დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016506 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 61-ე და 103-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის თანდართული წესი. |
2.
2014 წლის 1 იანვრამდე, იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის:
ა) გამოქვეყნებისთანავე, განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა; ბ) 2014 წლის 1 იანვარს, განხორციელდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბერს. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციის წესი
მუხლი 1 ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაცია ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 2 1. ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (შემდგომში - მაცნე), საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე. 2. რეგისტრაციის თაობაზე მომართვა მაცნეს ეგზავნება ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების, დადგენილი წესით, ოფიციალური გამოქვეყნებისათვის გადაგზავნისთანავე. 3. რეგისტრაციის თაობაზე მომართვაში აღნიშნული უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
მუხლი 3 1. იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხორციელდება ამ დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ სამუშაო დღეს. 2. იმ ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია, რომლის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში შედის კონკრეტულ კალენდარულ დღეს, ხორციელდება ამ დღეს. 3. მაცნეს ტექნიკური რეგლამენტები შეაქვს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომლის ფორმაც გათვალისწინებულია ამ ბრძანების დანართით. 4. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ტექნიკური რეგლამენტის ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების სათაური, რომლითაც დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი; გ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიღების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი.
მუხლი 4 1. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული წესით. 2. რეესტრი ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე, სპეციალური მითითებით - „ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი“.
დანართი
ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის ფორმა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები