ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1863-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.017291
1863-რს
25/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
080050000.05.001.017291
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის საფუძველზე ცხადდება ამნისტია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამდენი პირები.

   მუხლი 1

   1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება:

   ა) პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან, და რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ნებაყოფლობით განაცხადებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე;

  ბ) პირზე, რომელიც ბრალდებული ან მსჯავრდებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

   2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა ან/და რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული/შექმნილი ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი ამ კანონის ამოქმედებამდე გამოიყენა.

   მუხლი 2

  ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული ფინანსური სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რაც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის საფუძველზე მიღებული იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყოველთვიური შემწეობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული ფინანსური დახმარების სახელმწიფოსათვის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

   მუხლი 3

  1. იმისათვის, რომ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა ისარგებლოს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად პირი ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბ მოწმობას, მან ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ამ პუნქტში მითითებულ ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

   2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულება.

  3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში, ბინადრობის მოწმობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტში, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტში, სხვა სამგზავრო დოკუმენტში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში ან/და სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემ სხვა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით.

  4. იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობაში მითითებული მონაცემების ნამდვილ მონაცემებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აუქმებს შესაბამის დოკუმენტს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ქმედებებს შესაბამის მონაცემთა ბაზაში შესწორების შეტანის მიზნით.

   5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში სამინისტრო პირის შესახებ შესაბამის ინფორმაციას აწვდის სააგენტოს. თუ იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის ყალბი მოწმობა გაცემულია ყალბი დოკუმენტის − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, სააგენტო ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

  6. თუ სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პირის ნებაყოფლობითი მიმართვის გარეშეც, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

   7. იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით ნებაყოფლობით არ განაცხადა ასეთი დანაშაულის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

   მუხლი 4

   1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

   2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

  3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება/პრობაციის ბიურო.

   4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

   მუხლი 5

  ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით.

   მუხლი 6

  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებები გამოსცენ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში.

   მუხლი 7

   ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 დეკემბერი 2013 წ.

N1863-რს