პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი

პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი
დოკუმენტის ნომერი 1006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1006
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016256
პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 28/04/2014)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1006

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების

შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი

 


„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს „პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 1586 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი
პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების

შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს.

2. წესი გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან და მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას – დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის, დამნაშავის შეპყრობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პოლიციაზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურზე დაკისრებული სხვა ამოცანების, აგრეთვე მისი უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას.


მუხლი 2. სპეციალურ საშუალებათა სახეები
1. სპეციალურ საშუალებათა სახეების ჩამონათვალი უნდა შეესაბამებოდეს „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების, კერძოდ, პოლიციელების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:

 ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;

ბ) სპეციალური ხელკეტი;

გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი);

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;

ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება;

თ) სპეციალური საღებავი;

ი) სასამსახურო ძაღლი;

კ) სასამსახურო ცხენი;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

მ) შესაბოჭი ბადე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:

ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;

ბ) რეზინის ხელკეტი;

გ) ცრემლსადენი ან საერთაშორისო კონვენციებით დაშვებული განსაკუთრებული ზემოქმედების გაზი;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;

ზ) წყალმტყორცნი, ჯავშანმანქანა;

თ) სპეციალური საღებავი;

ი) ელექტროშოკური მოწყობილობა;

კ) სასამსახურო ძაღლი.

4. კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სპეციალური საშუალების გამოყენება, განისაზღვრება „პოლიციის შესახებ“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

 


მუხლი 3. სპეციალურ საშუალებათა შენახვა და ტარება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის (შემდგომში – დანაყოფები) და მათი მოსამსახურეებისათვის სპეციალური საშუალებების აუცილებლობას განსაზღვრავს უშუალოდ ამ დანაყოფის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ან მის მიერ უფლებამოსილ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

2. სპეციალური საშუალებების შენახვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საშუალება განპიროვნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ მოსამსახურეზე, მაშინ აღნიშნული საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი.

3. შესაბამისი სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, აღნიშნული საშუალებების ტარებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს დანაყოფის ხელმძღვანელი.


მუხლი 4. სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებოლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“,  „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად.

2. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია  გაფრთხილება.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენება აკრძალულია ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ახორციელებენ შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და უფლებამოსილ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით შეუძლებელია  თავდასხმის მოგერიება.

4. პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.


მუხლი 5. სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგები
1. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს, აგრეთვე აღნიშნული პირის ოჯახის წევრს (თუ ეს შესაძლებელია), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას;

გ) თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

2. საზოგადოებისათვის აქტუალურ და დიდი რეზონანსის მქონე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობისა და კანონშესაბამისობის შესახებ.

 

 



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.