„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 207/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016727
207/ნ
23/12/2013
ვებგვერდი, 23/12/2013
040030000.22.022.016727
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №207/ნ

2013 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №134/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, ს/კ: 040030000.22.022.016654) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   მუხლი 3. უნივერსიტეტის სიმბოლიკა

1. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი სიმბოლიკა, კერძოდ: ჰიმნი, დროშა და გერბი. დროშაზე გამოსახულია გერბი. გერბი წარმოადგენს ოთხველიან ფარს. უნივერსიტეტის ძირითადი ფერია მეწამული.

2. გერბი შედგება შემდეგი ველებისაგან:

ა) პირველი ველი, რომელზეც უნივერსიტეტის დაარსებისას მასში არსებული ექვსი ფაკულტეტის აღსანიშნავად გამოსახულია ექვსი გადაშლილი წიგნი. წიგნებზე უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლების - აკადემიური, სინდისისა და არჩევანის თავისუფლების ნიშნად, ლათინურ ენაზე წერია:  „აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება“; libertas academica, libertas consienciae, libertas arbirtii;

ბ) მეორე ველს დიდი სწორი ჯვრის ფორმა აქვს. მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბოლნურ-კაცხური ჯვარია;

გ) მესამე ველი, რომელზედაც ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული ორი გასაღებია, აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას;

დ) მეოთხე ველი, რომელზეც გამოსახულია სამი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოტარებული პროფესორის ქუდი, რაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარსულს, მათ გაერთიანებასა და ახალი უნივერსიტეტის მომავალს აღნიშნავს.

3. საგერბო ფარის ქვეშ განთავსებულია სადევიზო ბაფთა. სადევიზო ბაფთაზე ლათინურად წერია „LIGAMUS“, რაც ნიშნავს „ჩვენ ვაერთიანებთ“. წარწერა ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს იგი სტუდენტებსა და საზოგადოებას.

4. ფაკულტეტების გერბები იმეორებენ უნივერსიტეტის გერბის სამ ველს (მეორე ველის გარდა), სადევიზო ბაფთის გარეშე:

ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის გერბის მეორე ველზე გამოსახულია ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატის სილუეტი როგორც ფაკულტეტზე წარმოდგენილი ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მრავალი მიმართულების და მათ შორის სინერგიის აუცილებლობის აღმნიშვნელი სიმბოლო;

ბ) ბიზნესის ფაკულტეტის გერბის მეორე ველზე გამოსახულია ზრდის პროცესის სქემატური გამოხატვა როგორც ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კვლევებზე და სტუდენტებში კვლევითი უნარების გამომუშავებაზე ორიენტირების სიმბოლო;

გ) საინჟინრო ფაკულტეტის გერბის მეორე ველზე გამოსახულია ნახევრად გახსნილი გლობუსი, რომლიდანაც მოჩანს საინჟინრო კონსტრუქციის ელემენტები: ეს სიმბოლო ფაკულტეტზე გამოყენებითი კვლევების და დარგების თავმოყრას და მათ სინერგიულ სწავლებაზე მიუთითებს.

დ) სამართლის ფაკულტეტის მეორე ველზე გამოსახულია თემიდას სასწორი, რომლის პინებიც წიგნებია. ეს სიმბოლო მიუთითებს სამართლის საფუძველში სამართლებრივი განათლების არსებობას.

5. ფაკულტეტების ფერებია:

ა) მეცნიერებათა და ხელოვნების - მწვანე;

ბ) ბიზნესის - იასამნისფერი;

გ) საინჟინროს - ლურჯი;

დ) სამართლის - ყვითელი.“.

2. მე-7  მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„7. ინსტიტუტის დირექტორი/დირექტორები, როგორც წესი, არიან უნივერსიტეტის უვადოზე ორიენტირებული ან უვადო კონტრაქტის მქონე პროფესორი ან ასოცირებული  პროფესორი.“.

3. მე-11 მუხლის  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური საბჭოს წევრად  აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

4. მე - 14 მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. ასისტენტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“.

 

ბ)  მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ და „დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“.

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“.

7. 24-ე მუხლის   პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:  

„1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის  შემადგენლობაში შედის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“.

8. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს, რომელიც უნდა იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, ფაკულტეტის საბჭოსა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.“.

9. 27-ე მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს უნივერსიტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

10. 28-ე მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში მოიწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგ(ებ)ის უვადო ან უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“.

11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება დანიშნული იქნეს უვადო ან უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“

12. 31-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.“.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

"31ასისტენტი, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.".

13. 32-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 32. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები  ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არა ნაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.  

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  საბუთების მიღების ვადის ამოწურვამდე, უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე.  

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა, წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და კონკურსის ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების თარიღი.

5. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მიმართვას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუტის დირექტორი ან  ცენტრის ხელმძღვანელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების ინიციატორი შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოც.

6. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსს ატარებს აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭო ან აკადემიური საბჭოს მიერ დანიშნული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან შემდგარი კომისია. კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები წარედგინება  რექტორს.

7. ისეთ ახალდაფუძნებულ ფაკულტეტზე, სადაც არ არის არჩეული ფაკულტეტის საბჭო, კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ხორციელდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.”.

14. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

მუხლი 33. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტის თანამდებობაზე - დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. 

4. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია დოქტორის ხარისხის ფლობის გარეშე პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“ .

15. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს 65 წელს მიღწეულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით, რაც იწვევს დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას.“ .

16. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

,,1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.".

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე