„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 17/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.05.001.002.811
  • Word
4702
27/04/2007
სსმ, 17, 17/05/2007
120.260.040.05.001.002.811
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა

1. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი, მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში და იწოდება კურსანტად. სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში კურსანტს, რომელმაც იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში.

2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი მოქალაქე, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხებიან სამხედრო სასწავლებელში და იწოდებიან მსმენელებად. მსმენელი ითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) ან კადრის სამხედრო სამსახურში მყოფად.“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) არის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;“.

3. 46-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტებს, რომლებიც 2004 წლის 25 დეკემბრამდე გადიოდნენ სამხედრო კათედრის დამამთავრებელ კურსს, სამხედრო კათედრის კურსი ჩაეთვალოთ გავლილად, მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ კანონის მე-10 მუხლი და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც 2009-2010 სასწავლო წლამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებენ საშუალო პროფესიულ განათლებას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4702–Iს