დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №799
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის სალიცენზიო პირობების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დანართით განსაზღვრული აუქციონის სალიცენზიო პირობები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ,,ბე“ განისაზღვროს აუქციონის საწყისი ფასის 10 პროცენტით.
4. ამ განკარგულების საფუძველზე გამართული აუქციონის შედეგად გაცემული ლიცენზია ძალაში შევიდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
აუქციონის სალიცენზიო პირობები
1. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
2. აუქციონის ბიჯი განისაზღვრება აუქციონის საწყისი ფასის 10 პროცენტით.
3. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის ძალაში შესვლიდან:
ა) ენერგეტიკული დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულისათვის, გარდა ნავთობისა და გაზისა – 30 წლით (მაქსიმუმ);
ბ) შავი და ფერადი ლითონის მადნებისათვის – 30 წლით (მაქსიმუმ);
გ) სამშენებლო მასალებისთვის – ლიცენზიის ძალაში შესვლისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით;
დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – ლიცენზიის ძალაში შესვლისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.
4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა კოორდინატებში მოქცეულ ფართობზე ზღვის ფსკერიდან 100 მეტრის სიღრმეზე.
| N | X | Y |
| 1 | 4695231 | 7580686 |
| 2 | 4665266 | 7578402 |
| 3 | 4656180 | 7618802 |
| 4 | 4647562 | 7640443 |
| 5 | 4641411 | 7648371 |
| 6 | 4616158 | 7681040 |
| 7 | 4637174 | 7697123 |
| 8 | 4666780 | 7692554 |
| 9 | 4698945 | 7680492 |
| PULKOVO -1942
|
|
|
5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, მარაგების დამტკიცებამდე ამოიღოს და გამოიყენოს სასარგებლო წიაღისეული მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დადგენის მიზნით.
6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს მოპოვების წინარე დაგეგმილი სამუშაოების ეკოაუდიტორული შეფასება, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასების ანგარიშს. აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოამზადოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ნებისმიერი წევრი ქვეყნის კვალიფიციურმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისმა ორგანიზაციამ.
მოპოვების წინარე სამუშაოების დროს ლიცენზიის მფლობელი შეიმუშავებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის ( ,,ჯუგ“ -ის) მკაცრ პრინციპებს, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 6 თვით ადრე, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების მიზნით წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEჩD) ნებისმიერი წევრი ქვეყნის კვალიფიციური, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სათანადო ორგანიზაციის მიერ შემოწმებული (აუდიტირებული) შესაბამისი დოკუმენტაცია.
8. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან 2 წლის ვადისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (,,გზშ“-ის) ანგარიში, რომელიც უნდა მოამზადოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ნებისმიერი წევრი ქვეყნის კვალიფიციურმა, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისმა ორგანიზაციამ.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (,,გზშ“-ის) ანგარიშში უნდა აისახოს მნიშვნელოვანი რისკები და საფრთხეები. ანგარიში, ასევე, უნდა შეიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიური ციკლის აღწერასა და ტექნოლოგიურ სქემას.
9. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (,,გზშ“-ის) ანგარიშის საბოლოო დასკვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, განცხადებით მიმართოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ლიცენზიაში შესატანი ცვლილებები უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დამტკიცებულ მარაგებს;
ბ) ყოველწლიურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობას იმ პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოსაპოვებელი მინიმალური ოდენობა არ იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებული წლიური მაქსიმალური რაოდენობის 25 პროცენტზე ნაკლები.
10. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (,,გზშ“-ს) ანგარიშზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დასკვნა გაცემულია გარკვეული პირობით, აღნიშნული პირობა ლიცენზიის მფლობელისათვის არის სალიცენზიო პირობა და მისი შესრულება სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელისათვის.
11. მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესათანხმებლად, წერილობითი ფორმით წარუდგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ნებისმიერი წევრი ქვეყნის კვალიფიციური და კომპეტენტური არანაკლებ იმ ხუთი ორგანიზაციის სია, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო რეპუტაცია (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არ აქვს უფლება თანხმობაზე უარი განაცხადოს არაგონივრული საფუძვლით).
ზემოაღნიშნულზე შეთანხმება ჩაითვლება მიღწეულად, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოდგენილი სიიდან შეითანხმებს სულ მცირე სამ კვალიფიციურ და კომპეტენტურ ორგანიზაციას. იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უარს განაცხადებს შეთავაზებულ რომელიმე ან ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ ორგანიზაციაზე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წარუდგინოს სხვა კანდიდატურები მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმებული სულ მცირე სამი კანდიდატი ორგანიზაციის სია. ლიცენზიის მფლობელი შეთანხმებული სიის საფუძველზე ირჩევს ერთ ორგანიზაციას.
12. ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, მომდევნო კალენდარული წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგენს შესრულებული სამუშაოებისა და ლიცენზიის პირობების დაცვასთან დაკავშირებულ წერილობით ანგარიშს.
13. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილება სახელმწიფოსა და ლიცენზიის მფლობელს შორის ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი პრინციპით:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან პირველი 6 წლის განმავლობაში შემდეგი პროპორციით: სახელმწიფოს წილი – 30 პროცენტი, ლიცენზიის მფლობელის წილი – 70 პროცენტი;
ბ) მომდევნო 5 წლის განმავლობაში შემდეგი პროპორციით: სახელმწიფოს წილი 50 პროცენტი, ლიცენზიის მფლობელის წილი – 50 პროცენტი ;
გ) ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში შემდეგი პროპორციით: სახელმწიფოს წილი – 60 პროცენტი , ლიცენზიის მფლობელის წილი – 40 პროცენტი.
14. ლიცენზიის მფლობელმა ენერგეტიკული დანიშნულების სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების სრული ციკლი, ხოლო სხვა სასარგებლო წიაღისეულის საწყისი (პირველადი) გადამუშავება უნდა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე.
15. Lლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყოს ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში.
16. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში არ დაიწყებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ყოველწლიური ოდენობა ამ ლიცენზიით განსაზღვრულ მოსაპოვებელ წლიურ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები იქნება, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულისათვის, ლიცენზიაში განსაზღვრული წლიური მოსაპოვებელი მინიმალური ოდენობისთვის. მიუხედავად ზემოხსენებულისა, ლიცენზიის მფლობელი არ თავისუფლდება ლიცენზიითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა მოუპოვებელ სასარგებლო წიაღისეულზე უნდა მოხდეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში ყოველი იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის განმავლობაშიც არ განხორციელდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ან მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ყოველწლიური ოდენობა ლიცენზიით განსაზღვრულ მოსაპოვებელ წლიურ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები იქნება. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ლიცენზიის მფლობელი მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს იხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
17. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში არ დაიწყებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ყოველწლიური ოდენობა ამ ლიცენზიით განსაზღვრულ მოსაპოვებელ წლიურ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები იქნება, ლიცენზიის მფლობელზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, რომლებიც მოიცავს დარღვევის შესახებ შეტყობინებებს, ჯარიმებს და გამოსასწორებელ ღონისძიებებს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში არ დაიწყებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, თითოეული შეტყობინებით გათვალისწინებული ხარვეზის გამოსწორების ვადა არ უნდა იყოს აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 1 კალენდარულ წელზე ნაკლები. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს შესაძლოა გაეგზავნოს ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ შეტყობინება ზედიზედ ორჯერ, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ დადგება ლიცენზიის გაუქმების საკითხი.
ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, იმ შემთხევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა მოპოვებული ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი წლიური მინიმალური ოდენობა, ლიცენზიის მფლობელისადმი გაგზავნილ თითოეულ შეტყობინებაში მიეთითება ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული მოსაპოვებელი წლიური მინიმალური ოდენობის მოპოვების ვალდებულება შეტყობინებაში აღნიშნული დარღვევის წლის მომდევნო კალენდარული წლისათვის.
18. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებისთანავე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს .
19. სასარგებლო წიაღისეულის პირველი წილობრივი განაწილების აქტს ხელი უნდა მოეწეროს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
20. სასარგებლო წიაღისეულის წილობრივი განაწილების აქტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიცენზიის მფლობელს შორის ხელი უნდა მოეწეროს წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით, მაგრამ არა უგვიანეს წინა აქტის ხელმოწერიდან სამი თვის განმავლობაში.
21. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეული წილობრივი განაწილების აქტის ხელმოწერიდან ყოველი მომდევნო წილობრივი განაწილების აქტის ხელმოწერამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფოს წილის ჯამური ოდენობის ფულადი ეკვივალენტი. გადახდა უნდა განხორციელდეს ერთი ტრანზაქციის სახით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით იმ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რომელშიც განსაზღვრული იქნება სასარგებლო წიაღისეულის ფასი მხარეთა მიერ შეთანხმებული ორგანიზაციის (აუდიტორის) მიერ.
22. ნებისმიერი კალენდარული წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეატყობინებს ლიცენზიის მფლობელს, თუ რა სახით უნდა იქნეს მიღებული სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფოს წილი – ნატურით თუ ფულადი ეკვივალენტის სახით, მომავალი კალენდარული წლის განმავლობაში . სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან (პირველი მოპოვება) შესაბამისი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდისათვის ზემოაღნიშნული შეტყობინება სამინისტრომ უნდა გააგზავნოს წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ შეტყობინება არ განხორციელდა დადგენილ ვადაში, სახელმწიფო მიიღებს მისი წილი სასარგებლო წიაღისეულის ფულად ეკვივალენტს 21-ე პუნქტის შესაბამისად.
23. მარაგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ს შესათანხმებლად, წერილობითი ფორმით წარუდგინოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OEС D) ნებისმიერი წევრი ქვეყნის კვალიფიციური და კომპეტენტური არა ნაკლებ იმ ხუთი ორგანიზაციის (აუდიტორის) სია, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო რეპუტაცია (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ აქვს უფლება თანხმობაზე უარი განაცხადოს არაგონივრული საფუძვლით).
ზემოაღნიშნულზე შეთანხმება ჩაითვლება მიღწეულად, თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოდგენილი სიიდან შეითანხმებს სულ მცირე სამ კვალიფიციურ და კომპეტენტურ ორგანიზაციას (აუდიტორს).
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უარს განაცხადებს შეთავაზებულ რომელიმე ან ყველა კვალიფიციურ და კომპეტენტურ ორგანიზაციაზე (აუდიტორზე), ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, წარუდგინოს სხვა კანდიდატურები მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმებული სულ მცირე სამი კანდიდატი ორგანიზაციის (აუდიტორის) სია. ლიცენზიის მფლობელი შეთანხმებული სიის საფუძველზე ირჩევს ერთ ორგანიზაციას (აუდიტორს).
სასარგებლო წიაღისეულის ფასს განსაზღვრავს შერჩეული ორგანიზაცია (აუდიტორი) იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზაციის (აუდიტორის) მიერ და შეთანხმებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიცენზიის მფლობელს შორის.
შეთანხმებული საერთაშორისო ორგანიზაციის (აუდიტორის) შეცვლა დასაშვებია მსგავსი პროცედურის საშუალებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ლიცენზიის მფლობელის ერთობლივი გადაწყვეტილებით.
24. მე-11 და 23-ე პუნქტების მიხედვით შერჩეული საერთაშორისო ორგანიზაციის (აუდიტის) ხარჯებს გაიღებს ლიცენზიის მფლობელი.
25. სახელმწიფოს წილი სასარგებლო წიაღისეულის ფულადი ეკვივალენტი უნდა განისაზღვროს სასარგებლო წიაღისეულის ფასის მიხედვით, რომელსაც ადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია (აუდიტორი). დადგენილი ფასი უნდა წარმოადგენდეს სამართლიან და გონივრულ ფასს. საერთაშორისო ორგანიზაციამ (აუდიტორმა) ყოველწლიურად, კალენდარული წლის დაწყებამდე 60 კალენდარული დღით ადრე უნდა წარმოადგინოს სასარგებლო წიაღისეულის ფასი მომდევნო წლისათვის. სასარგებლო წიაღისეულის ფასი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან (პირველი მოპოვება) შესაბამისი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულების პერიოდისათვის უნდა განისაზღვროს მოპოვების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის განმავლობაში.
26. მე-9 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიაში ცვლილებების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის მფლობელი სახელმწიფო ბიუჯეტში ბონუსის სახით იხდის 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
27. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, მიიღოს თავისი წილი სასარგებლო წიაღისეული ნატურის სახით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიაწოდოს სახელმწიფოს სასარგებლო წიაღისეული საქართველოს ტერიტორიაზე, წინასწარ დათქმულ ადგილზე იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-14 პუნქტით.
28. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულზე გადაიხადოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები