დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 902 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.016233 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02.07.2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობისა და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესსა და პირობებს.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება; დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემჭიდროებულ ვადაში; ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გააჩნია სამართლებრივი უფლება, მოსთხოვოს სააგენტოს მომსახურების გაწევა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მესამე პირი – ნებისმიერი დაინტერესებული პირი, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და მონაცემთა დამმუშავებლისა;“; გ) „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: ი.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია; ი.ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; ი.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; ი.დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: კ.ა) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის შესახებ; კ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; კ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; ლ) დამხმარე ტექნიკური საშუალებები – სავალდებულო რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დამხმარე საშუალებები, რომლებზეც არ გაიცემა სახელმწიფო სანომრე ნიშანი;“; დ) „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „ო) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ო.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ო.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები; პ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემი; ჟ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით; რ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი – სააგენტოს ვებგვერდზე: https:// mypage.sagency.ge ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი; ს) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მიზნებისათვის ეს ტერმინი მოიცავს: ს.ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: ს.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას; ს.ა.ბ) ამ წესის 21 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას – საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემულ მართვის მოწმობას; ს.ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – ბინადრობის მოწმობას ან პასპორტს.“. 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21 1. მომსახურების გაწევისას სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), თავის მიერ დამუშავებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს, მიუხედავად საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილისა. 3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაწყებული მომსახურების გაგრძელება მოითხოვოს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშნული გარემოებების არსებობისას საქმისწარმოებისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის სტრუქტურული ერთეულების მიერ ურთიერთგაცვლის წესი განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ. 4. მომსახურების გაწევისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით. 5. მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ინახება ელექტრონული სახით. 6. თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი მიიღება, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით. 7. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით, ან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში პირის პერსონალური მონაცემები ლათინური ტრანსლიტერაციითაცაა შესრულებული, ან კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის თარგმნის გარეშე წარმოებაში მიღების ვალდებულებას.“. 4. 31 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დეკლარირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;“. 5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მარეგისტრირებელ ორგანოში (სააგენტო) უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გირავნობის გარიგებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი მოგირავნისა და დამგირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.“. 6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 დაინტერესებული პირის მიერ მოგირავნის წერილობითი თანხმობის სააგენტოში წარმოდგენა სავალდებულოა: ა) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილებების შესატანად, თუ ხორციელდება: ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეცვლა; ა.ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ, დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შესავსებად ან აღრიცხვის მოწმობის გამოსაწერად.“. 7. 111 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ დამგირავებლის ან სხვა მოგირავნეების ადგილსამყოფელი უცნობია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მოგირავნემ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება საჯარო შეტყობინების გზით – იმ გზით ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რომელიც გავრცელებულია დამგირავებლის რეგისტრაციის ან საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ამასთან, დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს.“. 8. 141 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის წესი მუხლი 15 1. ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების ან/და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის ნასამართლობისა და ძებნის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დამატებით აღრიცხულია ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უცხო სახელმწიფოში გასამართლების შესახებ, ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა დანართთან ერთად, რომელშიც აისახება აღნიშნული ინფორმაცია. მუხლი 16 1. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით. 2. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი); ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; დ) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო. 8. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 17 ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ ნასამართლობასთან ან/და ძებნასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა; ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება; ვ) არ იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“. 10. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1, III2 და III3 თავები: „თავი III1 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის წესი მუხლი 171 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ. 2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა შეიძლება გაიცეს: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით. 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი); ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; დ) მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 5. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა; ე) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება; ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ზ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები. 7. თუ მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა დასაშვებია: ა) მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან მათი წერილობითი თანხმობით; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 10. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო. 11. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თავი III2 პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის წესი მუხლი 172 1. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ. 2. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი); ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; გ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა; დ) დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება; ე) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ვ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, ცნობის შემდგომი გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ხელახალი მომსახურების განხორციელების გზით). 5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს, დაზუსტების მიზნით, უფლება აქვს მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული) განცხადების საფუძველზე, ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება სააგენტომ შეიძლება განახორციელოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი მოთხოვნის ვებგვერდზე განთავსების (ატვირთვა) გზით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებით დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენისათვის გახარჯული დრო. 8. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თავი III3 ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის წესი მუხლი 173 1. ვებგვერდის მეშვეობით მომსახურების გაწევის მოთხოვნისათვის სავალდებულოა: ა) მონაცემთა სუბიექტის ვებგვერდზე რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაციის დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება (თანხმობის გაცხადებად მიიჩნევა ვებგვერდზე, შესაბამის ფანჯარაში ღილაკის – „დიახ“ დაჭერა). 2. ვებგვერდზე დარეგისტრირებული მონაცემთა სუბიექტის შემდგომი ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითებით. 3. ავტორიზაციის შემდგომ, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების განთავსების (ატვირთვა) გზით მოითხოვოს: ა) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; ბ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა; დ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა; ე) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე თარგმნა; ვ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება. 4. ავტორიზებულმა მონაცემთა სუბიექტმა მომსახურების გაწევისათვის სააგენტოს ვებგვერდზე უნდა განათავსოს (ატვირთოს): ა) მომსახურების გაწევის თაობაზე ელექტრონული სახის განცხადება (მითითებული უნდა იქნეს იმ მომსახურების სახეები, რომელთა მიღებაც მას სურს); ბ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, თუ ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი სააგენტოში მატერიალური სახის დოკუმენტის მიღებას უზრუნველყოფს წარმომადგენლის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებად ჩაითვლება ვებგვერდის შესაბამის ველში მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების განთავსება (ატვირთვა); გ) სააგენტოს ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც უნდა განხორციელდეს მატერიალური სახის დოკუმენტის გაცემა; დ) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე განთავსებულ (ატვირთულ) განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით მომსახურების გაწევის შედეგად დამზადებული მატერიალური სახის დოკუმენტი სააგენტოს მიერ გაიცემა: ა) ავტორიზებულ მონაცემთა სუბიექტზე; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირზე; გ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ ვებგვერდზე მითითებულ საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებაზე (ამ დაწესებულების თანამშრომელზე). 6. სააგენტო არ უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული მატერიალური სახის დოკუმენტის ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის (ან სხვა ადრესატისათვის) გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. 7. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მონაცემთა სუბიექტსა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე აღნიშნული პირების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვან შესრულებაზე. 8. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ვებგვერდზე განთავსებული (ატვირთული) მონაცემების ნამდვილობა. 9. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას სააგენტო უფლებამოსილია: ა) ვებგვერდზე განათავსოს მომსახურების გაწევის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სააგენტოს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მონაცემთა სუბიექტის ავტორიზაცია/რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ იგი მოქმედებს ამ დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით; დ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ მონაცემთა სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, ან არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები; ე) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები. 10. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია: ა) დაიცვას მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესები და პროცედურები; ბ) მომსახურების გაწევამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდა; გ) მიიღოს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მომსახურების გაწევის შედეგად გაცემული (დამზადებული) დოკუმენტი; დ) მომსახურების გაწევისას მოითხოვოს მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება; ე) ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს ველებში მითითებული შესაბამისი მონაცემები.“. 11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და რწმუნება;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები