საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.825
  • Word
4718
08/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
080.000.000.05.001.002.825
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

   მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.“.

2. 257-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 257. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება

1. ბუნების ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

3. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

4. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXII1 და XXXII2 თავები:

„თავი XXXII1

დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ

   მუხლი 2591. უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება

1. არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

   მუხლი 2592. კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

   მუხლი 2593. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

   მუხლი 2594. ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა

ძეგლების, არქეოლოგიური ობიექტების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

თავი XXXII2

საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში

   მუხლი 2595. შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის          საერთაშორისო წესების დარღვევა

სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ კულტურულ ფასეულობათა დაცვის საერთაშორისო წესების განზრახ დარღვევა, კერძოდ:

ა) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი მოძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, ქურდობა, ძარცვა ან მითვისება;

ბ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი უძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება;

გ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ უძრავ ძეგლზე, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საარქივო საცავის ან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევისათვის კულტურულ ფასეულობათა შესანახად შექმნილი სპეციალური სამალავის შენობებზე საომარი შეტევის განხორციელება ან ამ შენობების ან მათი ტერიტორიის საომარ ოპერაციებში გამოყენება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.“.

   მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 მაისი.

№4718–Iს