოდენობა კი – 50 ათასს, ხოლო დასახლებული პუნქტის დაშორება ატომური ელექტროსადგურის საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან ამ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს 8 კმ-ზე ნაკლები. 12. ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერებების, ფეთქებადი, საწვავი და სხვა მასალების ბაზისური საწყობები უნდა აშენდეს ქალაქგარე ზონებში. მათი დასახლებული პუნქტებიდან და ეკონომიკის ობიექტებიდან დაშორება განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით კატეგორირებულ ქალაქებში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ბაზების და საწყობების აგებისას, შესანახი მარაგის მოცულობა დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით. 13. პანსიონატები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები უნდა განთავსდეს შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონის გარეთ. მუხლი 4. ქალაქების დაგეგმარება და განაშენიანება 1. არსებული კატეგორირებული ქალაქების რეკონსტრუქციისა და გაფართოებისას, აგრეთვე ახალი დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობისას მწვანე ნარგავები (პარკები, ბაღები, ბულვარები) და ქალაქის ტერიტორიები, რომლებიც თავისუფალია განაშენიანებისაგან (წყალსატევები, სპორტული მოედნები და ა.შ.) უნდა შედიოდნენ ცალკეულ ზონებში, რომლებიც მიიღებიან ქალაქის ტერიტორიის დაყოფით საცხოვრებელ რაიონებად ფართობით არაუმეტეს 250 ჰა-სა. მანძილი ამ ზონებს შორის ანუ სიგანე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებისა ტოლი უნდა იყოს არანაკლებ 100 მ-სა. მწვანე ნარგავების და გაუნაშენიანებელი ტერიტორიები მაგისტრალურ ქუჩების ქსელთან ერთად უნდა უზრუნველყოფდეს ქალაქის დანგრეული ნაწილებიდან ქალაქგარეთ პარკებში და ტყეებში თავისუფალი გასასვლელების მოწყობის შესაძლებლობას. 2. კატეგორირებულ ქალაქებში მაგისტრალური ქუჩები საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებიდან ტრანსპორტის გატარებას უნდა უზრუნველყოფდნენ არა ნაკლებ ორი მიმართულებით. აღნიშნული მაგისტრალები სხვა საავტომობილო და სარკინიგზო გზებს სხვადასხვა დონეზე უნდა კვეთდნენ. მაგისტრალური ქუჩის ორივე მხარეს განლაგებულ შენობებს შორის მანძილი 15 მ-ით მეტი უნდა იყოს ყველაზე მაღალი შენობის (გარდა სეისმომედეგი კარკასული მაღლივი შენობებისა) სიმაღლეზე. 3. კატეგორირებული ქალაქების შიდასაქალაქო სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებისას აუცილებელია ცალკეულ საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებს შორის საიმედო მიმოსვლისა და ქალაქგარე მაგისტრალამდე თავისუფალი გასასვლელის გათვალისწინება, ასევე ქალაქის ცენტრის, საწარმოო და საცხოვრებელი რაიონების რკინიგზასა და ავტოსადგურებთან, სამდინარო, საზღვაო პორტებთან და აეროპორტებთან ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი გზით დაკავშირება. სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ქალაქსა და მიმდებარე რაიონებს შორის დამაკავშირებელი გზების დუბლირება. კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებში ქუჩისა და საავტომობილი გზის რკინიგზასთან, ასევე საავტომობილი გზების ურთიერთ გადაკვეთისას უნდა იყოს გათვალისწინებული ერთ დონეზე განხორციელებული გზაგამტარიდან არანაკლებ 50 მეტრით დაშორებული სათადარიგო გადასასვლელი. 4. კატეგორირებული ქალაქების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და გაფართოებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მგზავრების გადაჯდომის შესაძლებლობა საქალაქო ტრანსპორტიდან საქალაქთაშორისო სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე, შეთავსებული პლატფორმების ან სხვადასხვა დანიშნულების პლატფორმებს შორის მოკლე გადასასვლელების საშუალებით. 5. ახალი ქალაქების დაგეგმარებისა და განაშენიანებისას, ასევე არსებული კატეგორირებული ქალაქების გაფართოებისას დამხარისხებელი სარკინიგზო სადგურები და კვანძები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ. ა) ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო სადგურები. ბ) კატეგორირებული ქალაქების რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნას არსებული დამხარისხებელი სარკინიგზო სადგურების და კვანძების თანდათანობითი გატანა შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ; სათანადო დასაბუთების შემთხვევაში დასაშვებია მათი გაფართოება ადრე დადგენილ საზღვრებში. 6. კატეგორირებული ქალაქების ავტობუსების, სატვირთო და მსუბუქი ავტოტრანსპორტის გარაჟები, ტროლეიბუსების დეპო და ტრამვაის პარკები უნდა განლაგდეს განცალკევებით, უპირატესად ქალაქის გარეუბნებში. 7. აღდგენითი მკურნალობის საქალაქო საავადმყოფოები (ონკოლოგიური, ტუბერკულოზის, ფსიქიატრიული და სხვა საავადმყოფოები), ასევე სკოლა ინტერნატები უნდა განთავსდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ. 8. კატეგორირებული ქალაქების პარკებში, ბაღებში, სკვერებში და სხვა განაშენიანებისაგან თავისუფალ ტერიტორიებზე აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ხელოვნური წყალსატევების მოწყობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენება ხანძრების ჩასაქრობად. მათი განლაგება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი წყალსატევების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ა) წყალსაცავების მოცულობა გაიანგარიშება შემდეგი ხარჯით 3000 კუბ. მეტრი წყალი ქალაქის 1 კვ.კმ ტერიტორიაზე, ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია ამ ნორმის შემცირება 1500 კუბ. მეტრამდე 1 კვ.კმ ტერიტორიაზე. ბ) მდინარის და წყალსატევების ნაპირებთან უნდა მოეწყოს მისასვლელები, რათა უზრუნველყოფილ იქნას წლის ნებისმიერ დროს წყლის ერთდროული ამოღება არანაკლებ 3 ავტომანქანით. 9. კატეგორირებული ქალაქების გენერალური გეგმის შედგენისას (დეტალური დაგეგმარების პროექტი) დამუშავებული უნდა იყოს ყვითელი ზოლების გეგმა. 10. მაგისტრალური საავტომობილო გზები დაშორებული უნდა იყოს მსხვილი ქალაქების განაშენიანების საზღვრიდან არა უმცირეს 2 კმ-ით. საგარეუბნო ზონებში გათვალისწინებული უნდა იყოს გარე ავტომაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები. 11. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების განლაგება: ა) რადიოაქტიური ნივთიერებებით შესაძლო დაბინძურებად ტერიტორიებზე; ბ) ღვარცოფ, ზვავ და მეწყერსაშიშ ტერიტორიებზე; გ) მაღაროებისა და სხვა სამრეწველო ობიექტების სახიფათო ზონებში; დ) შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონებში, სადაც შესაძლო დატბორვის სიღრმეა 1,5 მეტრი, მოსალოდნელია შენობა-ნაგებობათა ნგრევა, ადამიანთა მსხვერპლი და საწარმოო მოწყობილობათა მწყობრიდან გამოსვლა; ე) სეისმური ზონების აქტიური რღვევების მიმდებარე რაიონებში. 12. საწარმოთა სამოქალაქო თავდაცვის დამცავ ნაგებობებში თავშეფარებულთა საერთო რაოდენობა „ომიანობის დროს” სამინისტროებსა და უწყებებში განისაზღვრება ცვლაში დადგენილი მომუშავეთა მაქსიმალური რაოდენობით. აგრეთვე „საგანგებო პერიოდში” ცვლაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეთა და დამხმარე პერსონალის რიცხობრივი შემადგენლობით. 13. კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში განლაგებული საწარმოების მუშა-მოსამსახურეთა (უდიდესი სამუშაო ცვლის) დაცვა, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას ომიანობის დროს, ასევე სამუშაო ცვლის – ობიექტებისა და სამსახურების მორიგე და სახაზო პესონალის, რომლებიც უზრუნველყოფენ მითითებული ქალაქებისა და ობიექტების სტაბილურ ფუნქციონირებას, გათვალისწინებული უნდა იქნეს მშვიდობიან დროს ეროვნული მურნეობის მოთხოვნილებისამებრ გამოყენებულ თავშესაფრებში. ა) თავშესაფრებმა უნდა უზრუნველყონ თავშეფარებულთა დაცვა დამრტყმელი ტალღის, გამჭოლი რადიაციის, ატომური აფეთქების რადიოაქტიური დაბინძურებისა და სინათლის გამოსხივებისაგან, ხანძრის დროს მაღალი ტემპერატურებისა და წვის პროდუქტებისაგან, ასევე მომწამლავი და ბაქტერიული საშუალებებისაგან. ბ) თავშესაფრები უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა დაცვას განუწყვეტლივ ორი დღე-ღამის განმავლობაში. 14. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონების საზღვრებს გარეთ მდებარე სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით მეორე კატეგორიის ობიექტებზე და ეროვნული მეურნეობის სხვა ობიექტებზე მუშა-მოსამსახურეების, ასევე არაკატეგორირებული ქალაქების, დასახლებების და სოფლების მოსახლეობის, კატეგორირებული ქალაქებიდან ევაკუირებული მოსახლეობის დაცვა გაითვალისწინება რადიაციასაწინააღმდეგო საფრებში, რომლებიც მშვიდობიან დროს გამოყენებულია ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებისამებრ და მოსახლეობის მომსახურებისათვის. რადიაციასა-წინააღმდეგო საფრები უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა საანგარიშო რაოდენობის დაცვას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან რადიაქტიული დაბინძურების დროს განუწყვეტლივ 1-2 დღე-ღამის განმავლობაში. 15. საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის დასაცავად და ეკონომიკის ობიექტების სტაბილური ფინქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უპირატესობა ენიჭება სამოქალაქო თავდაცვის დამცავი ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობისათვის (განთავსებისათვის) ქალაქების მიწისქვეშა სივრცეების ათვისება-გამოყენებას. ამავე მიზნებისათვის მიზანშეწონილია გარდაიქმნას არსებული და ახალი მშენებარე შენობა-ნაგებობების მიწისპირა (ნახევრად ჩაღრმავებული) და მიწისქვეშა სართულები. 16. თავშესაფრად გამოსაყენებელი სათავსოების ჩაშენება გათვალისწინებული უნდა იყოს სამრეწველო დაწესებულებების მშენებარე საწარმოო და დამხმარე შენობების, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სხვა შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულებზე, ასევე ნახევრად ჩაღრმავებული ცალკე მდგომ ნაგებობებში. თავშესაფრებად უნდა გამოიყენებოდეს ქალაქის მიწისქვეშა სივრცეში განთავსებული საყოფაცხოვრებო, დამხმარე და სასაწყობო სათავსოები (გარდა ადვილადაალებადი, ფეთქებადი, მომწამლავი, შხამიანი და დაუფასოებელი ფხვიერი მასალების საწყობებისა), სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სპორტული დანიშნულების სათავსოები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვა ნაგებობები. ა) ცალკე მდგომი თავშესაფრების მშენებლობა, მშვიდობიან დროს ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებებისათვის გამოყენების გათვალისწინებით, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ობიექტებზე არ მიმდინარეობს ახალი მშენებლობა, ასევე იმ შემთხვევაში, როცა რთული ჰიდროგეოლოგიური და სხვა პირობების გამო ცალკე მდგომი ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ნაკლებია ჩაშენებულ თავშესაფრების ღირებულებაზე. ბ) თავშესაფრებად გამოსაყენებელ სათავსოებს უნდა გააჩნდეთ ახლომდებარე შენობებისა და ნაგებობების ნგრევის შედეგად შესაძლო ხერგილების წარმოქმნის ზონებს გარეთ ავარიული გასასვლელები. გ) ავარიული გასასვლელები დასაშვებია მოეწყოს იმ თავშესაფრებისათვის, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან უსაფრთხო გადასასვლელებით. დ) იმ წარმოებებში, სადაც ორგანიზება უკეთდება მუშა-მოსამსახურეთა დაცვას, ერთ-ერთ თავშესაფარში გათვალისწინებული უნდა იყოს მართვის პუნქტის მოწყობა საგანგებო შტაბის განსათავსებლად. 17. სამოქალაქო თავდაცვის დამცავი ნაგებობები (თავშესაფრები და რადიაციასაწინააღმდეგო საფრები), რომლებიც მშვიდობიან დროს გამოიყენება ეროვნულ მეურნეობაში და მოსახლეობის მომსახურებისათვის, ადამიანთა შესაფარებლად მზადყოფნაში უნდა იქნას მოყვანილი არაუმეტეს 12 საათის განმავლობაში. 18. დამუშავებულ მიწისქვეშა მაღაროებში და გამოქვაბულებში, სადაც ეს შესაძლებელია და მიზანშეწონილია, უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის დაცვისათვის თავშესაფრებისა და რადიაციასაწინააღმდეგო საფრების მოწყობა. 19. მძიმე ავადმყოფების დაცვისათვის, რომელთა ევაკუირება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია (არატრანსპორტაბელური ავდმყოფები), ასევე მათი მომსახურე პერსონალისათვის კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებში განლაგებული სამკურნალო პროფილის დაწესებულებების (საავადმყოფოები, კლინიკები) ახლად დასაპროექტებელ შენობების სარდაფებში გათვალისწინებული უნდა იყოს თავშესაფრების მოწყობა, რომლებიც მშვიდობიან დროს გამოყენებული იქნება სამკურნალო დაწესებულების საჭიროებისამებრ. 20. სამკურნალო დაწესებულებების თავშესაფრებში მოსათავსებელ ავადმყოფთა რაოდენობა განსაზღვრულია მშვიდობიან დროს სამკურნალო დაწესებულების საერთო საპროექტო ტევადობის 10%-მდე. 21. ქალაქის საპროექტო განაშენიანების საზღვრებში აგებული თავშესაფრები, უნდა უზრუნველყოფდნენ თავშეფარებულთა დაცვას ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღის ჭარბი წნევის ზემოქმედებისაგან, სიდიდით 1 კგძ/სმ.კვ ანუ 100 კპა, ხოლო მათი მაიონიზირებელი რადიოაქტიური გამოსხივების შემამცირებელი კოეფიციენტი უნდა იყოს 1000-ის ტოლი. 22. რადიაციასაწინააღმდეგო საფრები შენდება შესაძლო სუსტი ნგრევის ზონაში, ასევე I კატეგორიის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის მიღმა. მათი შემომფარგლავი კონსტრუქციები გათვლილი უნდა იყოს 20 კპა (0,2 კგძ/სმ.კვ) ჭარბი წნევის ზემოქმედებაზე დარტყმითი ტალღის ფრონტში. 23. რადიაციასაწინააღმდეგო საფრების (მათი განთავსების მიხედვით) საჭირო რადიაციასაწინააღმდეგო დაცვის (მაიონიზებელი რადიაციული გამოსხივების დოზის შემამცირებელი) კოეფიციენტების მნიშვნელობები მოცემულია დანართი 1.
თავი III შენობები და გარე საინჟინრო ქსელები მუხლი 5. საწარმოო და სასაწყობო შენობები 1. შესაძლო ნგრევების ზონებში განლაგებული საწარმოო შენობების დაპროექტების დროს მიზანშეწონილია მსუბუქი შემომფარგლავი ცეცხლგამძლე ან ძნელადწვადი კონსტრუქციების გამოყენება. ტექნოლოგიური მოწყობილობა, იმ შემთხვევაში, როცა ეს ექსპლოატაციის პირობებით დაშვებულია, შესაძლებელია განლაგდეს ღია მოედნებზე ან გადახურულ ფარდულებში. 2. ობიექტებზე შენობა-ნაგებობანი უნდა განლაგდნენ ხანძარსაწინააღმდეგო ინტერვალებით, რომლის სიგანე გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
L=H1+H2+15 (მ) სადაც H1 და H2 – მეზობელ შენობათა სიმაღლეებია მეტრებში. 3. იმ საწარმოო შენობების ტიპზომების შერჩევისას, რომლებიც განთავსებულია შესაძლო ნგრევის ზონებში და საგანგებო ვითარებაში აგრძელებენ მუშაობას, უპირატესობა ენიჭება ნაკლები აფრიანობის, რკინაბეტონის კარკასისა და ჩაღრმავებული ტიპის შენობებს. 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის საწარმოო ნაგებობები უნდა აშენდეს ჩაღრმავებული ან დაბალი სიმაღლის, მართკუთხა ფორმის, რაც შეამცირებს მათ აფრიანობას და აამაღლებს მედეგობას დარტყმითი ტალღის ზემოქმედებაზე. 5. ფეთქებად და ხანძარსაშიში ობიექტების დაპროექტებისას დამატებით გათვალისწინებულ უნდა იქნას შხამიან და ფეთქებად ნივთიერებათა საცავების (ტევადობების) კონსტრუქციული გაძლიერება ან მათზე ზღუდარებისა და ნამსხვრევების ამრიდი სპეცკონსტრუქციების მოწყობა შესაძლო ავარიების შედეგად დამაზიანებელი ფაქტორების გაანგარიშების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნაგებობები მდებარეობენ დანართი 2-ში მითითებული ჩახერგვის ზონის ფარგლებში, აუცილებელია მათი დამატებით გაანგარიშება ვარდნილი კონსტრუქციების ზემოქმედებაზე. 6. შხამიან და ფეთქებად ნივთიერებათა საცავი ტევადობების, კომუნიკაციების და ტექნოლოგიური დანადგარების დაპროექტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მათი აღჭურვა ავტომატური და ხელის მოწყობილობებით (თერმორეგულიატორები, ავარიულად დამცველი მოწყობილობები და სხვა), რომლებიც შესაძლო ავარიის შემთხვევაში გამორიცხავენ შხამიან ნივთიერებათა გარემოში გაჟონვას. 7. ახლად მშენებარე და რეკონსტრუირებადი წარმოებების პროექტებში, რომლებიც აწარმოებენ ან მოიხმარენ ძლიერმოქმედ შხამიან (ძმშნ) და ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, უნდა იქნას გათვალისწინებული დარტყმითი ტალღის დამანგრეველი მოქმედებისაგან მოცულობების და კომუნიკაციების დაცვა (საფენის მოწყობა დაბალ საყრდენებზე, გრუნტზე ან შემოზვინვა), ასევე ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავენ ძმშნ-ს და ფეთქებადსაშიში სითხეების თავისუფალ დაღვრას (მიწისქვეშა შენახვა და ქვედონეების მოწყობა, ჩასარეცხი ავარიული მოცულობების, თვითჩამკეტი უკუსარქველების, მიმართული სადინარებით აღჭურვილი დამჭერებისა და ამბარების მოწყობა). 8. სასაწყობო ნაგებობებში ფანჯრების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს. ადვილად აალებად ნივთიერებათა სასაწყობო ნაგებობები უნდა იყვნენ ჩაღრმავებული ტიპის, რომლებიც ცალკეულ ბლოკებად იქნებიან განლაგებულნი. 9. სურსათის და სასურსათო ნედლეულის საწყობებისთვის შენობათა ტიპის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სილოსური ტიპის ნაგებობებს და დახურულ რეზერვუარებს. 10. საწარმოო შენობების და სასურსათო პროდუქტების გადასამუშავებელ სამრეწველო ნაგებობათა, ასევე შესაძლო ნგრევის ზონაში განლაგებული სასურსათო საწყობების დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას კარებების, ფანჯრების და სავენტილაციო ღიობებიდან მათში რადიოაქტიური მტვერის შეღწევის თავიდან აცილება. 11. საწარმოთა ათი და მეტ ადგილიანი საშხაპე შენობები, არაკატეგორირებული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აბანოები აუცილებელია დაპროექტდეს იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი გამოყენებულ იქნან დასნებოვნებული ადამიანების სანიტარული დამუშავებისათვის. 12. ავტომანქანების სამრეცხაოები, გარაჟები, ავტოპარკები და მომსახურების სადგურები აუცილებელია დაპროექტდეს იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლებოდეს მათი გამოყენება ავტოტრანსპორტის გაუსნებოვნებისათვის. 13. მექანიკური სამრეცხაოების, ქიმწმენდი ფაბრიკებისა და საწარმოო შენობების დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მათი გამოყენება ომის დროს ტანსაცმლის გაუსნებოვნებისათვის. მუხლი 6. წყალმომარაგება. 1. წყალმომარაგების ახლად დასაპროექტებელი სისტემები, რომლებიც კვებავენ ცალკეულ კატეგორირებულ ქალაქებს ან რამდენიმე ქალაქს, რომელთა რიცხვშიც არის კატეგორირებული ქალაქები (განსაკუთრებული მნიშვნელობის და I კატეგორიის ობიექტები), ბაზირებული უნდა იყოს წყლის ორ დამოუკიდებელ წყაროზე, რომელთაგან ერთი ბუნებრივ პირობებში ეკოლოგიურად დაცულ მიწისქვეშა წყალს უნდა წარმოადგენდეს. თუ ორი დამოუკიდებელი წყაროდან შეუძლებელია წყალმომარაგების სისტემის კვება, დასაშვებია წყლით მომარაგება ერთი წყაროდან სათაო ნაგებობის ორჯგუფა მოწყობილობით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა მდებარეობდეს შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ. 2. საგანგებო სიტუაციებში წყალმომარაგების სათაო ნაგებობების ნაწილის მწყობრიდან გამოსვლისას, დანარჩენები ავარიული რეჟიმით უნდა აწვდიდნენ წყალს სამეურნეო-სასმელ საჭიროებებზე ნორმით ერთ ადამიანზე 31 ლიტრს დღე-ღამეში. ქალაქგარე ზონაში წყალმომარაგების დამცავი ობიექტების ჯამური საპროექტო წარმოება (ცენტრალიზირებული ელექტრომომარაგების შეწყვეტის პირობებში) უნდა იყოს საკმარისი სასმელი წყლით ყველა მაცხოვრებლის, მათ შორის ევაკუირებულთა და ასევე საზოგადოებრივი და პირადი სექტორის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დასაკმაყოფილებლად. ის განისაზღვრება ნორმით: მოსახლეობისათვის – 25 ლიტრი დღე-ღამეში ადამიანზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისათვის – შესაბამისი რეგლამენტებით. ა) ყველა სათაო სადგურის მწყობრიდან გამოსვლისას ან წყლის წყაროების მოწამვლის შემთხვევაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისათვის საჭიროა რეზერვუარის მოწყობა სამი დღე-ღამის მარაგით, ნორმით დღე-ღამეში 10 ლიტრი ადამიანზე (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე). ბ) შესაძლო სახიფათო რადიოაქტიური და ქიმიური დაბინძურების ზონებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია შეიქმნას სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების დაცული ცენტრალიზირებული სისტემები, რომლებიც უპირატესად ბაზირებული იქნებიან მიწისქვეშა წყაროებზე. ამ უკანასკნელის არასაკმარისი სიმძლავრის დროს სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ორი წყაროთი – ზედაპირულით და მიწისქვეშათი. 3. ქალაქების და ობიექტების ტექნიკური წყალმომარაგების ახალი სისტემების დაპროექტებისას და არსებულის რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შექცევადი წყალმომარაგების სისტემების გამოყენება. 4. კომპლექსური დანიშნულების ჰიდროკვანძების ზედა ან ქვედა ბიეფში განლაგებული თბოელექტრო და ატომური ელექტროსადგურების წყალმომარაგების სისტემების დაპროექტებისას, რეკომენდებულია ჰიდროკვანძის სადაწნევო ფრონტის ნაგებობების გარღვევის შემთხვევაში აღნიშნული სისტემებიდან ელექტროსადგურის ტექნიკური წყალმომარაგების შესაძლებლობის გათვალისწინება. მითითებული ტექნიკური წყალმომარაგების სისტემების მუშაობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობა დგინდება ვარიანტების ტექნიკურ-ეკონომიკური შედარების საფუძველზე. 5. ქალაქების, დასახლებების, დასახლებული პუნქტების და სამრეწველო წარმოებების წყალმომარაგებისათვის ყველა არსებულ და დასაპროექტებელ წყალშემკრებ ჭაბურღილებს უნდა ჰქონდეთ მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას სამეურნეო-სასმელი მოთხოვნილებისათვის ჭურჭელში გადასხმის გზით, ჭაბურღილების დებიტით 5 ლ/წმ. ამის გარდა უნდა გააჩნდეთ მოწყობილობა სახანძრო მანქანების მიერ წყლის ამოსაღებად. 6. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების ცენტრალიზირებულ წყალმომარაგების სისტემებში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქსელში სუფთა წყლის მიწოდების შესაძლებლობა წყალდამწნევი კოშკების გვერდის ავლით. სუფთა წყლის რეზერვუარები უნდა იყოს აღჭურვილი ჰაერის მტვერგამწმენდი ვენტილაციით, მოძრავ ჭურჭელში წყლის გასანაწილებელი მოწყობილობით და ჰერმეტული სარქველებით. 7. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე რამდენიმე დამოუკიდებელი წყალსადენის (კომუნალური და საწარმოო) დაპროექტებისას სანიტარული წესების დაცვით გათვალისწინებულ უნდა იქნას ერთი წყალსადენიდან მეორეში წყლის გადაყვანის შესაძლებლობა. 8. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე ახალი წყალსადენების მშენებლობისას არსებული წყალსადენები და სათავო ნაგებობები დაცული უნდა იქნას მათი შემდგომში სარეზერვოდ გამოყენების მიზნით. 9. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების საწარმოო საჭიროებისათვის ტექნიკური წყლის მისაწოდებელი წყალსადენების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი გამოყენება ხანძრის ქრობისას. 10. კატეგორირებული ქალაქის და ობიექტის სახანძრო ჰიდრანტები, ასევე წყალსადენის დაზიანებულ უბნებზე წყლის გადამკეტი ურდულები უნდა განლაგდეს შესაძლებლობის მიხედვით ისეთ ადგილებზე, სადაც ისინი შენობების ნგრევის შემთხვევაში ჩახერგვისაგან დაცული იქნებიან. შენობის ირგვლივ მისი ნგრევის შედეგად ჩახერგვის მანძილები მოცემულია დანართი 2-ში. 11. მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის, არსებული და დასაპროექტებელი საშახტო ჭები, ასევე მიწისქვეშა წყლების ამოსაღებად გათვალისწინებული სხვა ნაგებობები დაცული უნდა იყვნენ რადიაციული ნალექების და თხევადი მომწამლავი ნივთიერებების შეღწევისაგან. მუხლი 7. გაზმომარაგება 1. კატეგორირებული ქალაქების ორი და მეტი დამოუკიდებელი მაგისტრალური გაზსადენით მომარაგების დროს გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი გაზგამანაწილებელი სადგურიდან, რომლებიც განლაგებული უნდა იყვნენ ქალაქის განაშენიანების საზღვრის გარეთ სხვადასხვა მხარეს. 2. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე გაზგამანაწილებელი სადგურების და გაზმარეგულირებელი პუნქტების მიწისზედა ნაწილები (გმპ), ასევე კატეგორირებული სამრეწველო წარმოებების გმპ უნდა იყოს აღჭურვილი მიწისქვეშა შემოვლითი გაზსადენებით მათზე დამონტაჟებული გასათიში მოწყობილობებით. 3. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალი და საშუალო წნევის გამანაწილებელი გაზსადენების და მათგან კატეგორირებული სამრეწველო საწარმოებისაკენ მიმავალი განშტოებების მიწისქვეშა გაყვანილობა. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე მაღალი და საშუალო წნევის გაზსადენების ქსელები წრიული უნდა იყოს. 4. გათხევადებული გაზის გასამართი სადგურების მოწყობა საცხოვრებელი, სამკურნალო და სხვა სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებიდან დასაშვებია არა ნაკლებ 300 მ-ის დაშორებით.
თავი IV ელექტრომომარაგება, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და კავშირგაბმულობა მუხლი 8. ელექტრომომარაგება 1. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ცალკეული ენერგოწყაროების შესაძლო დაზიანებისას ენერგეტიკულმა სისტემებმა უნდა უზრუნველყონ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების, ასევე ელექტროფიცირებული რკინიგზების, ქვანახშირისა და მადნის შახტების სტაბილური ელექტრომომარაგება. ენერგოსისტემის ელექტრული ქსელების სქემა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ითვალისწინებდეს ენერგოსისტემის დამოუკიდებლად მოქმედ ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობას. 2. ენერგოსისტემების დაპროექტებისას უნდა იყოს გათვალისწინებული ახალი მსხვილი ელექტროსადგურების (სიმძლავრით 600 მგვტ და მეტი) ერთმანეთისაგან, კატეგორირებული ქალაქებიდან და ობიექტებიდან არანაკლებ შესაძლო ძლიერი დაზიანების ზონის ორი რადიუსის ტოლი მანძილით დაშორება. ა) ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 500 კვ და მეტი ძაბვით, რომლებიც ასრულებენ გაერთიანებულ ენერგეტიკული სისტემების ძირითად სისტემათშორისო კავშირის ფუნქციებს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები 220 და 330 კვ ძაბვით, რომლებიც ასრულებენ ანალოგიურ ფუნქციებს იმ გაერთიანებულ ენერგოსისტემაში, სადაც ისინი წარმოქმნიან მაღალი ძაბვის ქსელს, უნდა იქნან გაყვანილი კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონების საზღვრებს გარეთ. ბ) შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონაში ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით არსებულ ან რეკონსტრუირებულ 500 კვ და მეტი ძაბვის შუალედურ ქვესადგურებთან ან ელექტროსადგურებთან მომიჯნავე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის გარეთ უმოკლესი შემაერთებელი ხაზის გათვალისწინება. ერთმაგი ან ორმაგი სისტემათშორისი კავშირების დაპროექტებისას მათი კომუტაციური კვანძები არ უნდა იყოს შეთავსებული 600 მგვტ და მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობებთან. 3. ენერგეტიკული სისტემის გამანაწილებელი ელექტრული ქსელი 110-330 კვ ძაბვით უნდა იყოს, როგორც წესი წრიული. ელექტროგადამცემი ხაზები შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გადიოდეს სხვადასხვა ტრასებზე ყველა მიმართულებით და უნდა იყვნენ მიერთებული ელექტრომომარაგების რამდენიმე წყაროსთან. ელექტრომომარაგების სისტემების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მცირე სტაციონარული ელექტროსადგურების შენახვა სათადარიგო მიზნებისათვის, ასევე მოძრავი ელექტროსადგურების და ქვესადგურების გამოყენების შესაძლებლობა. 4. ენერგოსისტემებმა უნდა იქონიონ ქალაქგარე სათადარიგო სადისპეჩერო პუნქტები, რომლებიც უნდა განლაგდნენ კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონის საზღვრებს გარეთ. ა) ენერგოსისტემებში ქალაქგარე სათადარიგო სადისპეჩერო პუნქტები (სსპ) ეწყობა დადგენილი წესით, როგორც ცალკე მდგომი, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევებში ქალაქგარე ქვესადგურების ან სარემონტო-საწარმოო ბაზების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩადგმულ-ჩაშენებული ტიპის სსპ. ბ) მითითებულ სადისპეჩერო პუნქტებს უნდა გააჩნდეთ შენობები რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მომსახურე პერსონალის მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად. გ) ენერგოსისტემების სადისპეჩერო მართვის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ცალკეული სისტემების და ენერგორაიონების ცენტრალიზირებული მართვის შესაძლებლობა. 5. კატეგორირებულ ქალაქებში კავშირგაბმულობის კვანძების, სატუმბი სადგურების, სიგნალიზაციის მოწყობილობების, რკინიგზის ხაზების ცენტრალიზაციისა და ბლოკირების, სამრეწველო საწარმოების და სხვა ობიექტების ელექტრომომარაგება, რომელთა მუშაობის შეწყვეტა დაუშვებელია საგანგებო სიტუაციების დროს, უნდა ხორციელდებოდეს ელექტროკვების ორი დამოუკიდებელი წყაროდან, რომლებიც ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლების გამორთვისას არ გაითიშება. 6. მაგისტრალური მილსადენის (გაზსადენების, ნავთობსადენების) გადამტუმბი და კომპრესორული სადგურების ელექტრომომარაგება უნდა ხორციელდებოდეს შესაძლო ძლიერი დაზიანების ზონის საზღვრებს გარეთ განლაგებულ ქვესადგურიდან ან საკუთარი ელექტროსადგურიდან. 7. სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნათა მიხედვით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის – თბოელექტროსადგურის აგრეგატების ჩართვა-გამორთვის მიზნით, მათი ენერგოსისტემიდან გამორთვის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს კვების ახალი სათადარიგო წყარო – ელექტროსადგურზე საკუთარი ავტონომიური წყარო ან გადასატანი ელექტროენერგიის წყარო, რომელიც განთავსებული იქნება შესაძლო ნგრევის ზონის საზღვრებს გარეთ. 8. კატეგორირებულ ქალაქში, რომელიც განლაგებულია ზღვის ან მდინარის ნაპირზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ან მეტი ხომალდის ელექტროდანადგარიდან ელექტროენერგიის მიმღები სანაპირო მოწყობილობის არსებობა. 9. კატეგორირებული ენერგოსისტემის დაპროექტებისას მასში შემავალი თბოელექტროსადგურები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევის ზონის და შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის საზღვრებს გარეთ. იგივე მოთხოვნები ეხება ელექტროგადამცემი ხაზების განთავსებასა და 500 კვ და მეტი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობას. კატეგორირებული ქალაქების გარე ელექტრომომარაგების სისტემების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს კვების რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო, რომელთა ნაწილიც განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ნგრევების ზონის საზღვრებს გარეთ. 10. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, თავდაცვითი მრეწველობის საწარმოებზე, მეტროპოლიტენში, ელექტროფიცირებული რკინიგზის ქალაქგარეთა უბნებზე, წყალ და გაზმომარაგების სისტემებში, სამკურნალო დაწესებულებებში და სხვა ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით განსაკუთრებული და პირველი კატეგორიის ქალაქებში, საჰაერო ხაზები უნდა შეიცვალოს კაბელურით. ის ობიექტები, რომლებზეც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მცირე ხნითაც კი არ შეიძლება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავტონომიური კვების წყაროებით. მუხლი 9. ჰიდროტექნიკური ნაგებობები 1. ჰიდროკვანძების დაპროექტებისა და მშენებლობისას უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სადაწნევო ფრონტის ნაგებობების მდგრადობას, ითვალისწინებენ ზემოთმდებარე ჰიდროკვანძის ნგრევის შემთხვევაში გარღვევის ტალღის მოვარდნის დროს, ასევე ნაგებობების ფრონტზე მისი გავლის პირობებსა და კაშხლის წინასწარ დაცლას. არსებულ და დასაპროექტებელ ჰიდროკვანძებზე, რომელთა სადაწნევო ფრონტის ნაგებობის გარღვევას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული დატბორვა, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას წყალსაცავის მოკლე ვადებში წინასწარი დაცლის ღონისძიებების გატარება. 2. ჰიდროკვანძების სადაწნევო ფრონტის ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ჰიდროკვანძის კატასტროფული ნგრევისას გრავიტაციული ტალღების წარმოქმნისა და გადმოღვრის დროს სადაწნევო ფრონტის ნაგებობების გამძლეობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. სადაწნევო ფრონტის ნაგებობების მედეგობის ასამაღლებელი ღონისძიებები სრულდება ქვეყნის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების მიერ მისი დამტკიცების საფუძველზე. 3. ჰიდროკვანძის სადაწნევო ფრონტის ურდული უნდა შეირჩეს კაშხლის ნგრევის შემთხვევაში ქვედა ბიეფში მინიმალური შესაძლო ნგრევისა და დანაკარგების გათვალისწინებით. 4. საშუალო და მაღალი დაწნევის ჰიდროკვანძების კაშხლებში, რომლებშიც გათვალისწინებულია მაღლა მდებარე ჰიდროკვანძიდან გარღვევის ტალღის ხარჯების გატარება, წყალსაგდები ხვრელების ურდულების ასაწევი ამწეების რიცხვი განისაზღვრება გარღვევის ტალღის მოსვლის დროში ხვრელების გახსნის პირობიდან გამომდინარე. მაღალი დაწნევის ჰიდროკვანძების კაშხლებზე რეკომენდებულია გათვალისწინებულ იქნას სიღრმითი წყალსაგდები ხვრელები წყალსაცავის აუცილებელი წინასწარი დაცლის უზრუნველსაყოფად. 5. კატეგორირებული ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროკვანძის რაბების დაპროექტებისას შემუშავებული უნდა იქნას ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში რაბების მუშაობის სწრაფ განახლებას. რაბის მართვის პულტი მოთავსებული უნდა იყოს ერთ-ერთი რაბის სათაო ნაწილში, საგანგებო შტაბთან კავშირისა და აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფით. 6. სადაწნევო ფრონტის ნაგებობების შესაძლო რღვევის შემთხვევაში ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფის პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს დატბორვის ზონის დონეები და საზღვრები. ჰიდროკვანძის გარღვევისა და დატბორვის საშიშროების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისა და მოსახლეობის შეტყობინების მიზნით სიგნალების გადაცემის უზრუნველსაყოფად ჰიდროკვანძი აღჭურვილი უნდა იყოს დაკვირვებისა და ინფორმაციის გადამწოდი ხელსაწყო–მოწყობილობებით, რომლებიც დაკავშირებული უნდა იყოს ძირითადი და სათადარიგო დისპეტჩერული მართვის პუნქტებთან და საგანგებო შტაბთან, რომლებიც განლაგებული არიან დატბორვის ზონებში. მუხლი 10. კავშირგაბმულობა 1. კავშირგაბმულობის მაგისტრალური საქალაქთაშორისო საკაბელო ხაზები უნდა იქნას გაყვანილი შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონის მიღმა, ხოლო რადიოსარელეო და საჰაერო მაგისტრლური კავშირგაბმულობის ხაზები – შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ. ის ხაზები, რომლებიც გაყვანილია ერთი გეოგრაფიული მიმართულებით აუცილებლად უნდა დაპროექტდეს შესაძლო დატბორვის და კატასტროფული ნგრევის ზონებს მიღმა გამავალი სხვადასხვა ტრასების სახით. 2. კავშირგაბმულობის ქსელური კვანძები უნდა განლაგდეს შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა ტერიტორიებზე დაცულ ნაგებობებში. აღნიშნული კავშირგაბმულობის კვანძები უნდა უზრუნველყოფდნენ ყველა ტრანზიტული კავშირის გადაცემას სხვადასხვა უწყებათა კავშირგაბმულობის პუნქტებსა და ასევე სხვა მაგისტრალურ ხაზებზე, კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების კავშირგაბმულობის შესაბამისი ქსელების გვერდის ავლით. 3. მკვებავი მომსახურებადი გამაძლიერებელი პუნქტი (მგპ), როცა მისი გატანა კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ნგრევის ზონიდან შეუძლებელია, განლაგებული უნდა იყოს დაცულ ნაგებობაში. ა) კაბელური მაგისტრალების არამომსახურებად გამაძლიერებელ პუნქტებს (აგპ), რომლებიც ემიჯნებიან დაცულ ქსელურ კავშირგაბმულობის კვანძებს უნდა ჰქონდეთ მათთან გათანაბრებული დაცვის ხარისხი. ბ) ქსელური კავშირის კვანძისგან ან დაცული მგპ – დან სიმეტრიულ კაბელზე უნდა აიგოს დაცული პირველი აგპ და კოაქსიალურ კაბელზე პირველი სამი აგპ მაგისტრალის ყოველი გამოსასვლელის (შესასვლელის) მიმართულებით. 4. ყველა ტიპის კაბელური მაგისტრალების დაუცველ მგპ-ს შენობებს და მომსახურებადი რადიოსარელეო სადგურების შენობებს უნდა გააჩნდეთ რადიოაქტიური მოწამვლის დროს მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან მომსახურე პერსონალის დაცვის უზრუნველსაყოფად სპეციალური ფართი. 5. მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზების საკვანძო სადგურები (პირდაპირი ხედვის და ტროპოსფერული გაფანტვის) და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან კავშირის დამაბოლოებელი სადგურები უნდა იქნას განლაგებული კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ნგრევის ზონის გარეთ. კავშირის ტრანზიტული არხების ორგანიზაცია სხვა რადიოსარელეო ან კაბელურ მაგისტრალებზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ კავშირის ქსელური კვანძების საშუალებით. 6. კაბელური მაგისტრალების გადაყვანა სანაოსნო მდინარეზე უნდა შესრულდეს ორი კვეთით, რომელთაგან ერთი დასაშვებია გაყვანილ იქნას ხიდზე, ხოლო მეორემ უნდა გადაკვეთოს მდინარის კალაპოტი ხიდიდან არანაკლებ ერთი კილომეტრის მანძილზე. 7. კატასტროფული დატბორვის ზონებში კავშირის კაბელური მაგისტრალური ხაზების დაპროექტებისას კავშირის ხაზების გაყვანა გათვალისწინებულ უნდა იყოს წყალქვეშა კაბელით, ამ ზონებში განთავსებული გამაძლიერებელ (პუნქტების) მოწყობილობათა გვერდის ავლით. 8. სახელმწიფო მნიშვნელობის ახალი მიმღები და გადამცემი რადიოცენტრები უნდა განლაგდეს კატეგორირებული ქალაქების განაშენიანების საპროექტო საზღვრებს გარეთ. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სატელევიზიო ცენტრებზე და მათთან შეთავსებულ რადიომაუწყებლობის ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ ულტრამოკლე ტალღებზე, ასევე სპეცილური დანიშნულების რადიოცენტრებზე. 9. მიმღები და გადამცემი რადიოცენტრებიდან უნდა მოდიოდეს შემაერთებელი ხაზები ქსელურ და ქალაქგარეთა კავშირის კვანძებთან, საიდანაც ხდება ამ რადიოცენტრების მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე გადამცემ და მიმღებ ცენტრებს შორის გათვალისწინებული უნდა იყოს შემაერთებელი ხაზები კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების გვერდის ავლით. 10. ქსელური კვანძები და რადიოცენტრები უნდა დაპროექტდეს უახლოესი 10 წლის მანძილზე მათი განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით. 11. კატეგორირებული ქალაქების ავტომატური სატელეფონო სადგურების დაპროექტების და მშენებლობის დროს, ან არსებულის რეკონსტრუქციისას უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: უნდა მოეწყოს კარადათშორისო კავშირის კაბელები სააბონენტო მოცულობის ნაწილის გადაცემის გათვალისწინებით ყველა რაიონული ა.ს.ს.-დან მეზობელ რაიონებზე, ასევე შემაერთებელი კაბელები საუწყებო ა.ს.ს.-დან საქალაქო სატელეფონო კავშირის მახლობელ გამანაწილებელ კარადებამდე. 12. საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებში და მომსახურებად გამაძლიერებელ სადგურებში იდგმება შეტყობინების ცირკულარული მართვის აპარატურა. კატეგორირებული ქალაქების სათადარიგო მართვის პუნქტებში განთავსებული უნდა იქნას კავშირის დაცული კვანძები, რომლებიც ეკონომიკის ობიექტების მართვის პუნქტებს უნდა უკავშირდებოდეს პირდაპირი საკაბელო ხაზებით. 13. საქალაქთაშორისო საკაბელო და რადიოსარელეო მაგისტრალური ხაზების დაპროექტების და მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი მდგრადობის და რეზერვირების საკითხები, თანამოქმედება მოქმედ საკაბელო და რადიოსარელეო მაგისტრალურ ხაზებთან. მუხლი 11. რადიომაუწყებლობა და ტელევიზია 1. საგანგებო სიტუაციებში შეუფერხებელი ტელერადიომაუწყებლობის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნას: ა) ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე დაცვის სხვადასხვა ხარისხის მქონე მაუწყებლობის დაცული სათადარიგო პუნქტების არსებობა; ბ) სამაუწყებლო ტელეპროგრამების გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს თანამგზავრის ან სარელეო ხაზების გამოყენების მეშვეობით, ხოლო რადიოპროგრამებისათვის დამატებითი სატელეფონო ქსელის გამოყენებით; გ) შესაძლო ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა მდებარე კავშირგაბმულობის ობიექტების შემადგენლობაში გათვალისწინებულ უნდა იქნას მადუბლირებელი სააპარატო–სასტუდიო ბლოკებისა და საქტელერადიოს გადასაადგილებელი საშუალებების ჩართვის პუნქტების შექმნა; დ) რეგიონალური და ადგილობრივი რადიომაუწყებლობის კომპლექსები მოწყობილი უნდა იქნას საიმედოდ დაცულ შენობებში.
თავი V სატრანსპორტო ნაგებობები მუხლი 12. რკინიგზის ხაზები 1. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებული მსხვილი რკინიგზის კვანძები და სადგურები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება შექმნას ხანგრძლივი შეფერხებები მატარებლების მოძრაობისას, უნდა იყოს აღჭურვილი შემოვლითი და შემაერთებელი შტოებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მატარებლების მიერ აღნიშნული კვანძებისა და სადგურების გვერდის ავლას. მსხვილ რკინიგზის კვანძებში და სადგურებში, რომლებიც განლაგებულია არაკატეგორირებულ ქალაქებში, შემოვლითი და შემაერთებელი შტოების მოწყობა ხდება დადგენილი წესით. 2. მოძრაობის განრიგის მოცემულ ფარგლებში მატარებლის შეჩერების გარეშე გატარების ორგანიზაციის მიზნით კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების რკინიგზის კვანძებსა და სადგურებში საჭიროა წინასაკვანძო სადგურების (პუნქტების) გათვალისწინება, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა. 3. დაუშვებელია კატეგორირებულ ქალაქებში მსხვილ რკინიგზის კვანძებზე ახალი ხაზების არსებულთან მიახლოება. მათი დაგეგმარება და განხორციელება უნდა მოხდეს წინასაკვანძო და საუბნო ან შუალედურ სადგურებზე, რომლებიც განლაგებული უნდა იყოს კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებს მიღმა. 4. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებული რკინიგზის ხაზების რეკონსტრუქციისას, ახლების გაყვანისას და აგრეთვე კვანძების და სადგურების გაფართოებისას, მოსახლეობის ევაკუაციისა და მუშათა ცვლების ობიექტზე მოყვანის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ქალაქგარე უბნების ხაზების გამტარუნარიანობა. მოძრაობის განრიგის საანგარიშო ფორმები დგინდება საპროექტო დავალების მიხედვით. 5. კატეგორირებულ ქალაქებში განლაგებული ახალი გზა-გაყვანილობები მსხვილი საკვანძო სადგურების მისადგომების განშტოებებზე, როგორც წესი უნდა განთავსდეს დაშორიშორებულად და მაქსიმალურად შესაძლებელი დაცილებით. გამოყენებულ უნდა იქნას განშტოებების უმარტივესი სქემები. 6. სარეზერვო მოძრავი შემადგენლობის სადგომი ბაზები, მატერიალური რეზერვებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ბაზები და საწყობები განლაგებული უნდა იყოს კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევის ზონების საზღვრებს მიღმა. 7. ახლად დასაპროექტებელი და სარეკონსტრუქციო გამრეცხი, გამრეცხ-საორთქლო და სადეზინფექციო სადგურები, აგრეთვე ადამიანების გადასაყვანად და გადაზიდვებისათვის გამიზნული შემადგენლობის მოსამზადებელი პუნქტები, ლოკომოტივებისა და შემადგენლობის გარე შემორეცხვისათვის საჭირო გამრეცხი მანქანები განლაგებული უნდა იყვნენ კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევების ზონების მიღმა. 8. ელექტროდენის სხვადასხვა სისტემების ელექტრული წევის უბნების შეპირაპირების პუნქტები განლაგებული უნდა იყოს კატასტროფული დატბორვის და შესაძლო ნგრევების ზონებს მიღმა. 9. რკინიგზის ელექტროფიცირებული უბნების ელექტრომომარაგების გარე სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ენერგოწყაროებიდან წევის ქვესადგურების ორმხრივი კვება. 10. წევის ქვესადგურები განლაგებული უნდა იყოს განცალკავებულ პუნქტებზე კატეგორირებული ქალაქებისა და ობიექტების შესაძლო ძლიერი ნგრევის და კატასტროფული დატბორვის ზონებს მიღმა განშტოებათა მიმართულებით. წევის ქვესადგურების ასეთი განლაგების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში, მეზობელი ქვესადგურების სიმძლავრე და საკონტაქტო ქსელის გამტარების კვეთი გათვლილი უნდა იყოს მითითებული ქვესადგურების ქსელიდან ამოვარდნის შემთხვევისათვის და ასევე მოძრაობის აუცილებელი განრიგის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესაბამისად. 11. ავტომატიკის და ტელემექანიკის მოწყობილობებით აღჭურვილ წევის ქვესადგურებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივ მართვაზე გადასვლის შესაძლებლობა. წევის ქვესადგურებს უნდა გააჩნდეთ ენერგოდისპეჩერული კავშირი გზების მონაკვეთების ქალაქგარე მართვის პუნქტებთან. 12. ელექტრომომარაგების ძირითადი წყაროების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავტობლოკირების, დისპეჩერული და ელექტრული ცენტრალიზაციისათვის ელექტროკვების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იყოს კვების სარეზერვო ავტონომიური წყაროები, რომელთა რაოდენობა და სიმძლავრე განისაზღვრება შესაბამისი პროექტით. 13. კატეგორირებულ ქალაქებში და ობიექტებზე განლაგებულ რკინიგზის სამმართველოებს და განყოფილებებს უნდა ჰქონდეთ მართვის პუნქტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მატარებლების მოძრაობის მართვის მიზნით კავშირგაბმულობის მინიმალურად აუცილებელი საშუალებებით. კატეგორირებულ რკინიგზის სადგურებს უნდა ჰქონდეთ დაცული მართვის პუნქტები, ხოლო დანარჩენ სადგურებს, რომლებიც განლაგებული არიან კატეგორირებული ქალაქების შესაძლო ძლიერი ნგრევების ზონებში, უნდა გააჩნდეთ არსებულ თავშესაფრებში და სარდაფებში მოწყობილი დაცული სამუშაო სათავსები. 14. ელექტროფიცირებულ რკინიგზებზე შენარჩუნებული უნდა იყოს სათბომავლო მეურნეობა, გათვალისწინებული უნდა იქნას თბომავლის ბაზა-სადგომები და ტევადობები მათი საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფისათვის, რომლებიც შემდგომ გამოიყენება მათი მომსახურებისთვის. 15. საბრძოლო მუხტიანი და სახიფათო ნივთიერებებით (ფეთქებადი ნივთიერებები და მასალები, ძმშნ და სხვა) დატვირთული მატარებლების გატარება ხორციელდება უპირატესად შემოვლითი გზებით, რომლებიც მოშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლებიდან, საწარმოო და სასაწყობო შენობებიდან, სხვა მატარებლების სადგომიდან არანაკლებ 250 მეტრით. გარდა ამისა, რკინიგზისა და კლიენტურის მისასვლელი ახალი ჩიხების (მისასვლელი ხაზების) დაპროექტება-მშენებლობისას აუცილებელია სახიფათო მასალების გადმოსატვირთი მოედნების მოწყობა, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს წყლის ფარდის შესაქმნელი და სადეგაზაციო სისტემებით. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე შესაძლო სახიფათო ქიმიური მოწამვლის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისა და სადგურის პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემები.
მუხლი 13. საავტომობილო გზები 1. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზები და აგრეთვე შემოვლითი გზები უნდა გადიოდეს კატეგორირებული ქალაქების საპროექტო განაშენიანების საზღვრებიდან არანაკლებ 2 კმ მანძილზე. 2. კატეგორირებული ქალაქების და ობიექტების საგარეუბნო ზონაში გათვალისწინებული უნდა იქნას საავტომობილო გზებს შორის დამაკავშირებელი გზების მოწყობა. 3. საავტომობილო გზების ქსელის გაფართოებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქალაქო მაგისტრალის შეპირაპირება საგარეუბნო მაგისტრალურ გზებთან, აგრეთვე რკინიგზის სადგურებთან და ევაკუირებული მოსახლეობის ჩასხდომა-გადმოსხმის პუნქტებთან მისასვლელი საავტომობილო გზების მშენებლობა. 4. სანაოსნო კატეგორირებულ ქალაქებს მიღმა, განლაგებულ სანაოსნო მდინარეებზე ავტოსაგზაო და სარკინიგზო ხიდები უნდა განთავსდეს ისეთ მანძილზე, რომლიც გამორიცხავს ერთი აფეთქებით ორი ხიდის ერთდროულ განადგურებას. 5. ატომური სადგურების რაიონებში საავტომობილო გზების მშენებლობისას, იმ ადგილებში სადაც ისინი კვეთენ შესაძლო სახიფათო რადიაციული დაბინძურების ზონის საზღვრებს, ავტოტრანსპორტის შესამოწმებლად და სადეზაქტივაციო რეცხვისათვის ეწყობა მოედნები, რომლებიც რადიაქტიული ავარიის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნან სპეციალური და სანიტარული დამუშავების პუნქტების გასაშლელად. ამავე ზონაში უნდა დაპროექტდეს სულ მცირე ორი გზა მყარი საფარით, რომლებიც ქმნიან სადგურებთან სამი-ოთხი მხრიდან მისასვლელს. 6. აკრძალულია აეროპორტების საჰაერო მიმოსვლის ზონაში ბუნებრივი გაზის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის მაღალი წნევის მაგისტრალური მილსადენის განლაგება, დასაშვებია მათი განთავსება აეროპორტიდან 5 კმ.-ის დაშორებით ღია განლაგებისას და 2 კმ.-ის დაშორებით სიღრმითი განლაგებისას.
მუხლი 14. მაგისტრალური მილსადენები 1. ნავთობის და ნავთობპროდუქტების, შეკუმშული ნახშირწყალბადოვანი გაზის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაქსიმალურად დასაშვებ მოცულობად მაგისტრალური მილსადენის ერთ ტექნიკურ დერეფანში მიღებულია 260 მლნტ პირობითი საწვავი წელიწადში. ტექნიკურ დერეფნებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 30 კმ. 2. მაგისტრალური მილსადენების ტრასების (გაზსადენი, ნავთობსადენი) მიწისზედა გაყვანილობის შემთხვევაში მილები უნდა განლაგდნენ შესაძლო ნგრევის ზონის საზღვრებს გარეთ, ხოლო მათი სიღრმითი განლაგებისას – შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონებს გარეთ. შესაძლო სუსტი ნგრევის ზონებში მაგისტრალური მილსადენების ღია განლაგება დასაშვებია მხოლოდ წინაღობების გადალახვის ადგილებში. 3. მაგისტრალური მილსადენების ტრასებზე გადასატუმბი და საკომპრესორო სადგურები უნდა განლაგდეს შესაძლო ძლიერი ნგრევისა და კატასტროფული დატბორვის ზონებს გარეთ. 4. მაგისტრალური გაზსადენების დაპროექტებისას არსებული და დასაპროექტებელი გაზსადენების სისტემებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი წრიულობა.
მუხლი 15. მეტროპოლიტენები 1. მეტროპოლიტენების გამოყენება მოსახლეობის დასაცავად რეკომენდირებულია არამარტო ომიანობის, არამედ მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას. ა) მეტროპოლიტენის ხაზები და უბნები ომის დროს გამოყენებულ უნდა იქნას თავშესაფრებად და მოსახლეობის ევაკუაციისთვის, შესაფარებელი მოსახლეობის სავარაუდო კონტინგენტი და შევსების დრო ყველა სადგურისათვის განისაზღვრება ქალაქის საგანგებო შტაბის უფროსის მიერ. ბ) შესაფარებელი მოსახლების რაოდენობა მეტროპოლიტენის ხაზებზე, უბნებზე და ყველა სადგურზე განისაზღვრება პროექტით. 2. ხალხის შეფარების დაგეგმვა დაშვებულია როგორც სადგურის პლატფორმებზე, ასევე გადასაყვან გვირაბებში, ჩიხებში, შემაერთებელ შტოებზე, დეპოებში და სხვა ნაგებობებში. მეტროპოლიტენში თავშეფარებულთა რაოდენობა განისაზღვრება ერთ ადამიანზე მოსული ფართობის ნორმით: ღრმა მდებარეობის გვირაბებში და სადგურებში იგი 1 კვმ-ს შეადგენს, ხოლო მცირე ჩაღრმავების გვირაბებში – 1,5 კვმ-ს. 3. მეტროპოლიტენს თავს აფარებენ დაწესებულებების უდიდეს ცვლაში მომუშავე მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც ომის დროს მუშაობას არ წყვეტენ და რომლებიც იმყოფებიან სადგურიდან არა უმეტეს 500 მ-ის რადიუსში, ასევე მოსახლეობა, რომელიც შეტყობინების დროს აღმოჩნდება მეტროპოლიტენში და სადგურიდან არაუმეტეს 500მ-ის რადიუსში. თავშესაფრისთვის განკუთვნილი მეტროპოლიტენის სადგურის შევსების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წთ-ს. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ეს დრო გაიზარდოს 13 წთ-მდე. 4. მეტროპოლიტენის სადგურების შესასვლელების რაოდენობა განისაზღვრება მშვიდობიან დროს მოსალოდნელ მგზავრთა ნაკადის მიხედვით. ა) მეტროპოლიტენის სადგურებში დაწესებულებების ტერიტორიებიდან დამატებითი შესასვლელების მოწყობა მეტროპოლიტენის თავშესაფრად გამოყენების მიზნით დასაშვებია შესაბამის უწყებებთან და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებისა და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე. ბ) დამატებითი შესასვლელების მშენებლობა უნდა განხორციელდეს დაინტერესებული დაწესებულების ხარჯზე. 5. მეტროპოლიტენის ხაზების დაპროექტებისას, ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტისა და სარკინიგზო გზების გაფართოების შესაბამისად გათვალისწინებულ უნდა იქნას მეტროსა და რკინიგზის სადგურების ერთმანეთთან დაკავშირება. 6. მეტროპოლიტენის სამშენებლო კონსტრუქციები და დამცავი მოწყობილობები იანგარიშება ბირთვული აფეთქების დარტყმითი ტალღის ფრონტში ჭარბი წნევის ზემოქმედებაზე, ღრმა განთავსების ხაზებისთვის მისი მნიშვნელობა მიიღება 3კგძ/კვ.სმ-ის ტოლად, ხოლო მცირე ჩაღრმავების ხაზებისათვის–1კგძ/კვ.სმ-ის ტოლად. სარეზერვო ენერგო და ჰაერმომარაგება ხორციელდება დეცენტრალიზირებული სქემით შესაბამისად დიზელური ელექტროსადგურებიდან და ავტონომიური სავენტილაციო დანადგარებიდან. 7. მეტროპოლიტენის ხაზები და უბნები, რომლებიც მომარჯვებულია თავშესაფრებისთვის სპეციალური დამცავი ურდულებით დაყოფილი უნდა იყოს ნაკვეთურებად. მეტროპოლიტენის ის უბნები, რომლებიც განლაგებულია მდინარეების კალაპოტის ქვეშ, არამდგრად წყალშემცველ გრუნტებში და გამოიყენებიან როგორც საევაკუაციო გზები, დამცავი ურდულებით გამოყოფილი უნდა იყვნენ მეტროპოლიტენის თავშესაფრებად დაპროექტებული ნაგებობებისაგან. 8. საგანგებო სიტუაციებში მეტროპოლიტენის ოპერატიულად მართვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა ნაგებობაში განთავსებული სამეთაურო პუნქტი. 9. სპეციალური დამცავი ელექტრო, საჰაერო და წყალმომარაგების, მართვის, შეტყობინების, კავშირგაბმულობის, სანიტარულ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის საშუალებების ოდენობა განისაზღვრება მეტროპოლიტენში თავშესაფარებელი მოსახლეობის რაოდენობისა და თავშესაფარში მათი ყოფნის ხანგრძლივობის (არაუმეტეს 2 დღე-ღამისა) მიხედვით. ვენტილაციის სისტემების ჰაერშემკრებ და ჰაერგამწოვ არხებს, სპეცვენტილაციის გაზსაჰაერო ტრაქტებს, რომლებიც მიწის ზედაპირზე გამოდიან უნდა გააჩნდეს დარტყმითი ტალღის თავშესაფარში შეღწევისაგან დამცავი მოწყობილობა. 10. სადგურების შესასვლელებში მოთავსებული დამცავი ურდულები უნდა უზრუნველყოფდეს შესასვლელების მინიმალურ დროში (2 წთ) ჩაკეტვას. 11. ჩვეულებრივ რეჟიმში მეტროპოლიტენის ხაზების და უბნების ელექტრომომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარე ენერგოსისტემის წყაროდან, ხოლო თავშესაფრის რეჟიმში – დაცული დიზელური ელექტროსადგურებიდანაც. 12. მეტროპოლიტენებში შეფარებულების ჰაერით მომარაგება უნდა ხორციელდებოდეს როგორც დეცენტრალიზირებული ასევე ცენტრალიზირებული სისტემიდან, არსებული და დასაპროექტებელი ჰაერშემკრებიდან მფილტრავ-სავენტილაციო დანადგარების საშუალებით. მეტროპოლიტენებში მოთავსებული თავშესაფრების ვენტილაციის სისტემის მუშაობა გათვალისწინებული უნდა იყოს სუფთა ვენტილაციისა და მფილტრავ-ვენტილაციის რეჟიმში. 13. სავენტილაციო სისტემების დამცავი მოწყობილობები, ტექნოლოგიურად აუცილებელ ადგილებში აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვისა და საკონტროლო სიგნალიზაციის საშუალებებით.
მუხლი 16. საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ობიექტები 1. პორტებისთვის, გემთსარემონტო ქარხნებისთვის და სარემონტო-საექსპლოატაციო ბაზებისთვის, რომლებიც მდებარეობენ შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონაში, გათვალისწინებული უნდა იყოს სათადარიგო გადასატვირთი პუნქტები და სარემონტო სადგომები. 2. საბრძოლო მუხტებიანი და სახიფათო ტვირთის (ასაფეთქებელი ნივთიერებები, ძმშნ და სხვა) გადასატვირთი ნავმისადგომები, ასეთივე ტვირთით დატვირთული გემების ირგვლივ აკვატორია მოშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი, საწარმოო და სასაწყობო შენობებიდან არანაკლებ 250 მ მანძილზე. ამ შემთხვევაში ყველა სახმელეთო ობიექტებზე უნდა მოეწყოს წყლის ფარდის წარმომქმნელი სისტემები. გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო სახიფათო ქიმიური მოწამვლის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისა და მომუშავე პერსონალის შეტყობინების ლოკალური სისტემები.
მუხლი 17. საჰაერო ტრანსპორტის ობიექტები 1. ყურადღება უნდა მიექცეს საჰაერო მოძრაობის სტაბილურად მართვისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნას, აეროპორტების დაცული მართვის პუნქტების და ნაკრები სავიაციო სამაშველო რაზმების შექმნას. 2. არსებული აეროპორტების რეკონსტრუქციისას და ახლების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ხალხის სანიტარული დამუშავების, ტექნიკის სადეგაზაციო და სადეზაქტივაციო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა.
თავი VI ცხოველების, მეცხოველეობის და მემცენარეობის ნაწარმის (პროდუქციის) დაცვა მუხლი 18. ცხოველების, მეცხოველეობის და მემცენარეობის ნაწარმის (პროდუქციის) დაცვა 1. ღონისძიებანი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და მცენარეების რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური) საშუალებების ზემოქმედებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორც მშვიდობიან, ასევე ომიანობის დროს ხორციელდება წინასწარ, იმ პირობით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დაცვის სათანადო რეჟიმზე გადასვლა შესაძლებელი იყოს ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ადგილმდებარეობის რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში მეცხოველეობის შენობები უნდა იყოს მომზადებული, ცხოველების შესაფარებლად საკვებისა და წყლის დაცული მარაგის უზრუნველყოფით არანაკლებ 2 დღე-ღამის განმავლობაში. 2. მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქციის გადასამუშავებელი ქარხნების, სასურსათო საქონლის შესანახი ბაზების, მაცივრების და საწყობების რეკონსტრუქციისას და ახლების დაპროექტებისას რადიოაქტიური, ძმშნ და ბიოლოგიური საშუალებებით დაბინძურებისაგან აღნიშნული პროდუქციის დაცვის მიზნით პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ორგანიზაციული, ასევე ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა.
თავი VII ადამიანთა სანიტარიული და ავტოტრანსპორტის სპეციალური დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები მუხლი 19. ადამიანთა სანიტარიული და ავტოტრანსპორტის სპეციალური დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კომუნალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები 1. ყველა მშენებარე, სარეკონსტრუქციო და მოქმედი აბანოები, საშხაპეები, სამრეცხაოები, ქიმწმენდის ფაბრიკები, ასევე ავტოსამრეცხაოები მიუხედავად მათი კუთვნილების ფორმისა გათვალისწინებული და ტექნიკურად მისადაგებული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის. 2. აღნიშნული ობიექტებისათვის წინასწარ უნდა დამუშავდეს საპროექტო გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ამ დაწესებულებების სადღეღამისო მუშაობა და ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა.
დანართი 1 რადიაციასაწინააღმდეგო საფრების მაიონიზებელი რადიაციული გამოსხივების დოზის შემამცირებელი კოეფიციენტების მნიშვნელობები
დანართი 2 შენობის ირგვლივ მისი ნგრევის შედეგად ჩახერგვის მანძილის მნიშვნელობები
|
დოკუმენტის კომენტარები