საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - განაჩენის აღსრულების გადავადება

  • Word
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - განაჩენის აღსრულების გადავადება
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 19/11/2013
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016249
  • Word
0
19/11/2013
ვებგვერდი, 19/11/2013
000000000.00.00.016249
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - განაჩენის აღსრულების გადავადება
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ - განაჩენის აღსრულების გადავადება

 

მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 283-ე მუხლის:

ა) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი გარემოებების არსებობისას:

 ა) ექიმის ცნობის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების დროს ორსულადაა ან იმშობიარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ვადით;

 ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა თავისუფლების აღკვეთასთან – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

11. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისუფლების აღკვეთასთან შეუსაბამობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ ჩატარებულ და შესაძლებელ მკურნალობას, სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს და მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას.“.

 

ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და13 ნაწილები:

„12. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქცევის მხედველობაში მიღებით.

13. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ან თუ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ვერ დარწმუნდება გადავადების საჭიროებაში, დანიშნოს ზეპირი მოსმენის სხდომა.“.

 

გ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა განსაზღვროს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ბიუროში ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული პრობაციის ბიუროს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

4. მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იღებს განჩინებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე), ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ (ზეპირი მოსმენით).“.

 

დ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„41. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზეპირ მოსმენას ესწრება მსჯავრდებული და მსჯავრდებულის სურვილის შემთხვევაში, მისი ადვოკატი. მოსამართლე უფლებამოსილია, მოუსმინოს სხვა პირებსაც, მათ შორის ექსპერტს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ან/და სხვა საშუალებებით მოიპოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებები. მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, მიიღოს განჩინება სხდომაში მათი მონაწილეობის გარეშე.“.

 

ე) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენით, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს , განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე , განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით , ანდა ზეპირი მოსმენით მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ .“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ---------

 

 

 

 

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი

საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია განაჩენის აღსრულების გადავადების მოქმედი მექანიზმის არაეფექტურობა, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული მარეგულირებელი ნორმის ბუნდოვანებით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში: „კოდექსი“) 283-ე მუხლი ნათლად არ განსაზღვრავს იმ გარემოებებს, თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს განაჩენის აღსრულების გადავადება, რაც პრაქტიკაში იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, ნორმის მიზნის გაურკვევლობა და სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების ან გადავადებაზე უარის განჩინების დაუსაბუთებლად მიღება.[1]

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის ეფექტიანობის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ასევე გადავადების შემდგომი პროცედურების გაუმჯობესება.მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა ნათლად არეგულირებდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გარკვეული ვადით გათავისუფლების - განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის რეფორმაში ისეთი ცვლილებების გზით, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლის განმარტება; განაჩენის აღსრულების გადასავადებლად აუცილებელი „მძიმე ავადმყოფობის“ კრიტერიუმის გაუქმება; ზეპირი მოსმენის გარეშე გადავადებაზე უარის შესახებ განჩინების მიღების დაუშვებლობა; მოსამართლისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების უფლების მინიჭება; ექსპერტიზის დასკვნის სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარდგენის ვალდებულების გაუქმება და პრობაციის ბიუროს კონტროლის დანერგვა ამ პროცესზე; ექსპერტიზის დასკვნის წარდგენისას, განაჩენის აღსრულების გადავადების ძალაში დატოვების გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენით მიღების შესაძლებლობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების აკრძალვა; ორსული და ისეთი მსჯავრდებულის, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე შვილი, ინტერესების დაცვის გარანტიების ნათლად და ცალსახად ჩამოყალიბება.

კანონპროექტით იცვლება განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

-         მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლის განმარტება

მოქმედი რედაქციით განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლად გათვალისწინებულია სასჯელის მოხდისთვის ხელის შეშლა, თუმცა, ბუნდოვანია ამ ჩანაწერის შინაარსი. კანონპროექტით დაკონკრეტებულია და ნათლადაა გაწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი. ცვლილების შედეგად, შესაძლებელია განაჩენის აღსრულების გადავადება გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, იმ შემთხვევაში, როცა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა თავისუფლების აღკვეთასთან. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისუფლების აღკვეთასთან შეუსაბამობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ ჩატარებულ და შესაძლებელ მკურნალობას; ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს; და გ) მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას. ეს ცვლილება შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისუფლების აღკვეთასთან შესაბამისობა განისაზღვრება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობის ადეკვატურობის და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობის შეფასების საფუძველზე.[2]

 

მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობის შეფასებისას, წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე მხედველობაში იღებს ა) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; ბ) მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს; და გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის ქცევას; და ამ გარემოებების გათვალსიწინებით მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთა მაშინ იქნება მიზანშეუწონელი, თუ, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, თავისუფლების აღკვეთის პირობებში ვერ განხორციელდება რესოციალიზაციის მიზანი და ვერ აღდგება სამართლიანობა. აღსანიშნავია, რომ მიზანშეწონილობის განმარტება ასევე შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. სასამართლომ არაერთ საქმეზე გაუსვა ხაზი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევის და მისი საზოგადოებრივი საშიშროების მნიშვნელობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისუფლების აღკვეთასთან შესაბამისობის განსაზღვრისას.[3]

 

 

-         განაჩენის აღსრულების გადასავადებლად ავადმყოფობის სავალდებულო კრიტერიუმის გაუქმება

მოქმედი რედაქციის თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას, მოსამართლე ზედმეტად შეზღუდულია ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, მოსამართლეს უფლება არ აქვს გადაავადოს განაჩენის აღსრულება, თუ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ დაავადება, რომლის საფუძველზეც განიხილება გადავადების საკითხი, არის „მძიმე“. ექსპერტი აფასებს ყოველ კონკრეტულ დაავადებას დამოუკიდებლად, მაშინ, როდესაც შესაძლოა, მსჯავრდებული არ იყოს დაავადებული მძიმე ავადმყოფობით, მაგრამ რამდენიმე დაავადება ქმნიდეს თავისუფლების აღკვეთასთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცვლილება აუქმებს ამ მიდგომას და მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას გადაწყვეტილება მიიღოს ზემოთ განხილული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

 

-         განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების აკრძალვა

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მას მიეცეს სასამართლოსთვის საკუთარი პოზიციის ზეპირად დასაბუთების საშუალება. ცვლილებების თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღება იქნება დაუშვებელი.

 

ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამცირებს განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის შესახებ განჩინების მიღების რისკს იმ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა თავისუფლების აღკვეთასთან.

 

-         განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას, მოსამართლისთვის მტკიცებულებების მოპოვების უფლების მინიჭება

არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსამართლისთვის მტკიცებულებების მოპოვების მინიჭების უფლებას. ცვლილებების თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება, რომ მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის გარდა მოუსმინოს სხვა პირებსაც, მათ შორის ექსპერტს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ან/და სხვა საშუალებებით მოიპოვოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მტკიცებულებები. შესაბამისად, მოსამართლე აღარ იქნება შეზღუდული წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მას ექნება საშუალება, რომ მიიღოს მაქსიმალურად ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

-         განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობის შესახებ საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმება და პრობაციის ბიუროს კონტროლის დანერგვა

დაავადების სიმძიმის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის საჭიროება შეიძლება იყოს ნაკლები სიხშირით, ვიდრე მოქმედი რედაქციით არის განსაზღვრული. ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების და ხარჯების გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულისთვის მინიმუმ წელიწადში ერთხელ მისი ჩატარების ვალდებულების დაკისრება. ცვლილების შედეგად, მოსამართლე თავად, ყოველგვარი საკანონმდებლო მინიმალური მოთხოვნის გარეშე, იქნება უფლებამოსილი განსაზღვროსა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენასა და მის სათანადო ქცევაზე კონტროლი ჰქონდეს პრობაციის ბიუროს.

 

-         ექსპერტიზის დასკვნის წარდგენისას, განაჩენის აღსრულების გადავადების ძალაში დატოვების გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენით მიღების შესაძლებლობა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების აკრძალვა

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ არ მიიღებოდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსჯავრდებული არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ექპსერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ. მოსამართლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ცვლილების შედეგად, მას ასევე ექნება განაჩენის აღსრულების გადავადების ძალაში დატოვების გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენით მიღების შესაძლებლობა.

 

-         ორსული და ისეთ მსჯავრდებულის ინტერსების დაცვის გარანტიების გაზრდა, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე შვილი.

მოქმედი რედაქციით, ორსული მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადასავადებლად აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, რაც არ უნდა ყოფილიყო კანონმდებლის მიზანი, რადგან საკმარისია ექიმის ცნობაც ორსულობის შესახებ. კოდექსის მოქმედი რედაქცია ერთი მხრივ უზრუნველყოფს მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე ვადით განაჩენის აღსრულების გადავადების შესაძლებლობას იმ მსჯავრდებულისთვის, რომელიც ორსულადაა განაჩენის აღსრულების მომენტისათვის, ხოლო მეორე მხრივ არ ითვალისწინებს ისეთი მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების შესაძლებლობას, რომელმაც იმშობიარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში/ რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე შვილი. ცვლილების შედეგად, განაჩენის აღსრულების გადავადება შესაძლებელი იქნება ასეთ შემთხვევებშიც და საკმარისი იქნება ექიმის ცნობის წარდგენა. ამასთან, ასეთი მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეპირი მოსმენით.

 

-         ტექნიკური ხასიათის ცვლილებები

კანონპროექტით კოდექსში ხორციელდება სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

 

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

პროექტის მიღებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

პროექტის მიღებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

შესაძლებელია გამოიწვიოს ფინანსური შედეგები.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

 ასეთი არ არსებობს.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:

კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება

მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება

1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

11 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

2. განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის , კანონიერი წარმომადგენლის ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით.

3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

5. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

6. როდესაც მსჯავრდებულის შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით ათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

7. განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი № 741 – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.

 



[1] იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2012 წლის კვლევა თემაზე: „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა განთავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“, გვ.19.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერმოლენკო უკრაინის წინააღმდეგ“, 51-ე პარაგრაფი, განაცხადის ნომერი 49218/10; 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „ვერბინტი რუმინეთის წინააღმდეგ“, 66-ე პარაგრაფი, განაცხადის ნომერი 7842/04; 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანიანი რუსეთის წინააღმდეგ“, 137-ე პარაგრაფი, განაცხადის ნომერი 46468/06.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საკოპულოს საფრანგეთის წინააღმდეგ“, 44-ე პარაგრაფი, განაცხადის ნომერი 61828/00; 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „გელფმანი საფრანგეთის წინააღმდეგ“, 56-ე პარაგრაფი, განაცხადის ნომერი 25875/03.