დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5032 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 11/07/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.002.913 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 371. პროკურორის სარჩელი თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ
თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.“.
2. 44-ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. გამომძიებელი – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადო საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობის პირი, რომელიც გამოძიებას აწარმოებს სრული მოცულობით.“;
ბ) 56-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„56. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების თანამშრომელი, რომლის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც პროცესში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოდ შეცვლილი გარეგნობით ან ხმით.“;
გ) 57-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე და 59-ე ნაწილები:
„58. უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც (რომლებიც) მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
59. დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის (რომელთა) კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს არ აქვს ან იგი (ისინი) მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.“.
3. 61-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.
4. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62. უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობა
1. სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 332-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სააღსრულებო დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე–381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
7. თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
8. თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.
9. ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე.“.
5. 123-ე მუხლის:
ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ასეთი პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (მფლობელის) ხელის მოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ანდა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას. თუ საგნის მესაკუთრე (მფლობელი) აღნიშნულ ვადაში არ დაიბრუნებს თავის კუთვნილ საგანს, საქმის მწარმოებელი ორგანო უზრუნველყოფს მის შენახვას არა უმეტეს 3 თვისა. თუ ასეთ შემთხვევაში საგნის მესაკუთრე (მფლობელი) გადაწყვეტს საგნის დაბრუნებას, იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის საგნის შენახვისა და მოვლის ხარჯებს, რომელთა დღიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი საბაზრო ღირებულების 1%-ს. საგნის შეფასებას ახორციელებს ექსპერტი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროკურორი სასამართლოს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ კოდექსის 2331 მუხლით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად ან უნდა განხორციელდეს მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ამ კოდექსის 2331 მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
6. 140-ე მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ბრალდებულს, მის დამცველს, პროკურორს უფლება აქვთ, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. დამცველის მიერ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, თუ რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც უცნობი იყო აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, და დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ. სასამართლო (მოსამართლე) ზეპირი მოსმენის გარეშე, 24 საათში წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა ამ ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოკვლეულ იქნა თუ არა არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას განხილულ იქნა თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.
18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება.“.
7. 1461 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაკავებიდან გათავისუფლებული პირი ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია, დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. მიმართვიდან ათი დღის ვადაში მოსამართლე ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.“.
8. 159-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალისა და იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს ჩვილი (ერთ წლამდე ასაკის ბავშვი), აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, – გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით. დაპატიმრება გამოიყენება ასევე ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება გამოიყენება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელსაც თუმცა ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული.“.
9. 233-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროკურორის მონაწილეობა მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის, ვადის გაგრძელების ან ამ ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სავალდებუ-ლოა, გარდა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევისა.“.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2331 მუხლი:
„მუხლი 2331. შუამდგომლობა საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ
1. პროკურორი საქმის წარმოების დამთავრებამდე ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით.
2. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, პროკურორის მონაწილეობით. შუამდგომლობის განხილვის შესახებ ეცნობება ნივთის მესაკუთრეს ან მფლობელს (თუ ასეთი ცნობილია), რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ნივთის მესაკუთრის (მფლობელის) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას.
3. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მოსამართლე ნივთიერ მტკიცებულებას მიაქცევს სახელმწიფო საკუთრებაში ან გამოაქვს დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. მოსამართლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს დადგენილება; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
5. მოსამართლის მიერ გამოტანილ დადგენილებაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უნდა აღინიშნოს: დადგენილების გამოტანის დრო და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; ნივთის აღწერილობა და საიდენტიფიკაციო ნიშნები; ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი (თუ ნივთის მესაკუთრე ან მფლობელი უცნობია, მითითება მესაკუთრის (მფლობელის) დაუდგენლობის თაობაზე), სად და ვისთან ინახება იგი; გადაწყვეტილება ნივთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე; დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადები.
6. დადგენილება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია მისი გამოტანიდან შვიდი დღის ვადაში ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს 72 საათის განმავლობაში.“.
11. 243-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:
„11. დამცველის (წარმომადგენლის) მიერ საგამოძიებო კოლეგიისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არასრულწლოვანია, ან აქვს ისეთი ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.
12. საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაში გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
„7. საჩივრის შემტან მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.“;
გ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
10. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.“;
დ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 ნაწილები:
„11. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული წესით შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დადგენილებაზე შეტანილ საჩივარს მოსამართლე განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
12. მოსამართლე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები, გარდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრისა, განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.“.
12. 290-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით (გარდა ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), რის შესახებაც მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, პროკურორმა უნდა აცნობოს 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება ჩაატარა მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მაგისტრატ მოსამართლეს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“.
13. 494-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 494. სასამართლოს (მოსამართლის) გასვლა სათათბირო ოთახში
1. განსასჯელის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სასამართლო (მოსამართლე) გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ადგილზე თათბირით.“.
14. 512-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
15. 513-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. 531-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვაში მონაწილეობს თავისი შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.
17. 5551 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს სასამართლო წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს მხარეებს, ხოლო თუ დაუშვებლად ცნობილია პროკურორის საკასაციო საჩივარი – აგრეთვე ზემდგომ პროკურორს.“.
18. 615-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) დააზუსტოს ქონებაზე ყადაღის საკითხი;“.
19. 623-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 623. განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 6061–611-ე, 618-ე-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს 517-ე–545-ე მუხლებით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში სასამართლო განხილვაში პროკურორი არ მონაწილეობს.“.
20. 657-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-3 და მე-4 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 22 ივნისი.
№5032–Iს
დოკუმენტის კომენტარები