„ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

„ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017648
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 446

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის

შესახებ

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

 1. ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში - რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ლიფტებს.

 2. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ლიფტზე, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები:

ა) არის 180 კგ. და მეტი ნომინალური ტვირთამწეობის მუდმივად დამონ­ტა­ჟებული ლიფტი, ემსახურება შენობებისა და ნაგებობების სართულებს, აქვს კაბინა, რომელიც მოძრაობს უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 150-ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ და განკუთვნილია:

ა.ა) ადამიანების გადასაყვანად;

ა.ბ) ადამიანებისა და ტვირთების გადასაზიდად;

ა.გ) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, როცა გამყოლს შეუძლია მასში თავისუფლად შესვლა და აღჭურვილია შიგნიდან მართვის ინსტრუმენტებით;

ბ) განსაზღვრული მიმართულებით მოძრავი ლიფტი, მაშინაც კი როდესაც ისინი არ მოძრაობენ უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწვრივ (მაგალითად: მაკრატელა ლიფტები).

 3. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) ლიფტებზე, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 0,15 მ/წმ-ს;

ბ) სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოსაყენებელ ლიფტებზე;

გ) პოლიციური ან/და სამხედრო მიზნებისათვის სპეციალურად წარმოებულ განსაკუთრებული კონსტრუქციის ლიფტებზე;

დ) სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ლიფტებზე;

ე) შახტის ლიფტებზე;

ვ) სცენაზე გამოსაყენებელ ლიფტებზე;

ზ) სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებულ ლიფტებზე;

თ) მანქანა-მოწყობილობას მიერთებულ ლიფტებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სამუშაო ადგილამდე მისაღწევად;

ი) ლიფტებზე, რომლებიც გადაადგილდება კბილა ლარტყისა და კბილანების დახმარებით.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნი­შვ­ნელობა:

 1. ლიფტის ექსპლუატაცია – ლიფტის გამოყენება დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული დანიშნულებით, რომლის დროსაც ხდება მომსახურეობა, რემონტი და ტექნიკური შემოწმება.

 2. ლიფტის რეკონსტრუქცია – ლიფტის კონსტრუქციაში არსებითი ცვლილების შეტანა, კერძოდ ტვირთამწეობის, სიჩქარის, უსაფრთხოების კომპონენტების, ძირითადი კვანძებისა და ელემენტების, მართვის ელექტრონული მოწყობილობის, ჯალამბარის, კაბინის, მიმმართველების, საპირწონის იმგვარი შეცვლა, რომელიც არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის მიერ მოცემული ლიფტისთვის. 

 3. ლიფტის მოდერნიზაცია – კვანძების დეტალების განახლება, რომლის შედეგად ხდება ლიფტის ტექნიკური დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება, რომლის დროსაც უცვლელი რჩება ძირითადი ტექნიკური პარამეტრები: ტვირთამწეობა, სიჩქარე, კინემატიკური სქემები და სხვა.

 4. ლიფტის მოდიფიკაციები – ლიფტის სხვადასხვა ვარიანტი (ვარიაცია), რომელიც გათვალისწინებულია ლიფტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატით.

 5. ლიფტის დამამზადებელი – პირი/პირები, რომელიც ახორციელებს ლიფ­ტის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავ­სებას, ახორციელებს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკ­ლარაციას.

 6. ლიფტის მომსახურება – ლიფტის ექსპლუატაციის პროცესში პერიოდული დათვალიერების, შეპოხვის, გაწმენდის, რეგულირების და შეკეთების სამუშაოების ჩატარება. აგრეთვე კონტროლი მის მუშაობაზე და დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე.

 7. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები – მოწყობილობები რომელთა დანიშნულება ლიფტის ექსპლუატაციის დროს არის მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 8. ტვირთამწეობა – ტვირთის უდიდესი მასა, რომლის ტრანსპორტირებისთვის არის გათვალისწინებული ლიფტი.

 9. კაბინის ტევადობა – კაბინაში ადამიანების რიცხვი, დამოკიდებული მისი იატაკის სასარგებლო ფართობის სიდიდეზე.

 10. კაბინის (საპირწონის) მიმმართველები – მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს კაბინის (საპირწონის) მდებარეობას და მოძრაობის მიმართულებას შახტში.

 11. შახტი - ნაგებობა, რომელშიც მოძრაობს კაბინა და/ან საპირწონე.

 12. შახტის თანაორმო – ლიფტის შახტის ნაწილი, რომელიც განლაგებულია ქვედა ჩასასხდომი (დასატვირთი) ბაქანის დონეზე დაბლა.

 13. ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობები – ლიფტის ექსპლუატაციის დროს მასზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა ან ფეთქებადსაშიშროება, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა).

 14. ამორტიზატორი – მოწყობილობა ქვევით მოძრავი კაბინის (საპირწონის) ამორტიზაციისათვის ქვედა სამუშაო მდგომარეობის გადაცდენის დროს.

 15. მართვის წრედი – ელექტრული წრედი, რომლის ფუნქციონალური დანიშნულებაა მოწყობილობის და/ან ცალკეული ელექტროტექნიკური მოწყობილობების მოქმედებაში მოყვანა, და/ან მათი პარამეტრების შეცვლა.

 16. უსაფრთხოების წრედი – ელექტრული წრედი რომლითაც დაკავშირებულია უსაფრთხოების ამომრთველები და რომელიც განკუთვნილია უსაფრთხოების პირობების საკონტროლოდ.

 

მუხლი 3. მოთხოვნები ლიფტების ექსპლუატაციისადმი

 1. ლიფტის მფლობელი ვალდებულია შეაფა­სოს მის განკარგულებაში მყოფ ლიფტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად.

 2. ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტების ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული.

 3. ტექნიკურად გამართული ლიფტების ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, მფლობელმა უნდა უზრუნველყოს:

 ა) ლიფტის მომსახურეობა სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ;

 ბ) ავარიულ შემთხვევებში (ელექტრო ენერგიის გამორთვა; ლიფტის ტექნიკური გაუმართაობა) ლიფტში მყოფი მგზავრების დროული განთავისუფლებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება;

 გ) ლიფტის გამოყენების ინსტრუქციის ხელმისაწვმდომობა მომხმარებლებისთვის.

 4. დაუშვებელია შახტის სამშენებლო ნაწილის მზიდუნარიანობის შემცირება. ლიფტის ექსპლუატაციაზე და შენობა/ნაგებობაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ლიფტის შესაბამისი და უსაფრთხო მუშაობისათვის.

 5. ლიფტის შახტის ქვეშ თავისუფალი სივრცის (სადაც მოსალოდნელია ადამიანების ყოფნა) არსებობის შემთხვევაში, მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდეგში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.

 6. ლიფტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 7. ლიფტს თან უნდა ახლდეს დამამზადებლის მიერ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია. ექსპლუატაციის პროცესში ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე მყოფი ლიფტების ტექნიკური დოკუმენტაცია აღდგენილი უნდა იქნეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 8. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციას (ინფორმაციას ლიფტის კონსტრუქციული ელემენტების, მათი რეგულირების, მომსახურების, შეკეთების შესახებ, ელექტრულ და კინემატიკური სქემებს) და სამაშველო და ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო ინსტრუქციებს.

 9. ლიფტების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ლიფტის დამამზადებლის მიერ შედგენილი ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციით და რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 10. ლიფტების ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობები (კლიმატური ფაქტორები, გარემოს აგრესიულობა, ფეთქებადსაშიშროება, მუშაობის რეჟიმი, ქარის დატვირთვები, რაიონის სეისმურობა) არ უნდა იყოს უარესი იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც დადგენილია ლიფტისა და მისი უსაფრთხოების კომპონენტებისათვის დამამზადებლის მიერ.

 11. ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი.

 12. ლიფტის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

 13. ყოველ კაბინაში უნდა დაყენდეს ადვილად შესამჩნევი ფირნიში, რო­მელ­ზეც მითითებული უნდა იყოს ტვირთამწეობა, როგორც კილოგრა­მებში, ასევე გადასაყვან მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობით.

 14. თუ ლიფტი დაპროექტებულია იმგვარად, რომ კაბინაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ კაბინიდან გამოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები.

 15. დაუშვებელია ლიფტის შახტაში ისეთი ელექტრო, ენერგო და სხვა კომუნიკაციების ქსელების გაყვანა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ლიფტის ექსპლუატაციასთან.

 

მუხლი 4. ტექნიკური მოთხოვნები ლიფტებისა და უსაფრთხოების კომპონენტებისადმი

1. დაუშვებელია ლიფტის კაბინის გამოყენება ლიფტის დამამზადებლის მიერ განსაზღვრულზე უფრო მეტი მასის ტვირთის ან ადამიანების გადასაყვანად.

 2. კაბინის საკიდი და/ან სამაგრი საშუალებები, მათი მოწყობილობების და ნებისმიერი ელემენტების მდგომარეობა ექსპლუატაციის პროცესში უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების იმ დონეს, რომელიც გათვალისწინებულია დამამზადებლის მიერ და მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი კაბინის ვარდნის რისკი. დაუშვებელია აღნიშნული ელემენტების კონსტრუქციაში დაუსაბუთებელი თვითნებური ჩარევა.

 3. დაუშვებელია ლიფტის ექსპლუატაცია, როდესაც კაბინის ჩამოსაკიდებელი ბაგირების ან ჯაჭვების დეფექტები აღემატება სტანდარტით დადგენილ წუნდების ნორმებს.

 4. ბაგირებს და ჯაჭვებს არ უნდა ჰქონდეს შეერთებისა და გადაბმის ადგილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მარყუჟის დასამაგრებ­ლად ან გასაკეთებლად.

 5.ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც ავტომატურად ამცირებს დაჭიმვის სხვაობას ცალკეულ საწევ ბაგირებში და ფუნქციონირებდეს გამართულად.

 6. გამორიცხული უნდა იყოს კაბინის მოძრაობის დაწყება დასაშვები ტვირთამწეობის გადაჭარბებისას.

 7. დაუშვებელია ლიფტის ექსპლუატაცია, როდესაც გაუმართავია სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდ­ველი.

 8. დაუშვებელია ჩქაროსნული ლიფტის ექსპლუატაცია, როდესაც გაუმართავია სიჩქარის კონტროლისა და შეზღუდვის მოწყობილობა.

 9. შემყვანი და გამშვები მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრული დენის სათადო მიწოდებასა და საიმედო გამორთვას, როგორც სამუშაო ასევე ავარიული სიტუაციების დროს.

 10. დამცავი დამიწება და დანულება უნდა გამორიცხავდეს ელექტროდანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ადამიანების ძაბვის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობას.

 11. ლიფტზე, რომელიც მოძრაობს ფრიქციული შკივებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამწევი ბაგირების სტაბი­ლუ­­რი შეჭიდება შკივებთან, ასევე გამორიცხული უნდა იყოს ამძრავი და მიმმართველი ელემენტებიდან ბაგირებისა და ჯაჭვების გადმოვარდნა.

 12. ლიფტზე გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს კაბინაში ავარიული შემთხვევისას დარჩენილი მგზავრების გამოყვანის (ევაკუაციის) საშუალებები.

 13. ლიფტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლიფტის დანად­გარები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტისა და საგანგებო სიტუაციების დროს. იმ სივრცეში, რომელშიც მოძრაობს ლიფტი, ასევე თანაორმოში, შეღწევა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ან საგანგებო სიტუა­ციე­ბის დროს. ლიფტის ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს აღნიშნულ სივრცეებში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში.

 14. ღიობი, მოწყობილობის მომსახურებისათვის უნდა იხურებოდეს ბლოკირებით აღჭურვილი ჩასაკეტი კარით.

 15. ლიფტის მართვის ინსტრუმენტები (ღილაკები კაბინაში) და მათი შესაბამისი ფუნქციები უნდა იყოს მკაფიოდ აღნიშნული და ადვილად აღქმადი.

 16. დაუშვებელია ლიფტის ექსპლუატაცია უსაფრთხოების გან­ცალ­კევებულ ელექტრულ წრედში ჩართული, ტექნიკური დოკუმენტაციითა და სტანდარტით გათვალისწინებული ელექტრული უსა­ფრთხოების მოწყობილობების ფუნქციონირების გარეშე.

 17. ავარიულ მდგომარეობისას გამორიცხული უნდა იყოს ლიფტის ჩამოვარდნა.

 18. გამორიცხული უნდა იყოს ლიფტის კაბინის ამოძრავება, როდესაც ყველა ჩასასხდომი კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარგანზრახუ­ლადაა მოქმედებაში მოყვანილი თუ არა.

 19. გამორიცხული უნდა იყოს ჩასასხდომი კარის გაღების შესაძლებლობა კაბინის მოძრაობის დროს, როცა მას ჯერ არ მიუღწევია ბაქნამდე.

 20. ლიფტის კაბინა სრულად უნდა იყოს შემოზღუდული კედლებით, იატაკითა და ჭერით და ასევე სრული სიგრძის კარებით. ამასთან, დატო­ვებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები.

 21. კაბინის კარები უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, როდესაც არსებობს კაბინიდან მის სამოძ­რაო სივრცეში ადამიანის ვარდნის რისკი.

 22. ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელექტრული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ლიფტს უნდა ჰქონდეს კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან დასაცავი მოწყობილობა. კაბინის თავისუფალი ვარდ­ნისაგან დასაცავი მოწყობილობა უნდა მოქმედებდეს კაბინის დაკიდების საშუა­ლებებისაგან დამოუკიდებლად.

 23. კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან დასაცავი მოწყობილობა უნდა უზრუნველ­ყოფდეს კაბინის გაჩერებას დადგენილ ტვირთამწეობის რეჟიმში და ლიფტის დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ამ მოწყობილობით გამოწვეული ნებისმიერი გაჩერება არ უნდა იწვევდეს სიჩქარის ისეთ შემცირებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კაბინაში მყოფ მგზავრებს, მიუხედავად დატვირთვის მოცულობისა.

 24. საექსპლუატაციო რეჟიმში მუშაობის დროს კაბინის არ უნდა ქმნიდეს ადამიანების ტრავმირების*საშუალო აჩქარება (შენელება) შესაძლებლობას.

 25. ლიფტს უნდა ჰქონდეს შახტის ძირსა და კაბინის იატაკს შორის დამონტაჟებული ამორტიზატორები.

 26. მექანიზებული ჩასასხდომი და კაბინის კარები, უნდა გამორიცხავდეს ადამიანის დაზია­ნე­ბის რისკს კარების მოძრაობის პროცესში.

 27. საპირწონისა და მისი მიმმართველების მდგომარეობა უნდა გამორიცხავდეს კაბინასთან შეჯახების ან კაბინაზე საპირწონის ვარდნის ნებისმიერ რისკს.

 28. ლიფტის ელექტოამძრავი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა უზრუნველყოფდეს ლიფტისათვის დადგენილ სამუშაო რეჟიმში მის უსაფრთხო ექსპლუატაციას.

 29. მუხრუჭის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს საანგარიშო ტვირთის საიმედო შეკავებას, როგორც ლიფტის ნორმალური სამუშაო რეჟიმის ასევე ავარიული სიტუაციების დროს.

 30. ლიფტის, ლიფტისა და შახტის მოძრავ და უძრავ ნაწილებს შორის არსებული მანძილები და სივრცე უნდა გამორიცხავდეს ლიფტის ექსპლუატაციისას ავარიული სიტუაციების წარმოქმნის შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ პარამეტრებს.

 31. ლიფტის სამანქანოს მოწყობა უნდა უზრუნველყოფდეს მასში დამონტაჟებული მოწყობილობების უსაფრთხო მომსახურეობას.

 32. ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალე­ბებით, რომელიც უზრუნველყოფს ლიფტის გაჩერების შემთხვევაში (ელ.ენერგიის შეწყვეტა, ლიფტის გაუმართაობა) კაბინაში დარჩენილი მგზავრის მიერ სამაშველო სამსახურთან დაკავშირებას . კაბინაში აგრეთვე უნდა იყოს ავარიული განათება.

 33. კავშირის საშუა­ლე­ბები და ავარიული განათება უნდა ფუნქციონირებდნენ ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც. მათი მუშაობის პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი იმი­სათვის, რომ შესრულდეს ადამიანების გათავისუფლების ჩვეულებრივი პროცედურა.

 34. მგზავრის კაბინაში ყოფნისას ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტის კაბინა უნდა იყოს განათებული.

 35. ლიფტის ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია მგზავრებისათვის კაბინაში.

 36. ლიფტის უსაფრთხო მომსახურებისა და ექსპლუატაციისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შახტის, ლიფტის თანაორმოს, სამანქანო და ბლოკური სათავსების და შახტის კარების წინ ბაქნების სათანადო განათება.

 37. ლიფტის თანაორმო დაცული უნდა იყოს მასში გრუნტისა და ჩამდინარე წყლების მოხვედრისაგან.

 38. ლიფტზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და არ უნდა იშლებოდეს ადვილად. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მწარმოებლის/დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) ნიშანდებას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

გ) მინიჭებულ სერიასა და ტიპს;

დ) სერიულ ნომერს;

ე) დამზადების წელს.

 39. ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორცილდეს სტანდარტის შესაბამისად.

 40. ამ მუხლის მე-6, 32-ე და 33-ე პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ლიფტებზე, რომელებზეც აღნიშნული მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით. აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება საქრთველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიფტის უსაფრთხოების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დამონტაჟებულ ლიფტებზე.

 

მუხლი 5. ტექნიკური შემოწმება

1. ექსპლუატაციაში მყოფი ლიფტის საიმედობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ტექნიკური შემოწმება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 2. ლიფტის საიმედოობის დადგენისთვის ორგანიზებული უნდა იყოს ყოველწლიური სტატიკური და დინამიკური გამოცდების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ლიფტის დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს აღნიშნულ მეთოდიკას, მაშინ გამოცდები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მიხედვით.

 

მუხლი 6. ლიფტების რემონტი

1. ლიფტის რემონტისთვის დაუშვებელია ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მექანიკური, ელექტრული და მაკომპლექტებელი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ლიფტის ტექნიკური დოკუმენტაციით და საფრთხეს შეუქმნის ლიფტის ექსპლუატაციას.

 2. ლიფტის ექსპლუატაციის გამწევმა უნდა უზრუნველყოს ლიფტზე ჩატარებული სარემონ­ტო სამუშაოების აღრიცხვა.

 3. ლიფტის რემონტისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების, ლიფტთან და მის ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის სარემონტო სამუშაოების განმახორციებელი პირი.

 

მუხლი 7. ლიფტების რეკონსტრუქცია

1. ლიფტის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე.

 2. ლიფტის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს ლიფტის დამზადებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

 3. ლიფტის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტებისა და სხვა მაკომპლექტებელი ნაკეთობების ლიფტთან და ლიფტის ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის პროექტირების ეტაპზე - დამპროექტებელი, რეკონსტრუქციის ეტაპზე რეკონსტრუქციის განმახორციელებელი.

 4. ლიფტის რეკონსტრუქციისას მოქმედებს საქრთველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული ,,ლიფტის უსაფრთხოების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

 

მუხლი 8. ლიფტის მოდერნიზაცია

1. ლიფტის მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს დამამზადებელი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე და დამზადებისთვის გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.

 2. მოდერნიზებული ლიფტი ითვლება ტექნიკურად გამართულად, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობის შებამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დადასტურებულია შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ.

 

მუხლი 9. ლიფტის რეგისტრაცია

ლიფტები ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის” შესაბამისად.

 

 მუხლი 10. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე- 4 მუხლის პირველ, მე-5, მე-6, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-16, მე-20, 21-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 34-ე პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-8 და 22-ე პუნქტებში და მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 11. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-18, 27-ე, 29-ე პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 2. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 12. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

რეგლამენტის მე-10 და მე-11 მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა ყველა სხვა მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.