დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5911 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.003.151 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 და 262 მუხლები:
„მუხლი 261. საერთაშორისო ფინანსური კომპანია
1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთანავე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი განცხადებაში მიუთითებს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.
3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება და რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდექსის 49-ე მუხლში აღნიშნული განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 262. თავისუფალი საწყობის საწარმო
1. თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი.
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქართველოს საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
3. საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:
ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);
ბ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, გარდა საქონლის განადგურებისა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საქონლის გადაცემისა სახელმწიფო საკუთრებაში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტისა;
გ) ამ საწარმოს მიერ განხორციელდა სხვა სამეწარმეო საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა.
4. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
5. თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი:
„მუხლი 263. საერთაშორისო საწარმო
1. საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
3. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:
ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);
ბ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) ამ საწარმოს მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე;
დ) ამ საწარმოზე საქონლის/მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:
დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური მომსახურებისა, საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა მიწოდებისა, მშენებლობისა, მონტაჟისა ან/და დადგმის მომსახურების გაწევისა;
დ.გ) იმ საქონლის მიწოდებისა, რომლის ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%-ს.
4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციისა და სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1421 მუხლი:
„მუხლი 1421. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტება
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 10%-ზე, –
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 100%-ის ოდენობით.“.
4. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“–„ფ“ ქვეპუნქტები:
„ჟ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
რ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს;
ს) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
ტ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
უ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.“.
5. 172-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“–„პ“ ქვეპუნქტები:
„ი) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება;
კ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს;
მ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
ნ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება;
ო) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
პ) თავისუფალი საწყობის საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობიდან საქონლის რეექსპორტით მიღებული მოგება.“.
6. 172-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება.“.
7. 192-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია:
ა) ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში;
ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში;
გ) საქართველოს საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.“.
8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:
„მუხლი 1921. უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა
1. შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება საქართველოში გადასახადის გადახდისას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხებს, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე ან მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით.“.
9. XXVI თავი ამოღებულ იქნეს.
10. 195-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
5. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.
11. 196-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
6. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%-ს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.
12. 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 4%-ით. აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი;“.
13. 213-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ ლიკვიდაციის მიზანი გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაა.“.
14. 216-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 217-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 ნაწილი:
„13. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
16. 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირი (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი), რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს;“.
17. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა;“;
ბ) ჰ2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ3 ქვეპუნქტი:
„ჰ3) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება, აგრეთვე თავისუფალ საწყობში დღგ-ის გადამხდელზე საქონლის მიწოდება.“.
18. 2705 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი.“.
19. 276-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ1 ქვეპუნქტი:
„ჰ1) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება.“.
20. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე ნაწილი:
„33. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 15 მაისამდე წარადგინოს საკანონმდებლო წინადადებები 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%-დან 15%-მდე შემცირების, აგრეთვე დივიდენდებსა და პროცენტებზე განსაზღვრული განაკვეთის განულების თაობაზე.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3–მე-5, მე-7 და მე-10–მე-12 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3–მე-5, მე-7 და მე-10–მე-12 ნაწილები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5911–Iს
დოკუმენტის კომენტარები