დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4785 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/05/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.842 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო
ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ხოლო ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე, 178-ე (გარდა პირველი ნაწილისა), 179-ე და 2381 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება – იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თორმეტი წელი.“.
2. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.“.
3. 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეციდივის, საშიში რეციდივის ან განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილის წესი.“.
4. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 80. არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი (გარდა ამ კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.“.
5. 184-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 197-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.
7. 414-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებების აშენებამდე ან/და მოდიფიცირებამდე, სადაც თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსდებიან, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელის სახით უნდა შეეფარდოთ ჯარიმა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 23 მაისი.
№4785–Iს
დოკუმენტის კომენტარები