დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4700 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 17/05/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.002.809 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება ამ ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში უსასყიდლოდ მიღებული ქონების საბაზრო ფასს შორის;“.
2. 217-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფიზიკური პირის მიერ 6 თვემდე ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წლამდე ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისა), აგრეთვე საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, რის შესახებაც აღნიშნული ფიზიკური პირი იმავე ვადაში წარუდგენს დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს.
9. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციისას (გარდა ფასიანი ქაღალდების, ფიზიკური პირის საკუთრებაში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციისა), აგრეთვე ქონების (გარდა უძრავი ნივთის) საჩუქრად მიღებისას (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ მათთვის ქონების ჩუქებისა და ამ მუხლის მე-11 ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა) მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, მატერიალური აქტივის რეალიზატორ ფიზიკურ პირს ან ქონების საჩუქრად მიმღებ ფიზიკურ პირს აცნობოს წარმოშობილი საგადასახადო ანგარიშგების და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე.“.
3. 273-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და დასახლების დასახელება | საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
მიწის ხარისხი | ||
კარგი | მწირი | |
1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)), მარნეული | 57 | 31 |
2. ბოლნისი, გარდაბანი, თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი | 52 | 27 |
3. რუსთავი, ბათუმი, გაგრა, გალი, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი | 51 | 27 |
4. ქობულეთი, ხელვაჩაური, გურჯაანი, დედოფლისწყარო | 44 | 24 |
5. თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი | 43 | 22 |
6. ყვარელი, გორი, მცხეთა, ახმეტა, დმანისი, ერედვი, თიღვი, თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე – საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება | 39 | 21 |
7. კასპი, თეთრიწყარო, სამტრედია | 38 | 20 |
8. საგარეჯო, ქარელი, ხაშური | 36 | 20 |
9. ქურთა, წალკა | 34 | 19 |
10. აბაშა, ზუგდიდი | 34 | 18 |
11. ახალქალაქი, ახალციხე | 34 | 19 |
12. მარტვილი, სენაკი, ხობი, ფოთი | 33 | 17 |
13. ნინოწმინდა | 33 | 17 |
14. ახალგორი, ვანი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ოზურგეთი | 30 | 15 |
15. ბაღდათი, თერჯოლა, ხონი, ქუთაისი | 28 | 15 |
16. წალენჯიხა, წყალტუბო, ჩხოროწყუ | 24 | 13 |
17. საჩხერე, ცაგერი, ცხინვალი | 22 | 12 |
18. ამბროლაური, დუშეთი, თიანეთი, ადიგენი, ბორჯომი | 18 | 11 |
19. ასპინძა, ტყიბული, ხულო, ქედა | 17 | 9 |
20. შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა, ლენტეხი, ონი, ჩოხატაური, მესტია, სტეფანწმინდა, ჯავა | 13 | 8 |
4. 274-ე მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადს გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელი.
4. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე გადასახადს შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი განაკვეთების მიხედვით გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და მასში ასახოს მხოლოდ დასაბეგრი ქონების დასახელება და აღწერილობა, უძრავი ქონების (გარდა მიწისა) ღირებულება და შეღავათი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას.“;
ბ) მე-10 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 275-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 მაისამდე წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მისი არარსებობის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ზემოაღნიშნულთა არარსებობის შემთხვევაში – დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე ქონების გადასახადის გადამხდელები (გარდა ფიზიკური პირებისა) ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.
2. თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც) შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება.“.
6. 276-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) გაგრაში, გალში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ტყვარჩელში, ცხინვალში, ჯავაში, აგრეთვე ქურთის, ერედვისა და თიღვის თემებში, ავნევისა და ნულის სოფლებში არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;“.
7. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 ნაწილი:
„20. 2007 წლის საგადასახადო პერიოდის მიხედვით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ამ კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაციას წარუდგენენ 2007 წლის 1 ივლისამდე, ხოლო საგადასახადო ორგანო აღნიშნულ გადასახადის გადამხდელს 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას ქონების გადასახადის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 27 აპრილი.
№4700–Iს
დოკუმენტის კომენტარები