დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017653 |
|
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 7 აპრილის №80/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. |
|
საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი
|
მუხლი 1
1. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი. 2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება შემდეგ პროდუქციაზე: ა) ადამიანთა და ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ და სამკურნალო პრეპარატებზე მზა სახით; ბ) კოსმეტიკურ პროდუქციაზე; გ) ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება სასწავლო-სამეცნიერო მიზნით იმ ოდენობით, რომელიც არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე; დ) მიკროორგანიზმებსა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე; ე) ნარევებსა და ნივთიერებებზე ნარჩენების სახით; ვ) საკვებ დანამატებზე; ზ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე (გარდა მათი ერთიანი სახელმწიფო რეესტრისა); თ) რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მასალებზე; ი) საშიშ სამრეწველო ნარჩენებზე; კ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიურ ნივთიერებებზე. 3. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი გათვალისწინებული უნდა იქნას ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროს მარეგულირებელ სახელმწიფო სტანდარტებსა და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებში. 4. მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მუხლი 2 ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული ცნებები ნიშნავს: ა) ,,საშიშროება“ – გამოყენების რეალურ პირობებში ქიმიური ნივთიერების მავნე ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა; ბ) ,,რისკი“ – საშიში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების არასასურველი ეფექტების მოსალოდნელი სიხშირე; გ) ,,რისკის ფრაზა(ები) (R-phrases)“ – ინფორმაცია ნივთიერების სპეციფიკური რისკის შესახებ. გამოისახება R-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით; დ) ,,უსაფრთხოების ფრაზა(ები) (S-phrases)“ – რეკომენდაცია უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ. გამოისახება S-ით და მის შემდგომი ციფრების სერიით; ე) IUPAC – თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი; ვ) CAS № – ქიმიური ნივთიერების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი; ზ) ISO – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. მუხლი 3 1. საშიში ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებისა და ნიშანდების მიზანია კონტაქტში მყოფი პირებისა და მომხმარებლის ინფორმირება ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად. 2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის მიზნით და მისი სამომხმარებლო თვისებების შესანარჩუნებლად, ნივთიერების/პრეპარატის სახელმწიფო ექსპერტიზაზე წარდგენისა და სარეგისტრაციო განაცხადის შეტანის წინ შემქმნელ/მწარმოებლის მიერ ხდება საშიშროების მიხედვით კლასიფიცირება, აგრეთვე ნიშნისა და ეტიკეტის ნიმუშების პროექტის შემუშავება. 3. საშიშროების კლასიფიკაციის თითოეული კატეგორია გამოისახება აბრევიატურით, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი რისკის ფრაზა ან ფრაზები. 4. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა, როგორც აალებადი, მასენსიბილიზირებელი და საშიში გარემოსათვის, გამოიყენება მხოლოდ რისკის ფრაზა. 5. თუ ნივთიერება კლასიფიცირდა როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური გამოიყენება შესაბამისი აბრევიატურა კატეგორიის (მაგ.,1,2,3) მითითებით. 6. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება შემდეგი აბრევიატურით: ა) ფეთქებადი: E ბ) დამჟანგავი: O გ) განსაკუთრებულად აალებადი: F+ დ) მაღალაალებადი: F ე) აალებადი: R10 ვ) ძლიერტოქსიკური: T+ ზ) ტოქსიკური: T თ) მავნე: Xn ი) კოროზიული: C კ) გამაღიზიანებელი: Xi ლ) მასენსიბილიზებელი: R42 და/ან R43 მ) კანცეროგენული: Carc. Cat. (1) ნ) მუტაგენური: Muta. Cat. (1) ო) ტოქსიკური რეპროდუქციისათვის: Repr. Cat. (1) პ) საშიში გარემოსათვის: N ან/და R52, R53, R59. 7. საშიშროების კლასიფიკაციის კატეგორიები გამოისახება დასურათებული სიმბოლოებით (დანართი 3), რისკის R-ფრაზებით (დანართი 1) და უსაფრთხოების S-ფრაზებით (დანართი 2). 8. მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, ვალდებულია უზრუნველყოს ტარაზე ეტიკეტისა და ნიშნის შენარჩუნება. მუხლი 4 ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) ნივთიერებისათვის – სავაჭრო სახელწოდება, ქიმიური სახელწოდება IUPAC- ის მიხედვით გავრცელებული სინონიმები და CAS-ის ნომერი; ბ) პრეპარატისათვის – სავაჭრო სახელწოდება, შემადგენელი ნივთიერებების ქიმიური სახელწოდებები IUPAC-ის მიხედვით, CAS-ის ნომრები და კონცენტრაციები; გ) სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი; დ) გამოყენების სფერო; ე) სრული ინფორმაცია ნივთიერების/პრეპარატის მწარმოებლის, იმპორტიორის ან დისტრიბუტორის შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; ვ) დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, პარტიის ან სერიის ნომერი, შენახვის პირობები, ნეტო, მასა; ზ) საშიშროების შესაბამისი კლასიფიკაციის სიმბოლოები და ნიშნები; თ) სპეციფიკური საშიშროების აღმნიშვნელი რისკის R- ფრაზები; ი) უსაფრთხოების ღონისძიებების აღმნიშვნელი S-ფრაზები; კ) ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ. მუხლი 5. 1. ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია უნდა იყოს შესრულებული: ა) ქვეყნის შიგნით მოსახმარებელი საშიში ქიმიური ნივთიერებებისათვის – ქართულად; ბ) საექსპორტო ქიმიური ნივთიერებებისათვის რამდენიმე უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური და სხვ.); გ) წარწერა უნდა იყოს ადვილად გასაგები გადამზიდველისა და პროფესიული მომხმარებლისათვის. 2. ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს შესაფუთი ტარის ან მასალის მეორადი გამოყენების აკრძალვის შესახებ, აგრეთვე რეკომენდაციები მის უტილიზაციასა და გაუვნებლებაზე. 3. ეტიკეტი მყარად უნდა დამაგრდეს შესაფუთ ტარაზე ან მასალაზე ქიმიური ნივთიერების შეფუთვისთანავე. 4. ეტიკეტის ზომები განისაზღვრება ტარის მოცულობის შესაბამისად. ეტიკეტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს: ა) 3 ლიტრამდე მოცულობის შემთხვევაში – 52X74 მმ; ბ) 3 ლიტრზე მეტი და არაუმეტეს 50 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 105X148 მმ; გ) 50 ლიტრზე მეტი და არა უმეტეს 500 ლიტრი მოცულობის შემთხვევაში – 148X210მმ. 5. თითოეულმა სიმბოლომ ეტიკეტზე უნდა დაიკავოს ტარის ზედაპირის 1/10 ნაწილი და ამავე დროს არ უნდა იყოს 1 სმ-ზე ნაკლები. 6. საშიშროების სიმბოლოების გამოსახვა უნდა ხდებოდეს დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საშიშროება აღინიშნება ერთზე მეტი სიმბოლოთი, მაშინ ეტიკეტზე: ა) აუცილებელი E სიმბოლოს ჩვენებისას F, F+ და O სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; ბ) აუცილებელი T+ ან T სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi , C სომბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; გ) აუცილებელი C სიმბოლოს ჩვენებისას Xn , Xi სიმბოლოების ჩვენება საჭირო არ არის; დ) უცილებელი Xn, სიმბოლოს ჩვენებისას Xi სიმბოლოს ჩვენება საჭირო არ არის. 7. სიმბოლოები უნდა ჩაიხატოს კვადრატში შავად, ნარინჯისფერ-ყვითელ ფონზე. 8. ეტიკეტისათვის რისკის R – ფრაზების შერჩევა ხდება საშიშროების კრიტერიუმების მიხედვით (დანართი 1). რისკის აღსაწერად გამოიყენება მაქსიმუმ ექვსი ფრაზა. შერეული რისკის ფრაზები გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ნივთიერება ხასიათდება საშიშროების რამდენიმე კატეგორიით სტანდარტულმა ფრაზებმა უნდა მოიცვას ყველა მათგანი. 9. ეტიკეტისათვის უსაფრთხოების S–ფრაზების შერჩევა ხდება რისკის ფრაზების შესაბამისად (დანართი 2). უსაფრთხოების ღონისძიებების ფორმირებისათვის, როგორც წესი, საკმარისია მაქსიმუმ ექვსი S -ფრაზა. მუხლი 6. 1. ქიმიური ნივთიერების ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ტარის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს დამატებით ინფორმაციას სატრანსპორტო ტარაში მოთავსებული შეფუთული ტარის ადგილების რაოდენობის შესახებ, თითოეული ადგილის ნეტო და ბრუტო მასას, აღნიშვნას ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ. 2. თუ პრაქტიკულად შეუძლებელია საშიში ქიმიური ნივთიერების ტარის ეტიკეტირება და ნიშანდება ტარის ზომების ან შეფუთვის ხასიათის გამო, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს თანდართულ დოკუმეტაციაში. 3. მოთხოვნები ნიშანდებისადმი მოიცავს: ა) ნიშნები ეტიკეტზე უნდა ასახავდეს ზუსტ ინფორმაციას საშიში ქიმიური ნივთიერების შესახებ; ბ) ეტიკეტი უნდა იყოს ტარაზე მყარად დამაგრებული. მისი ზომა უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესების მე-5 მუხლის 4-პუნქტით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. წარწერა უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები; გ) ეტიკეტები მათზე გამოსახული ნიშნებითა და სიმბოლოებით უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოყენებული ფერების ჩათვლით. დანართი 1 რისკის R -ფრაზები
დანართი 2 უსაფრთხოების S-ფრაზები
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები