დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 578 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 04/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №578
2009 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
2009-2010 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით:
1. 2009-2010 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა (შემდგომში – სატყეო დეპარტამენტი) უზრუნველყოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების ორგანიზება, რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებისთვის ტყეკაფების დამაგრება და სათბობი შეშის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ერთ კომლზე გასაცემი სათბობი შეშის რაოდენობა განისაზღვროს ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კერძოდ, „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან რეგიონებში – არა უმეტეს 12 მ3, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – არა უმეტეს 7 მ3.
3. სატყეო დეპარტამენტის მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე სათბობი შეშის გაცემა განხორციელდეს შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოსა და საბიუჯეტო ორგანიზაციების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე.
4. საჭიროების შემთხვევაში სატყეო დეპარტამენტი უფლებამოსილია საქართველოს საპატრიარქოს (საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებისათვის) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის) საშეშე მერქნის დამატებით გამოყოფის შესახებ არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიკროუბნებში, შესაძლებლობის ფარგლებში, საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა (მონიშვნა), აღრიცხვა-შეფასების მაუწყებელში მონიშნული ხეების ადგილმდებარეობის (სატყეო უბანი, კვარტალი, ლიტერი) მითითებით შეტანა, ხეების დამაგრება და გაცემა რეგიონალური სატყეო სამმართველოების მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები