საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება

  • Word
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 111111111.00.00.016252
  • Word
0
19/11/2013
ვებგვერდი, 19/11/2013
111111111.00.00.016252
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება
პროექტის ავტორი

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - საპროცესო შეთანხმება

 

 

მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და პროკურორს უთანხმდება სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან/და ნაწილობრივ მოხსნაზე.“.

ბ) მე-2-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

 

2. 210-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის 11, 12 და 13 ნაწილები:

„11. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. საქმის განხილვისას, სასამართლო უფლებამოსილია, გაარკვიოს მხარეებს შორის ამ თავით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

12. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია, ბრალდებული გააფრთხილოს საპროცესო შეთანხმების დადების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

13. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.“.

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნის ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, რომელსაც განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე.“.

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის მე-6 ნაწილი:

„6. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი (საპროცესო შეთანხმების ოქმი), რომელშიც ასახულია ბალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკებისპროცესი საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზებიდან სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის მომზადებამდე. საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი უნდა გადაეცეს ბრალდებულს და მის ადვოკატს. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები, რომელიც თან ერთვის ოქმს.“.

 

3. 211-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პროკურორი, ბრალდებული და ბრალდებულის ადვოკატიშეთანხმდებიან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის, ბრალდებულის აღიარება;

გ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მისი ფორმა და შინაარსი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;

ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა;

ვ) მითითება ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2. პროკურორის შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით განაცხადა ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც ასევე უნდა აღინიშნოს განცხადებაში.“.

ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, ასევე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული გამოძიებას აწვდის მამხილებელ ინფორმაციას. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის). ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“.

დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.“.

 

4. 212-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:

ა) საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

ბ) საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს;

დ) ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება;

ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;

ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

ზ) ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

ი) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

ი.ა) დაცვის უფლება;

ი.ბ) უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე;

ი.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა;

კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

ლ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში;

მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

3. მოსამართლე ვალდებულია, განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

4. ბრალდებულზე ზეწოლის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს გაესაუბროს პირისპირ, რათა დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის თანხმობა ნებაყოფლობითია. გასაუბრებას ესწრება მხოლოდ ბრალდებული და ბრალდებულის სურვილის შემთხვევაში, მისი ადვოკატი.“.

 

5. 213-ე მუხლის:              

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თანახმაა გადაუხადოს დაზარალებულს სასამართლოს მიერ ამ თავის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია.“.

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება თუ მას მიაჩნია, რომ ვერ მიიღო დამარწმუნებელი პასუხები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ.“.

გ) მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებანი, მიიღო დამარწმუნებელი პასუხები ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე იხილება შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.

6. სასამართლო უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება საპროცესო შეთანხმების პირობებში მხარეთა თანხმობით, ასევე, დანიშნოს შუამდგომლობით მოთხოვნილ სასჯელზე ნაკლებად მკაცრი სასჯელი მხარეთა თანხმობის გარეშე.“.

 

6. 215-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.“.

 

7. 217-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 217. დაზარალებულის უფლებები საპროცესო შეთანხმების დადებისას“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 ნაწილები:

„11. სასამართლოში საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს სასამართლოს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მოახსენოს ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.

12. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას მოსამართლე უფლებამოსილია ბრალდებულს დააკისროს დაზარალებულის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდის მოვალეობა, რომლის შეუსრულებლობა ჩაითვლება საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევად.

13. დაზარალებულის სასარგებლოდ გადასახდელი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. კომპენსაციის გადახდის მოვალეობის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალეულობის ხარისხს და ბრალდებულის ქონებრივ მდგომარეობას.“.

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიღებული ფულადი კომპენსაცია დაზარალებულს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი. ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას გამოაკლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გადახდილი ოდენობა.“.

 

8. 218-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, რომელსაც განსაზღვრავს 210-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების საფუძველზე. შესაბამისად. მსჯავრდებულის შემთხვევაში, საჯარო ინტერესის განსაზღვრის მიზნით, მხედველობაში მიიღება ასევე სასჯელის მოუხდელი ვადა. შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

 

 

 

 

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება პროკურორის ფართო დისკრეციას ბრალზე და სასჯელზე ბრალდებულთან შეთანხმების პროცესში, ბრალდებულის თანხმობის ნებაყოფლობითობას და პროცესის გამჭვირვალობას სასამართლო კონტროლის განხორციელებას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების პროცესში, საპროცესო შეთანხმების დადებისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, დაზარალებულის მონაწილეობას პროცესში და მისი ინსტერესების სათანადოდ გათვალისწინებას.

 

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევა სამართლიანი სასამართლოს გარანტიების სრული დაცვით, სასამართლოსა და პროკურორის უფლებამოსილებების დაბალანსების, მოლაპარაკების პროცესის გამჭვირვალობის, კანონის განჭვრეტადობის, სასამართლო კონტროლისა და დაზარალებულის პროცესში ჩართულობის გაზრდის გზით. იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხმებით ბრალდებული უარს ამბობს თავის კონსტიტუციურ უფლებაზე თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს სასამართლოში შემცირებული სასჯელის სანაცვლოდ, აუცილებელია დამატებითი გარანტიების დამკვიდრება უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანის უზრუნველსაყოფად.

 

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მრავალასპექტიან რეფორმაში. ეს ეხება სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმის გაუქმებას; დაზარალებულის დამატებითი უფლებებით, მათ შორის, კომპენსაციის მიღების უფლებით, აღჭურვას და მისი მდგომარეობის გაძლიერებას საპროცესო შეთანხმების დადების და დამტკიცების პროცესში; საპროცესო შეთანხმების ოქმის საკანონმდებლო რეგულირებას; საპროცესო შეთანხმების დადებისათვის ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობის ერთმნიშვნელოვან მოთხოვნას, რომლებიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი შედეგების შესახებ ბრალდებულის ჯეროვან ინფორმირებას; ბრალდებულის თანხმობის ნებაყოფლობითობის უზრუნველსაყოფად მოსამართლესთან პირისპირ გასაუბრების ინსტიტუტის შემოღებას; სასამართლოს მიერ პროკურორის მიერ მოთხოვნილი სასჯელის მხარეთა თანხმობის გარეშე შემცირების შესაძლებლობას; საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების ისეთი დამატებითი საფუძვლის შემოღებას, როგორიცაა - გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა და პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების დროს გასათვალისწინებელ გარემოებათა ამომწურავი ჩამონათვალის შემოტანას.

 

კანონპროექტით იცვლება და მოქმედ რედაქციას ემატება საპროცესო შეთანხმების მომწესრიგებელი შემდეგი საკითხები:

 

-         სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმის გაუქმება

სასჯელზე შეთანხმების შესაძლებლობის არსებობა ბრალის არაღიარების პირობებში შესაძლოა წარმოადგენდეს კიდევ ერთ ფაქტორს იმისათვის, რომ ბრალდებული, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობს, დათანხმდეს საპროცესო შეთანხმებას სასჯელის შემსუბუქების მოტივით.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ფორმის გაუქმებას. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს.

 

-         საჯარო ინტერესის დეტალური განმარტება

რადგან პროკურორი ფაქტობრივად შეუზღუდავია იმის შეფასებისას, თუ რა შემთხვევაშია სახეზე საპროცესო შეთანხმების დადადების საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილია, რომ საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს, თუ რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებისას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 210-ე მუხლში რამდენიმე ფაქტორია ჩამოთვლილი, ესენია: ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა და ბრალეულობის ხარისხი.

მეტი სიცხადისა და განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ზემოხსენებული რამდენიმე ფაქტორის ნაცვლად ამომწურავად განისაზღვროს ყველა ის გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც შეიძლება დაიდოს საპროცესო შეთანხმება, კერძოდ, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევა.

 

-         საპროცესო შეთანხმების ოქმი

საპროცესო შეთანხმების დადების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ბრალდებულზე რაიმე ფორმის ზეწოლის გამოსარიცხად, კანონპროექტი ითვალისწინებს რამდენიმე დამცავ მექანიზმს. პირველ რიგში, სიახლეა საპროცესო შეთანხმების ოქმის საკანონმდებლო რეგულირება. საპროცესო შეთანხმებისოქმი უნდა ასახავდეს მოლაპარაკებების წარმოების მთელ პროცესს, სრულად და დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაცვის მხარისთვის და თან უნდა დაერთოს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგება ოქმი (საპროცესო შეთანხმების ოქმი), რომელშიც ასახული იქნება ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზებიდან სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის მომზადებამდე. საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი გადაეცემა ბრალდებულს და მის ადვოკატს. =ბრალდებულს და მის ადვოკატს ექნებათ უფლება საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშნვნები, რომელიც თან დაერთვება ოქმს.

 

-         ბრალდებულზე ზეწოლის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება ბრალდებულს გაესაუბროს პირისპირ

სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლო უნდა დარწმუნდეს რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით.“ სასამართლოს იგივე ვალდებულებაა გაწერილი 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში. კანონი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს მოსამართლისგან იმის შემოწმებას, რომ რაიმე სახის ზეწოლას არ ჰქონდეს ადგილი. ამის შემოწმებისთვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, მოსამართლეს აქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ დაკითხოს ბრალდებული ზეწოლის შესახებ, თუმცა, თუ ეს უკანასკნელი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაღალი ალბათობით, სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრება პროკურორი, ის არ გაამჟღავნებს ზეწოლის ფაქტს. შესაბამისად, იმ გარანტიის გასამყარებლად, რომ საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს ბრალდებულზე ზეწოლის და ძალადობის შედეგი, კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი საკანონმდებლო რეგულირების დამატებას, რომლის თანახმადაც,ბრალდებულზე ზეწოლის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, ბრალდებულთან პირისპირ გასაუბრების შედეგად დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით. გასაუბრებას დაესწრება მხოლოდ ბრალდებული და ბრალდებულის სურვილის შემთხვევაში, მისი ადვოკატი.

 

-         კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო შეამოწმებს, არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი

სსსკ-ის მე-213 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი. თუმცა, მოქმედი ვერსია არ განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. ამ მიზნით, კანონპროექტის თანახმად, მოქმედ ჩანაწერს ემატება მთელი რიგი კრიტერიუმებისა, რომელთა გათვალისწინებითაც, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. შედეგად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის („სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები“) მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თანახმაა და გადაუხადოს დაზარალებულს სასამართლოს მიერ ამ თავის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია.

 

-         საპროცესო შეთანხმების დადებისთვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი

მნიშნველოვანი ცვლილებაა საპროცესო შეთანხმების დადებისას მტკიცებულებითი სტანდარტის ნათლად განსაზღვრა.

 

ამჟამად მოქმედი რედაქციით, პროკურორს მოეთხოვება, რომ სასამართლოს წარუდგინოს დასაბუთებული ვარაუდისთვის საკმარისი მტკიცებულებები, რომ დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამის გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმების დადებისას მტკიცებულებითი სტანდარტი ცალსახად განისაზღვრება, როგორც მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

-         ბრალდებულის ინფორმირებული თანხმობა

ბრალდებულის ინფორმირებული თანხმობის გარანტად კანონპროექტი ითვალისწინებს პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ სასამართლომ შეამოწმოს ინფორმირებულია თუ არა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგის, მათ შორის ნასამართლობის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ამჟამად მოქმედ რედაქციაში გაბნეულია რამდენიმე მუხლში, კანონპროექტი კი ამ მოთხოვნას ხაზს უსვამს და მისი საბოლოო უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სასამართლოს ანიჭებს.

 

ეს ცვლილება ემსახურება განვითარებულ სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში ბრალდებულის თანხმობა უნდა იყოს „ინფორმირებული, გათვითცნობიერებული და ნებაყოფლობითი“.[1]

 

-         საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების დამატებითი საფუძველი

სსსკ-ის 215-ე მუხლში მოცემულია საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების საფუძვლები. საფუძვლების ჩამონათვალს ემატება ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, როგორიცაა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა. შესაბამისად, მსჯავრდებულს უფლება ექნება სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გარეშე.

 

კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ფორმულირების შეცვლას ზემოხსენებულ 215-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც ადგენს რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენი არ საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა. საპირისპიროდ, უფრო სწორი ფორმულირება იქნება იმის აღნიშვნა, რომ განაჩენი საჩივრდება 215-ე მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლებით. სამართლებრივი მართლწერის კუთხით არსებული მოსაზრებების გარდა, ამგვარი ჩანაწერი ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომას, რომ გასაჩივრება არა ასაკრძალი, არამედ წასახალისებელი ქცევაა, რადგან საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაშვებული სამართალდარღვევების აღმოფხვრის გარანტიას წარმოადგენს.

 

-         დაზარალებულის უფლებები

მართალია, 2010 წელს მიღებული სსსკ-ის თანახმად, დაზარალებული არ წარმოადგენს სისხლის სამართალწარმოების მხარეს, მას მაინც უნდა ჰქონდეს უფლებები, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. საერთაშორისო სამართლის კუთხით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება საქმეში დიმიტროვა და სხვები ბულგარეთის წინააღდეგ,[2] რომელშიც სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სისხლის სამართლის პროცესში, მათ შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სხდომაში, მიეღო მონაწილეობა. სასამართლომ აღიშნა, რომ განმცხადებელს არ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი მოსაზრება სასამართლოში, უფრო მეტიც, მას არ მიუღია მონაწილეობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სხდომაში - სასამართლომ არ მოიწვია დაზარალებული, რისი შესაძლებლობაც კანონმდებლობით ჰქონდა. აქვე, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ ბულგარეთის კანონმდებლობით 2003 წლამდე სავალდებულო იყო დაზარალებულის თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა, ეს დებულება შეიცვალა და დადგინდა, რომ თუ საპროცესო შეთანხმება იდება საქმის სასამართლოში წარმართვამდე, დაზარალებულის თანხმობა და მონაწილეობა სავალდებულო აღარ არის, მაგრამ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, თავისი ინიციატივით მოიწვიოს დაზარალებული და მოუსმინოს მას.

 

სსსკ-ის 217-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროკურორს ვალდებულება აქვს გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციის შედეგად პროკურორმა დაზარალებულის სამართლიანი ინტერესები არ გაითვალისწინა, ან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის თვალსაზრისით უსამართლო სასჯელი გაითვალისწინა საპროცესო შეთანხმებაში, დაზარალებულს სასამართლოში ამის რაიმე ფორმით გახმოვანების საშუალება არ გააჩნია.

 

მნიშვნელოვანია დაზარალებულის როლის გაზრდა საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰქონდეს საპროცესო შეთანხმებაზე ვეტოს დადების უფლება.

 

დაზარალებულისთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის განცდა, იმაში დარწმუნება, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა მისი მდგომარეობა.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოვიდეს სასამართლოში, რათა მოისმინონ მისი აზრი[3] , შესაბამისად, დაზარალებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისთვის, წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს სსსკ-ის 21-ე თავში („საპროცესო შეთანხმება“) ცვლილების შეტანას, რომელიც (მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს არ ექნება საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების უფლება) დაზარალებულს მისცემს საშუალებას, მისი სურვილის შეთხვევაში დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას თავისი მოსაზრება სასამართლოში ბრალდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები წერილობითაც წარუდგინოს მოსამართლეს.

 

დაზარალებულმა ასევე უნდა მიიღოს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იდება საპროცესო შეთანხმება ბრალდებულთან - დარწმუნდეს საპროცესო შეთანხმების სისტემის სამართლიანობაში. დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულმა მიიღოს გარკვეული კომპენსაცია.

 

წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებების გაზრდას საპროცესო შეთანხმების ჭრილში იმ მხრივ, რომ: 1) დაზარალებული უფლებამოსილი იქნება მოახსენოს სასამართლოს იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა; 2) საპროცესო შეთანხმების დადების სავალდებულო პირობა იქნება ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპენსაციის გადახდა - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას მოსამართლე უფლებამოსილი იქნება ბრალდებულს დააკისროს დაზარალებულის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდის მოვალეობა, რომლის შეუსრულებლობა ჩაითვლება საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევად.

 

 

-         ტექნიკური ხასიათის ცვლილებები

კანონპროექტით კოდექსში ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. მოქმედ რედაქციაში ქაოტურად არის გაბნეული მუხლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებს აწესრიგებენ. რიგ შემთხვევებში კი სახეზეა დუბლირებაც - რამდენიმე ნორმა იმეორებს იდენტური შინაარსის შემცველ წინადადებას. შესაბამისად, კანონის სიმარტივის უზრუნველსაყოფად შეტანილი ცვლილებები აწესრიგებს მსგავს საკითხებს.

 

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

 ასეთი არ არსებობს.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

 

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტმა, რომელიც ამასთანავე არის სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტის მიმართ რამდენიმე საექსპერტო შეფასება იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტის დამუშავების დროს, თუმცა წარმოდგენლ ვარიანტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება

 

მუხლი 209. საპროცესო შეთანხმების არსი

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.

2. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (მსჯავრდებულს), ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმების დადება.

3. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.

4. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

5. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

7. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული გამოძიებას აწვდის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

 

მუხლი 210. საპროცესო შეთანხმების დადება

1. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგოობ და ბრალეულობის ხარისხი.

4. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

5. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

 

 

მუხლი 211. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის ფორმა

1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

გ) მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული;

ე) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ზომა;

ვ) მითითება ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2. ბრალდებულის წერილობით განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით განაცხადა ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს შუამდგომლობის შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

3. თუ პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატი შეთანხმდებიან თანამშრომლობაზე, პროკურორი ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება შეთანხმების შინაარსი. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებულის ადვოკატი და ბრალდებული.

4. თუ საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, მასში მიეთითება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა.

5. (ამოღებულია – 11.03.2011, №4430).

6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, სადაც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, გარდა ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მუხლი 212. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვა

1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.

2. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

3. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:

ა) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;

ბ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; გ) ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

დ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

ე) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

ე.ა) დაცვის უფლება;

ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ;

ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა;

ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;

ზ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში;

ი) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

4. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ბრალდებულისგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

5. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

 

მუხლი 213. სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე

1. სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.

3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის პროკურორის მიერ წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ წინასასამართლო სხდომის ჩატარებამდე იხილება შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.

6. სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

7. ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

8. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

 

მუხლი 215. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება

1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი არ საჩივრდება, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

4. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

 

მუხლი 217. საპროცესო შეთანხმების დადების შეტყობინება დაზარალებულისთვის

1. საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება.

2. დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.

3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

 

მუხლი 218. ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის/ მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის ან/და მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველია ბრალდებულსა/მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარ პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ.

3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი; მსჯავრდებულის შემთხვევაში დამატებით მხედველობაში მიიღება სასჯელის მოუხდელი ვადა. შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.

4. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში აღინიშნება, რომ თუ ბრალდებული/მსჯავრდებული არ ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, შეთანხმება, მისი პირობების შესაბამისად, ბათილად ჩაითვლება.

5. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს მთავარი პროკურორი.

6. ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრალდებული ითვლება ნასამართლევად.

7. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების, სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

8. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 , 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.

9. მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს განაჩენის გამომტანი პირველი ინსტანციის სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ეს შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 



[1] წესი 11, სისხლის სამართლის პროცესის ფედერალური წესები, ამერიკის შეერთებული შტატები.

[2] დიმიტროვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ,საქმე #44862/04, 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, პარაგრაფი 88.

[3] ევროსაბჭოსადაევროპარლამენტის 2012 წლის 25 ოქტომბრისდირექტივა, მე-10 მუხლი.