მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/11/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
13/11/2013
ვებგვერდი, 18/11/2013
010250020.35.109.016089
მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2013 - 28/10/2014)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2013 წლის 13 ნოემბერი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

 

     „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი“, თანდართული დანართის  შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია



 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ვადით.

 3. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა, კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა.

 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს გათავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას. კომისიის წევრთა რაოდენობა თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 5 და არა უმეტეს 11 წევრისაგან.

 6. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია), მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები, საკრებულოს წევრ(ებ)ი.

 7. კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე მათი თანხმობით (კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით).    კომისიის    წევრი    კომისიის    თავმჯდომარის    გადაწყვეტილებით    კომისიის წევრობიდან შეიძლება განთავისუფლდეს ნებისმიერ დროს პირადი განცხადების ან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. კომისიის განთავისუფლებული წევრის შეცვლა ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ.


მუხლი 2. კომისიის თავმჯდომარე და  თავმჯდომარის მოადგილე
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:

 ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;

 ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;

 გ) კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;

 დ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;

 ე) კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;

 ვ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;

 ზ) საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვს უპირატესი ხმის უფლება;

 თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევებში.


მუხლი 3. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.

 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საპრეტენზიო და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში.

 3. საპრეტენზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.

 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.

 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.

 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.


მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნო შედგება საკრებულოს  და/ან გამგეობის იმ თანამშრომლებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში/ატესტაციაში. სამდივნოს თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით). სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

 2. სამდივნო:

 ა) უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგისტრაციას და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით”  დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;

 ბ) ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;

 გ) უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;

 დ) ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას;

 ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის” შესაბამისად უზრუნველყოფს ტესტირებისა და გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას;

 ვ) ასრულებს ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დავალებებს.


მუხლი 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.


მუხლი 6. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა
 1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება, ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

 2. კომისიის მოწვეულ წევრს (არა საჯარო მოსამსახურეს) კომისიაში მუშაობის დროის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა კომპენსაცია განაცდურისათვის (პირის დღიური სამუშაო ხელფასის შესაბამისად, ხოლო თუ პირი არ მუშაობს, საჯარო მოხელისათვის მივლინების პერიოდში დადგენილი დღიური ნორმის შესაბამისად).

 3. მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის გაღებულ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, დოკუმენტების გამრავლება – დაგზავნა და ა.შ.) ფარავენ პირადი სახსრებით.

 4. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო საკრებულოს და/ან გამგეობის სამსახურის იმ თანამშრომელთა შემადგენლობით, რომლებიც არ ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

 5. კომისიას აქვს ბეჭედი, შტამპი, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბლანკი, კომისიის ბლანკი (მიმართვებისთვის) მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.

 6. კომისიის ბეჭდის, შტამპის, კომისიის ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.


მუხლი 7. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ენა
კონკურსი (კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურები (ტესტირება და გასაუბრება)) და ატესტაცია ტარდება სახელმწიფო ენაზე.

თავი II
კონკურსი

მუხლი 8. კონკურსის ცნება
1. კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.

 2. კონკურსი სავალდებულოა გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.

 3. ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული მოხელის მიერ.


მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზნებია:

 ა) საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

 ბ) ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა;

 გ) მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.

 2. კონკურსის ამოცანებია:

 ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;

 ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.


მუხლი 10. კონკურსის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა –კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; კონკურსის შედეგები უნდა დაეფუძნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება გაზომვას, შემოწმებასა და გადამოწმებას;

 ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისათვის; კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება კონკურსის შედეგს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ შედეგების გადამოწმება და მიიღოს შესაბამისი განმარტება;

 გ) თანასწორობა – კონკურსის ჩატარება უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა;

 დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

 ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრის საშუალებით;

 ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.


მუხლი 11. კონკურსის ჩატარების ეტაპები
1. კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

 ა) მოსამზადებელი ეტაპი;

 ბ) ძირითადი ეტაპი;

 გ) დასკვნითი ეტაპი.

 2. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:

 ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);

 ბ) საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);

 გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას;

 დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას (თუ ეს მოთხოვნები არ არის საკრებულოს დადგენილებით უკვე განსაზღვრული);

 ე) ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას;

 ვ) კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;

 ზ) კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;

 თ) ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 ი) „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;

 კ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ტესტების მომზადებასა და მათ შესაძლო გამოქვეყნებას;

ლ) კონკურსის გამოცხადებას.

 3. კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:

 ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად ჩართვის ან უარის თქმის შესახებ;

 ბ) კანდიდატთა ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას ტესტირების, გასაუბრების ფორმების გამოყენებით.

 4. კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებას, საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.


მუხლი 12. თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა
1. თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა დგება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებით განსაზღვრული ფორმით.

 2. თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შედგენას უზრუნველყოფს საკადრო (ადამიანური რესურსების მართვის) სამსახური/სპეციალისტი შესაბამისი მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგეობის საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 3. თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების საფუძველზე დგინდება მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.


მუხლი 13. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა
1. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.

 2. თვითმმართველობის მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:

 ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;

 ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნებს;

 3. თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:

 ა) მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;

 ბ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.


მუხლი 14. საკონკურსო მოთხოვნების მომზადება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის ძირითადი მოთხოვნებისა და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

 2. საკონკურსო მოთხოვნები აისახება და ქვეყნდება კონკურსის შესახებ განცხადებაში.


მუხლი 15. კონკურსის ჩატარების ფორმები
1. კონკურსის ჩატარების ფორმებია:

ბ) ტესტირება;

 გ) გასაუბრება.

2. ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების  შემოწმებას ტესტების მეშვეობით.

3. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარჩვევების დადგენის მიზნით.

 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ფორმას.

 6. კონკურსის ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ერთი, ისევე ორივე  ფორმა.


მუხლი 16. კონკურსის ჩატარების გრაფიკი
1. კონკურსის ჩატარების გრაფიკში მიეთითება:

 ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომების დრო;

 ბ) კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადები და თანმიმდევრობა;

 გ) კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დრო.

 2. კონკურსის ჩატარების გრაფიკი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.


მუხლი 17. ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადება
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს საკონკურსო პროგრამას.

 2. საკონკურსო პროგრამით განისაზღვრება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული ის საკითხები, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ კონკურსანტებს.

 3. საკონკურსო პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

 


მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსში მონაწილე პირთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის მომზადება და გამოქვეყნება.
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის ჩატარების ფორმებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესს”.

 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა  ტესტირების და გასაუბრების გავლის წესი“ უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.


მუხლი 19. ტესტების მომზადება და გამოქვეყნება
 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ორგანიზებას უწევს საკონკურსო პროგრამიდან გამომდინარე ტესტების მომზადებას.

 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ტესტები შეიძლება იქნეს გამოქვეყნებული (სწორი პასუხის ან სავარაუდო პასუხების მითითების გარეშე) თუ გამოქვეყნებულ ტესტებში მოცემული კითხვების რაოდენობა არანაკლებ 4-ჯერ მეტია კონკურსანტისათვის ტესტირებით გათვალისწინებულ კითხვათა რაოდენობაზე.

 3. ტესტები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნებული უნდა იქნეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.


მუხლი 20. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მთავრდება კონკურსის გამოცხადებით.

2.ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტ - რირებული ვებგვერდის (hr.gov.ge) საშუალებით. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი შესაძლებელია გამოაცხადდეს იმ ბეჭვდით ორგანოში, გამოდის კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.

 3. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:

 ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;

 ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

 გ) შესასრულებელი სამუშაო;

 დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;

 ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;

 ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.

 4. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.

 8. განცხადებების წარდგენის ვადის გათვალისწინებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელზედაც განიხილება კანდიდატის კონკურსში დაშვების საკითხი, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.


მუხლი 21. კონკურსში მონაწილესადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს (მიუხედავად მის მიერ დაკავებული თანამდებობისა), რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს სახელმწიფო ენას და პასუხობს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს.

 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც:

 ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

 ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

 გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

 დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

 ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

 ვ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.


მუხლი 22. კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები
1. მოქალაქე, რომელიც გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში, ვალდებულია კონკურსის დანიშვნის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) კანდიდატის განაცხადის ფორმა (რომელსაც ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია);

 ბ) Curriculum Vitae (CV);

 გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

 დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;

 ე) სამოტივაციო წერილი.

 2. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.

 3. მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი.

 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო იღებს, ამოწმებს და აანალიზებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს.

 6. კანდიდატის კონკურსში დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია განცხადებების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.

 7. კომისიის გადაწყვეტილება და კონკურსანტთა (კონკურსში დაშვებულ პირთა) სია ქვეყნდება  განცხადებების მიღების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.


მუხლი 23. განცხადებების წარდგენა
1. კანდიდატებს უფლება აქვთ კონკურსის გამოცხადების დღიდან კონკურსში მონაწილეობის მიზნით შეიტანონ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო 2014 წლის 1 იანვრამდე კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.

 2. კონკურსის გამოცხადების დღედ, თუ კონკურსის გამოცხადება ხდება, როგორც  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, ასევე ბეჭვდით ორგანოს მეშვეობით, ითვლება ბოლო გამოცხადების დღე (თუ თავდაპირველად აიტვირთა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდა ბეჭვდით ორგანოში, ათვლა დაიწყება ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან).

 3. კანდიდატს კონკურსის გამოცხადების დღიდან ეძლევა არა ნაკლებ 10 დღე განცხადების წარსადგენად. 10 დღიან ვადაში არ ითვლება დასვენების და ,,საქართველოს შრომის კოდექსით” დადგენილი უქმე დღეები.


მუხლი 24. განცხადებების მიღება და რეგისტრაცია
1. განცხადებებს იღებს, კომისიის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს და ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების არსებობას ამოწმებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო.

 2. სამდივნოს მიერ განცხადებების მიღება ხდება დილის 10 საათიდან, საღამოს 18 საათამდე. განცხადებების მიღების ბოლო დღეს 18 საათზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა ერთიან სიაზე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს განცხადებების მიღების დახურვას. ვადის გასვლის შემდეგ განცხადებების მიღება დაუშვებელია.


მუხლი 25. განცხადებების განხილვა
1. განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ კომისიის სამდივნო ამოწმებს მიღებული საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ გადამოწმებას და ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტს კანდიდატთა კონკურსში დაშვების ან კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.

 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს, სამდივნოს მიერ მომზადებულ პროექტებს და კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის კონკურსში დაშვების და კანდიდატის კონკურსში დაშვებაზე უარის თქმის შესახებ.


მუხლი 26. განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
1. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც დაშვებულნი იქნენ კონკურსში, ქვეყნდება განცხადებების მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში. ამავე ვადაში ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსში დაშვებაზე ეცნობება შესაბამისი მიზეზების მითითებით.

 2. კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ კონკურსში დაშვებაზე, უფლება აქვთ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ საპრეტენზიო კომისიაში, რომელიც არა უგვიანეს 3 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას და თავის წინადადებებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს წარდგენიდან 2 დღის ვადაში. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის ეტაპების გავლაში.

 3. თუ გამოცხადებულ თანამდებობაზე არც ერთი განცხადება არ იქნა შემოსული, კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.


მუხლი 27. ტესტირება
1. ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი.

 2. კონკურსანტის ამოცანაა თითოეულ კითხვის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.

 3. ტესტის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით.

 4. პასუხის ფურცელში ტესტის პასუხის გადასწორება, თითოეულ კითხვაზე ერთზე მეტი პასუხის აღნიშვნა, პასუხის არ აღნიშვნა ფასდება 0 ქულით.

 5. ტესტები დგება ადგილობრივ მოხელეთა საკონკურსო პროგრამის შესაბამისად.

 6. ტესტირების გავლისათვის სავალდებულოა კონკურსანტმა სწორი პასუხი გასცეს:

 ა) ხელმძღვანელი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსზე – დასმული შეკითხვების არა ნაკლებ 70%;

 ბ) სხვა თანამდებობის დასაკავებელ კონკურსზე – დასმული შეკითხვების არანაკლებ 50%.

 7. კონკურსანტი, რომელიც მიიღებს ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულზე ნაკლებ ქულას, იხსნება კონკურსიდან.

 8. ტესტირების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით”.


მუხლი 28. გასაუბრება
1. გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით. გასაუბრებისას კომისიაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევა თვითმმართველობის ის თანამდებობის პირი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობა (თუ ეს პირი არ არის კომისიის შემადგენლობაში).

 2. გასაუბრების ჩატარების პროცედურები განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით“.

 3. გასაუბრების შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ ინდივიდუალურად კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.


მუხლი 29. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსის შედეგებს აჯამებს საკონკურსო საატესტაციო კომისია თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად.

 2. საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჯამდება კონკურსგავლილი პირების (კონკურსანტები, რომლებმაც შეძლეს კონკურსის ყველა ეტაპის გავლა) ტესტირების და გასაუბრებისას მიღებული ქულები. კონკურსანტთა მიერ ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კონკურსანტს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო მეტი სტაჟი (სტაჟი მრგვალდება წლის ფარგლებში), თანაბარი სტაჟის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს განათლების უფრო მაღალი ხარისხი. თუ კანდიდატებს შორის ყველა მონაცემი თანაბარია გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ კენჭისყრით.


მუხლი 30. კანდიდატის დასანიშნად წარდგენა
1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან უარი თქვას კანდიდატის წარდგენაზე.

 2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში ეცნობება თითოეულ კანდიდატს და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილ პირს.

 3. კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი კანდიდატი ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე თუ იგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლებამოსილ პირს წარუდგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.

 4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებული იქნეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 31. კონკურსის ჩატარების საჯაროობა
1. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

მუხლი 32. საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების წესი
1. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ასევე უნდა გამოქვეყნდეს იმ ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოდის კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე. კონკურსი ასევე უნდა გამოცხადდეს ადგილობრივი რადიოს და ტელევიზიის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ აგრეთვე უნდა იქნეს განთავსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის  ადმინისტრაციულ შენობებში (მათ შორის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების ადმინისტრაციულ შენობებში) და მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებულ საინფორმაციო დაფებზე.

 2. კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე განთავსებით, აგრეთვე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდებზე.

 3. თუ კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მხოლოდ ამ დოკუმენტის სათაური, მოკლე აღწერილობა და მითითება თუ სად შეიძლება დოკუმენტის სრული ტექსტის გაცნობა.

 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.


მუხლი 33. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1. კონკურსის მიმდინარეობისას პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება შეიძლება წერილობით გასაჩივრდეს იმავე დღეს საპრეტენზიო კომისიაში. საპრეტენზიო კომისია 1 დღის ვადაში განიხილავს და წერილობითი წინადადებით მიმართავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საპრეტენზიო კომისიაში შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. კომისიათა მიერ განცხადებათა განხილვის ვადები შეიძლება იქნეს შემცირებული კონკურსის გრაფიკიდან გამომდინარე, რათა განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატს ქონდეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს გრაფიკით დადგენილ კონკურსის შემდგომი ეტაპების გავლაში.

 3. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს გასაჩივრებული სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


თავი III
მოხელის ატესტაცია

 


მუხლი 34. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:

 ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ ( საატესტაციო პერიოდი) ;

 ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;

 გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

 2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.

 3.  მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ”, „გ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.


მუხლი 35. ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:

 ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;

 ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;

 გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

 დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;

 ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;

 ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;

 ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.


მუხლი 36. ატესტაციის პრინციპები
ატესტაციის პრიციპებია:

 ა) ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;

 ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;

 გ) არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;

 დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;

 ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ;

 ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.


მუხლი 37. ატესტაციის დრო
1. საკრებულოს აპარატში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი საკონკურსო–საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით.

 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიასა და ჩატარების გრაფიკს ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

 4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (განყოფილება), და საკონკურსო–საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი.

 5. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.


მუხლი 38. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო- საატესტაციო კომისია.

 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს დახასიათებას  (რომელსაც ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.

 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.

 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაციული სამსახური.

 5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება ან/და გასაუბრება.

 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო - საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას   მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან   შესაბამისობის დადგენის  მიზნით,  კომისია  ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად    და უსვამს მას კითხვებს მის  სამსახურებრივ  მოვალეობასთან  დაკავშირებულ  საკითხებზე.


მუხლი 39. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე–5 მუხლის შესაბამისად.

 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:

 ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

 ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

 გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

 დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადება მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.


მუხლი 40. ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (რომელსაც ამტკიცებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია).

 3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.

 4. ატასტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.

 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში.

 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.  


მუხლი 41. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.