საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1629-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016023
1629-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 22/11/2013
010190030.06.001.016023
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 2151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2151

   1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

  2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

  3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. 

  4. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.

  5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

   6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციებს), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

  7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

   8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 

  9. თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

  10. თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესი.

  11. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.

  12. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

   13. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

  14. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 

   15. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

   16. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.“.

   მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1629-რს